ტერაქტის პირველი წუთები ფოტოებში: 28 დაღუპული და ათობით დაშავებული ანკარაში

ტერაქტის პირველი წუთები ფოტოებში: 28 დაღუპული და ათობით დაშავებული ანკარაში

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-ს აღწევს. ამასთან, როგორც "ბიბისი" თურქეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, დაშავებულია 61 ადამიანი.

ანკარის ცენტრში, კიზილაის რაიონში დანაღმული ავტომანქანა 17 თებერვალს, საღამოს აფეთქდა. აფეთქება თურქეთის გენერალური შტაბისა და სამხედროების საერთო საცხოვრებლიდან 300 მეტრის დაშორებით მოხდა, როდესაც სამხედრო მანქანა გადაადგილდებოდა.

თურქეთის დედაქალაქში მომხდარ აფეთქებას ხელისუფლებამ ტერაქტი უკვე უწოდა. მმართველი პარტიის ლიდერის ომერ ჩელიკის განცხადებით, ანკარაში მომხდარი აფეთქება ტერაქტია.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

ნახეთ აფეთქების შემდეგი კადრები

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ თაიპ ერდოღანის თქმით: "ტერაქტები, რომელიც მიმართულია ჩვენი ერის ერთიანობისა და თანასწორუფლებიანობის წინააღმდეგ, მხოლოდ გვაერთიანებს ბოროტებასთან ბრძოლაში. თურქეთის კანონიერი უფლება თავდაცვაზე მსჯელობის საგანი არ არის. ჩვენს უფლებებს გამოვიყენებთ ყველგან და ყოველთვის, როცა საჭიროდ ჩავთვლით" - ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის განცხადებაში.

მომხდარის გამო პრეზიდენტმა ერდოღანმა აზერბაიჯანში დაგეგმილი ვიზიტი გადადო, პრემიერ-მინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ კი, ბრიუსელში ვიზიტი, სადაც მიგრაციული კრიზისის საკითხზე შეხვედრა იყო დაგეგმილი.

როგორც "ბიბისი" წერს, თურქეთის უშიშროების სამსახურები ვარაუდობენ, რომ აფეთქება "ისლამური სახელმწიფოს" ან "ქურთისტანის მუშათა პარტიის" მიერ იყო ორგანიზებული.

თურქეთს ტერაქტის გამო თანაგრძნობას უცხადებს საერთაშორისო საზოგადოება. ამის შესახებ თურქული სააგენტო "ანადოლუ" იტყობინება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე თურქეთს აშშ-ის სახელით "გულწრფელი სამძიმარი" გამოუცხადა.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია "ამ მწუხარე წუთებში თურქეთთან ერთად არის". თურქეთს თანაგრძნობა გამოუცხადეს ასევე საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, საბერძნეთმა, რუმინეთმა, უნგრეთმა, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ და პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კი წერილობით განცხადებაში ანკარაში მომხდარი ტერაქტი დაგმო. ანკარაში მომხდარი ტერაქტი ევროკავშირმაც დაგმო. შესაბამისი განცხადება ევროკომისრებმა ფედერიკა მოგერინიმ და იოჰანეს ჰანმა გააკეთეს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა