რუსეთის სამი საგარეო საქმეთა მინისტრის ქართული ბავშვობა

რუსეთის სამი საგარეო საქმეთა მინისტრის ქართული ბავშვობა

"რუსეთის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელების ქართული ბავშვობა" - სტატია ამ სათაურით ევგენი პრიმაკოვის, იგორ ივანოვისა და სერგეი ლავროვის შესახებ საინტერესო და ბევრისთვის უცნობ დეტალებს ამხელს.

"საქართველოში გიცხოვრიათ? მაშინ მიღებული ხართ" - შესაძლოა, ასეთ მოკლე გასაუბრებას გადიოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთში თანამდებობაზე დანიშვნამდე. ხუმრობა იქით იყოს, მაგრამ რუსეთის 4 მთავარი დიპლომატიდან სამს, ახალგაზრდობის წლები საქართველოში აქვთ გატარებული.

ევგენი პრიმაკოვი

რუსეთის რიგით მეორე საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი პრიმაკოვი კიევში დაიბადა, თუმცა ბავშვობა თბილისში გაატარა. ბავშვის გაჩენიდან მალევე მისი დედა - ანნა პრიმაკოვა თბილისში დაბრუნდა, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობდა. ევგენი თბილისის ყველაზე ინტერნაციონალურ რაიონში იზრდებოდა - პლეხანოვზე, სადაც სხვადასხვა ერების წარმომადგენლები ცხოვრობდნენ: ქართველები, სომხები, ქურთები, ებრაელები, პოლონელები, გერმანელები, რუსები. პრიმაკოვი ბავშვობიდან საუბრობდა ქართულად და სომხურად.

სკოლაში მარნეულში დადიოდა. მეშვიდე კლასის შემდეგ, 1944 წელს სამხედრო-საზღვაო მოსამზადებელ ცენტრში ჩაირიცხა ბაქოში. ორ წელიწადში ჯანმრთელობის გაუარესების გამო გამოუშვეს, რადგან ტუბერკულოზის საწყისი ფორმა აღმოაჩნდა. ეს გახდა მისი თბილისში დაბრუნების მიზეზი, სადაც 1948 წელს მე-14 საშუალო სკოლა დაამთავრა. მასწავლებლები აღნიშნავდნენ, რომ პრიმაკოვი განსაკუთრებულად ნიჭიერი იყო მათემატიკისა და უცხო ენების სწავლაში. სკოლის დასრულების შემდეგ, მან სწავლა რუსეთში გააგრძელა.

საქართველოში გაზრდილმა რუსმა დიპლომატმა ცხოვრება ქართველ ქალს დაუკავშირა - მისი პირველი მეუღლე, რომელთანაც პრიმაკოვს ორი შვილი დარჩა, ლაურა ხარაძე გახლდათ, რომელიც საბჭოთა გენერლის, მიხეილ გვიშიანის შვილი იყო.

იგორ ივანოვი

ივანოვმა არა მხოლოდ ბავშვობა გაატარა საქართველოში, არამედ ის ნახევრად ქართველიცაა - დედამისი ელენე (ელიკო) საღირაშვილი ქართველია. ექვს წლამდე ივანოვი დედის მშობლებთან საქართველოში იზრდებოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბავშვობამ ახმეტაში განვლო. ერთ-ერთ საჯარო გამოსვლაში უკვე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე, მან განაცხადა: "მე მიყვარს საქართველო და ნახევრად ქართველი ვარ".

სერგეი ლავროვი

დიპლომატის ოფიციალურ ბიოგრაფიაში წერია, რომ ის რუსეთში დაიბადა და რუსია. მაგრამ ლავროვის თბილისური წარსულით დიდი ხანია ინტერესდება ქართული პრესა. როგორც მათ მოახერხეს დადგენა, ლავროვი ავლაბარში ცხოვრობდა და 93-ე, ამჟამინდელ 84-ე სკოლაში სწავლობდა. თბილისის სომხური დიასპორის ხელმძღვანელის ვან ბაიბურთის მტკიცებით, ლავროვი ნამდვილად ცხოვრობდა ავლაბარში. თუმცა აღნიშნულ სკოლაში არ უსწავლია, რადგან მშობლებმა ის მოსკოვში მანამდე წაიყვანეს, სანამ სასკოლო ასაკი მოუწევდა. 2005 წელს, ერევნის უნივერსიტეტში სტუმრობისას ლავროვს ჰკითხეს, სომხური წარმომავლობა ხელს ხომ არ გიშლითო. "მე თბილისური ფესვები მაქვს, იმიტომ, რომ მამაჩემი იქიდანაა. ჩემში სომხური სისხლი ჩქეფს და ეს მე არაფერში მიშლის ხელს", - უპასუხა ლავროვმა.

ასეა თუ ისე, საქართველოში გატარებულ ბავშვობას, არ უმოქმედია პრიმაკოვის, ივანოვისა და ლავროვის პოლიტიკურ მოღვაწეობაზე. სამივე იდგა და დგას რუსეთის საგარეო პოლიტიკის ინტერესების სადარაჯოზე.

მომზადებულია sputnik-georgia.ru-ს მიხედვით

"ვენერა რუსული პლანეტაა“ - რუსეთის კოსმოსური სააგენტო

გაამართლა თუ არა კორონავირუსთან ბრძოლის შვედურმა მოდელმა? - "ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იკლებს და ვირუსის გავრცელების ნაკლები რისკი გვაქვს"

ვინც პირბადეს არ გაიკეთებს, COVID-19-ით გარდაცვლილებისთვის საფლავს გაათხრევინებენ - ინდონეზიაში უჩვეულო სასჯელი დააწესეს