წითელი ტერორის პროდუქტი და სტალინის სიკვდილის ბანაკები - გულაგის დაარსებიდან 86 წელი გავიდა

წითელი ტერორის პროდუქტი და სტალინის სიკვდილის ბანაკები - გულაგის დაარსებიდან 86 წელი გავიდა

"როგორ ხვდებიან ამ იდუმალ არქიპელაგზე? იქ ყოველ საათში მიფრინავენ თვითმფრინავები, მიცურავენ გემები, გრუხუნით მიიჩქარიან მატარებლები. მაგრამ ვერცერთ ჩანაწერში თქვენ მის ადგილსამყოფელს ვერ იპოვით. ბილეთების გამყიდველი მოლარეები, "სოვტურიზმის" და "ინტურისტის" აგენტებიც კი გაკვირვებული სახეებით შემოგხედავენ თუ არქიპელაგზე გასამგზავრებელ ბილეთს მოჰკითხავთ. არცერთმა ჩვეულებრივმა მოკვდავმა ამ მისტიურ ადგილზე არაფერი იცის.

ვინც არქიპელაგზე მისი ხელმძღვანელობისთვის მიემგზავრება - შსს-ს სასწავლებელს ამთავრებს, ვინც მისი დაცვისთვის - მათ კომისარიატები იწვევენ, ვინც იქ სიკვდილისთვის მიდის, როგორც ჩვენ, ძვირფასო მკითხველო, დანიშნულების ადგილზე მხოლოდ ერთადერთი შესაძლო გზით - დაპატიმრების შემდეგ ხვდება", - ალექსანდრე სოლჟენიცინი, "არქიპელაგი გულაგი" ტ. 1.

ეს წიგნი, რომელშიც მასიური რეპრესიების, წითელი ტერორის, სტალინის სიკვდილის ბანაკების, პატიმრების ცხოვრებისა და სიკვდილის შესახებ ბევრი საინტერესო ცნობაა მოყვანილი, მალულად 10 წლის განმავლობაში იწერებოდა. ის გულაგის შესახებ ყველაზე სრულყოფილი მხატვრული დოკუმენტია. კონსპირაციის მიუხედავად, ავტორს ის ძვირად დაუჯდა. მოგვიანებით სოლჟენიცინი ნობელის პრემიასაც მიიღებს, თუმცა სამშობლოში მის ნამუშევრებს სხვაგვარად უყურებდნენ. 8 წლიანი პატიმრობის და 3 წლიანი გადასახლების შემდეგ 1974 წელს სოლჟენიცინს მოქალაქეობა ჩამოართვეს და სსრკ-დან გააძევეს.

გულაგი - ყველაზე საზარელი და სამარცხვინო ფურცელი საბჭოთა ისტორიაში. ტირანიის შედეგი, რომელსაც წითელი ხელისუფლება ხალხის წინააღმდეგ ატარებდა. ტერორი, რომელიც დაშინებისა და ფიზიკური მოსპობის გზით, ხალხის მასების მართვას და უპირობო დამორჩილებას გულისხმობდა.

გულაგი (ГУЛаг - Главное управление исправительно-трудовых лагерей - შრომითი-გამოსასწორებელი ბანაკების მთავარი სამმართველო) 1934 წელს ჩამოყალიბდა. თუმცა სიკვდილის წითელმა მანქანამ მოქმედება გაცილებით ადრე - 1918 წელს დაიწყო. ერთი წლის თავზე პირველი იძულებითი შრომითი ბანაკი გაჩნდა. ის თეთრ ზღვაში, სოლოვეცკის კუნძულზე მდებარეობდა. 1923 წელს ბანაკებში საბჭოთა ხელისუფლებით უკმაყოფილო ადამიანების - პოლიტპატიმრების გაგზავნაც დაიწყეს. იმ დროინდელი სასამართლო სისტემა მარტივი პრინციპით მოქმედებდა - ერთ სხდომაზე "ტროიკა" 200-300 საქმეს განიხილავდა. განაჩენზე ფიქრითაც თავს არავინ იწუხებდა - სტანდარტულ ნორმად დახვრეტა ან 10 წლიანი პატიმრობა ითვლებოდა.

1930-იან წლებში დიდი ბელადი დაფიქრდა და მიხვდა, რომ ხალხის დახვრეტას, თითქმის უფასო მუშა-ხელის გამოყენება იმპერიისთვის გაცილებით სჯობდა და პატიმრობას ვადა 25 წლამდე გაზარდა.

სახელმწიფო მანქანა სწრაფად მოქმედებდა. გულაგი, ავთვისებიან სიმსივნესავით მოედო მთელს საბჭოეთს. მისი საცეცები როსტოვიდან-მაგადანამდე, ტაშკენტიდან-მურმანსკამდე გადაიჭიმა. სულ უფრო ხშირად უზარმაზარი ქვეყნის მიყრუებულ ადგილებში სოკოებივით ჩნდებოდნენ ეკლიანი მავლთულით გარშემორტყმული და ფიცრული ბარაკებისგან აგებული ბანაკები. ბანაკები, სადაც საბჭოთა (და არა მხოლოდ) ხალხი დიდი ბელადის, ქვეყნისა და პარტიის წინაშე ჩადენილ დანაშაულს იხდიდა.

პატიმრებს აუტანელ პირობებში უწევდათ ყოფნა. ბევრი მათგანი ეტაპირებისას (ბანაკებში სარკინიგზო ეშელონებით ტრანსპორტირებისას) კვდებოდა. ადგილზე ჩასულები სიკვდილს ნატრობდნენ. ზამთარში მინუს 35-40 გრადუს ყინვაში ხალხი ტაიგაში, ხშირად ზაფხულის ტანსაცმელში, შიშველი ხელებით აშენებდნენ საკუთარ საპატიმროებს. გაქცევის მცდელობისას, პატიმრებს ადგილზევე ხვრეტდნენ. საჭმელი ულუფის სიდიდე თავად პატიმარზე - მის მიერ დღის განმავლობაში გეგმის შესრულებაზე იყო დამოკიდებული. პატიმრების ყოფას ქურდებიც აუარესებდნენ, რომლებიც ბანაკს შიგნიდან აკონტროლებდნენ. ისინი თავად აწამებდნენ და სჯიდნენ პატიმრებს, რომლებიც დამორჩილებაზე უარს ამბობდნენ. ხშირად პატიმრებს ყინვაში გარეთ ბოძზე დაბმულს ტოვებდნენ ან თოკებით გაკოჭილს თოვლში მარხავდნენ. დამარხვის წინ კი სიკვდილისთვის განწირულ ადამიანზე ქურდები ძალადობდნენ და შემდეგ აშარდავდნენ.

განსაკუთრებით აუტანელი იყო ყოფა ქალთა ბანაკებში. პატიმარი ქალების დიდი ნაწილი ბადრაგის და ბანაკის ხელმძღვანელობის მხრიდან გაუთავებელი ძალადობის მსხვერპლი ხდებოდა.

1960 წლამდე, გულაგის გაუქმებამდე, დიდი კობას სიკვდილის ბანაკები 14 მილიოზე მეტმა ადამიანმა გამოიარა (1939-47 წლებში გულაგში თითქმის 74 ათასი ქართველი მოხვდა). მიახლოებითი ცნობებით გულაგში 1,5-დან 2 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა.

თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა ეკონომიკის აშენებაში, გულაგის პატიმრებმა ლომის წილი შეიტანეს. ხუთწლედების მშენებლობებზე სწორედ პატიმრები მუშაობდნენ. მათი აგებულია ბელომორის, ვოლგა-დონის (კომუნიზმის დიდი მშენებლობა), მოსკოვის არხები, 10-მდე ჰიდროელექტრო სადგური, ათეულობით გვირაბი და საკინიგზო მაგისტრალი, სსრკ-ს ბირთვული პროგრამის ობიექტები.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა