16 საათი თოვლის ტყვეობაში და გაყინული მძღოლები - ტრაგედია რუსეთის ორენბურგ-ორსკის ტრასაზე

16 საათი თოვლის ტყვეობაში და გაყინული მძღოლები - ტრაგედია რუსეთის ორენბურგ-ორსკის ტრასაზე

3 იანვარს რუსეთში, ორენბურგ-ორსკის ტრასაზე ძლიერი თოვლისა და ყინვის გამო, 40-კილომეტრიან საცობში რამდენიმე ათეულმა ადამიანმა 16 საათი გაატარა. მძღოლებმა გზის გაგრძელება ქარბუქისა და დაბალი ხილვადობის გამო ვეღარ შეძლეს და საკუთარ მანქანებში გამოკეტილნი თითქმის ერთი დღის განმავლობაში დარჩნენ.

იხილეთ ვიდეო

ოფიციალური ინფორმაციით, ტრასაზე ჩარჩენილი 80 ადამიანიდან ძლიერი მოყინულობით 12 გადაიყვანეს საავადმყოფოებში, მათ შორის - სამი ბავშვი. ერთ მანქანაში სამშობიაროდან ახლადგამოყვანილი ჩვილი იყო. ერთ-ერთი ადგილობრივი, რომელიც შემთხვევის თვითმხილველი გახდა, ყვება, როგორ წვავდნენ მძღოლები ყველაფერს რაც ხელში მოხვდებოდათ, რომ როგორმე გაეძლოთ ძლიერი ყინვისთვის და გამუდმებით ცდილობდნენ დაკავშირებოდნენ სამაშველო სამსახურს დახმარების მისაღებად.

"საშინელი სანახავი იყო, როგორ გამოდიოდა მწყობრიდან წინ მდგარი ავტომობილები, რომლებსაც საწვავი უთავდებოდათ და მანქანის დაქოქვა შეუძლებელი იყო. ერთ-ერთ ასეთი ავტომობილიდან ჩვენს მანქანაში რამდენიმე ახალგაზრდა მოვიდა. სიცივისგან სრულიად გალურჯებულები გვიყვებოდნენ, რომ საწვავისგან დაცლილ, გაყინულ მანქანაში 4 საათი გაატარეს. რადგან ვეღარ გაუძლეს, სხვა ავტომობილებში გადაინაცვლეს. შევიფარეთ და შევძელით მათი გათბობა", - ყვება ერთ-ერთი მგზავრი.

გზაზე ჩარჩენილები უმოქმედობაში ადანაშაულებენ სამაშველო და საგზაო სამსახურების თანამშრომლებს. ისინი უარყოფენ ოფიციალურად გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გზის გაწმენდით ღონისძიებებში ტექნიკა იყო ჩართული. დაზარალებულების თქმით, სწორედ ტექნიკის უქონლობის გამო მოუხდათ მათ "თოვლის ტყვეობაში" რამდენიმე საათის გატარება. თვითმხილველები გაცილებით მეტ დაზარალებულზე საუბრობენ. მათივე ინფორმაციით, ოფიციალური უწყებები მალავენ გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაციას და მხოლოდ ერთი მამაკაცის დაღუპვის შესახებ იუწყებიან.

დაღუპული მამაკაცის ცხედარს მეორე დღეს, 4 იანვარს მიაკვლიეს. გარდაცვლილი ტრასიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით იყო თოვლში ჩაფლული. როგორც ჩანს, ის მანქანიდან გადმოვიდა და სხვა ავტომობილებისკენ მიდიოდა დახმარების სათხოვნელად, დაბალი ხილვადობის გამო კი ორიენტაცია დაკარგა და ტრასიდან გადავარდა.

სახელმწიფო უწყებები მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. ცნობილია, რომ საქმეზე გამოძიება დაწყებულია.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა