რას ყვება არაბი გოგონა მუსლიმი ქალების ცხოვრების წესზე: "თითქოს 18 წელი ციხეში გავატარე..."

რას ყვება არაბი გოგონა მუსლიმი ქალების ცხოვრების წესზე: "თითქოს 18 წელი ციხეში გავატარე..."

ახალგაზრდა არაბი ქალის მონათხრობი მუსლიმი ქალების ცხოვრების წესსა და ჩვეულებებზე საუდის არაბეთში. რას ყვება კონსერვატიულ მუსულმანურ ოჯახში გაზრდილი გოგონა, რომელსაც ევროპული განათლება აქვს და სრულწლოვანი ასაკიდან დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს:

"გამიმართლა - ქვეყნის საუკეთესო კერძო სკოლაში დავდიოდი. ჩემი ცხოვრება 8 წლიდან გამოსაშვებ საღამომდე ერთი და იმავე ადამიანების გარემოცვაში მიმდინარეობდა. სკოლაში 48 მოსწავლე იყო, ინგლისში საცხოვრებლად გადასვლამდე სხვა თანატოლებთან ურთიერთობა არ მქონია. სკოლაში, რა თქმა უნდა, მხოლოდ გოგონები სწავლობდნენ.

რაც შეეხება საგნებს, ძირითადად რელიგიურ დისციპლინებსა და ზუსტ მეცნიერებას გვასწავლიდნენ, ჰუმანიტარული საგნები თითქმის ამოღებული იყო, რაც უცნაურია, ეს ხომ კარგი კერძო სკოლაა! ქვეყანაში განათლება საკმაოდ ცუდია როგორც ბიჭებისთვის, ასევე გოგონებისთვისაც. კერძო სკოლებში, ასეა თუ ისეა, არაოფიციალურ დონეზე დამატებით ცოდნას მიიღებ, სახელმწოფო სკოლებში კი სიტუაცია გაცილების უარესია.

Twitter და Facebook ძალიან პოპულარულია საუდის არაბეთში, ეს ჩემს სკოლაშიც ნათლად ჩანდა. გოგონებს, სხვა საქმე არ აქვთ, გარდა იმისა, რომ მიმოწერით დაკავდნენ. როდესაც Facebook ახალი ხილი იყო, ქალებისთვის არ იყო რეკომენდებული ფოტოების განთავსება. მახსოვს, ჩემი სკოლელები ზურგს უკან როგორ ჩურჩულებდნენ და "ბოზს" მიწოდებდნენ, რადგან ჩემი ფოტოები ავტვირთე სოციალურ ქსელში. ახლა ყველაფერი შეიცვალა, და სწორედ ის გოგონები ინსტაგრამში ყველაზე აუტანელი სპამერები გახდნენ.

ასე ხდება არაბეთის სამეფოში: თავიდან ყველას ეშინია სიახლეების და ჭორაობენ მათზე, ვინც მას იყენებს, შემდეგ კი თავადაც უერთდებიან. არასოდეს მიტარებია ნიქაბი (თავსაბურავი, რომელიც მთლიანად ფარავს სახეს), მაგრამ აბაიას (გრძელი სამოსი, რომელიც მხოლოდ სხეულს ფარავს) ტარება მიწევდა, რადგან ეს კანონშია გაწერილი. როდესაც პატარა ვიყავი, აბაია შავი ფერის უნდა ყოფილიყო. მაგრამ გავხდი 12 წლის და ქალებს სხვადასხვა ფერის სამოსის ტარების უფლება მისცეს. რა თქმა უნდა, საზოგადოებამ თავდაპირველად ნეგატიურად მიიღო - ეს მოდური ტენდენცია ელიტიდან წამოვიდა, მაგრამ თანდათანობით მან მთელი ქვეყანა მოიცვა. ვფიქრობ, ამ უბრალო უფლებამ საზოგადოებისთვის დიდი როლი შეასრულა. გაჩნდა დიზაინერები, ტრენდები, ახალი ფაბრიკები.

საუდის არაბეთში მიღებულია, რომ მამაკაცები პასუხისმგებლები არიან ოჯახის წევრი ქალების რეპუტაციაზე. თუ შენი ძმა ან მამა გაიგებს, რომ ეწეოდი, ან დრო ბიჭთან ერთად გაატარე, ამას სერიოზული სკანდალი მოჰყვება. ქალიშვილი ან ცოლი უნდა დაიცვა ჭორებისგან, თუნდაც გაუმართლებელისგან, ამის ნიადაგზე უამრავი უსიამოვნება ხდება. ჩემი მამის ოჯახი ძალზედ კონსერვატიულია, მათ ძალიან ადარდებთ მითქმა-მოთქმა, დედის ოჯახი - გაცილებით მარტივად უყურებს ასეთ საკითხებს. დღემდე, ზდრასრულ ასაკშიც კი ვუმალავ მათ ბევრ რამეს. საუდის არაბეთის თითქმის ყველა ქალისგან გენიალური ბოროტმოქმედი გამოვიდოდა: მათ მსოფლიოში საუკეთესოდ ეხერხებათ საკუთარ თავზე ინფორმაციის დამალვა და ზედმეტი ყურადღებისგან თავის არიდება.

საუდის არაბეთიდან დიდ ბრიტანეთში საცხოვრებლად გადასვლა დღემდე ციხიდან გათავისუფლებას მაგონებს. თითქოს 18 წელი ციხეში გავატარე. დიდი ხნის განმავლობაში, უბრალო გასეირნება უნივერსიტეტამდე, ან მაღაზიაში სიარული მამაკაცის თანხლების გარეშე, უდიდესი ბედნიერება იყო ჩემთვის. ახლა შემიძლია ნებისმიერი სამოსი ჩავიცვა, ბიჭებთან ერთად სადმე გავერთო.

ნათესავები მამის მხრიდან საშინლად განიცდიდნენ და ბოლო წამამდე ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ მამა, რომ ქალიშვილის დიდ ბრიტანეთში სასწავლებლად გამგზავრება უდიდესი შეცდომაა. მათ ვერ წარმოედგინათ, რომ ქალს შეუძლია მარტო იცხოვროს უცხო ქვეყანაში. ნათესავები დედის მხრიდან კი პირიქით, მხარს მიჭერდნენ. მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთში ქალებს უცხო ქვეყნებში სასწავლებლად გამგზარების ნება 2008 წლიდან დართეს, საზოგადოება ამ ფაქტს ბოლომდე მაინც ვერ შეეგუა. მაგრამ მამამ თავად უცხო ქვეყანაში დაამთავრა უნივერსიტეტი და სურდა, რომ მეც მეცადა. უამრავი საბუთისთვის მოუწია ხელის მოწერა, რომ ნებას მრთავს ვისწავლო საზღვარგარეთ და ა.შ. განსაკუთრებულად რელიგიური ოჯახებისთვის არსებობს სპეციალური სერვისი - 600 ფუნტ სტერლინგად და საცხოვრებელი ხარჯების გათვალისწინებით, ქირაობ სტუდენტისთვის მეურვეს. ეს ძალზედ აბსურდული რამაა!

შინ დაბრუნება ჩემთვის დიდი დილემაა. ერთის მხრივ, ინგლისში მოვახერხებ საკუთარი თავის რეალიზებას, მეორეს მხრივ - ჩემი შინაგანი მე მეუბნება, რომ საკუთარი ქვეყნიდან "ინტელექტუალური რესურსის გადინების" ნაწილი ვხდები. არადა, საუდის არაბეთში პროფესიონალურ სფეროში ქალისთვის მხოლოდ ორი გზა არსებობს: მედიცინა და პედაგოგია. ამჟამად სიტუაცია უმჯობესდება, ძირითადად ნავთობის კომპანიების წყალობით, რომლებსაც დასავლური და ამერიკული ორიენტაცია გააჩნიათ. მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს ქალი-ინჟინერის დასაქმება, მთავარია, სათანადო განათლება ჰქონდეს. სახელმწიფომაც რიგი რეფორმები მიიღო, რომლებიც ქალებს უფლებას აძლევს კერძო სექტორში იმუშაონ. მაგრამ ქალი-მოლარე პირველად მხოლოდ 2012 წელს ვნახე.

ამ რეფორმების მიუხედავად, მომუშავე ქალს საზოგადოება მაინც ცუდი თვალით უყურებს. რელიგიური მამა არასოდეს დაუშვებს, რომ მისმა ქალიშვილმა იმუშაოს ისეთ ადგილას, სადაც არ არის სქესობრივი სეგრეგაცია დაცული: "შეგიძლია იმუშაო, მაგრამ კეთილი ინებე და გააკეთე ეს სკოლაში, სადაც გენდერულ დაყოფას იცავენ, ან ქალთა მაღაზიაში". შესაბამისად, ეს უამრავ ქალს ხელს უშლის კარიერულ ზრდაში, ვინაიდან საერთაშორისო ორგანიზაციები ურთიერთობის დასავლეთის სტანდარტებზე არიან ორიენტირებული. ამასთან, მომუშავე ქალს უყურებენ, როგორც განდეგილს: "ერთი შეხედე, ის არავის სჭირდება და მარტოობაში ამოხდება სული!".

როგორც წესი, გოგონები, რომლების საუდის არაბეთს ტოვებენ და სხვა ქვეყანაში მიემგზავრებიან, ურთიერთობას მაინც არაბებთან იწყებენ. ეს მათთვის გაცილებით იოლია, არ გიწევს დასავლური კულტურის გათავისება. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ხვდებიან, რომ თავისუფლები არიან, ამიტომაც ყველაზე კონსერვატიულ გოგონებსაც კი უჭირთ სამშობლოში დაბრუნება. ზოგიერთი მათგანი ბრუნდება და სურვილი უჩნდება, დაკავდეს ფემინისტური აქტივობით.

სქესთა თანასწორობის მოთხოვნა მასობრივ პარანოიას იწვევს და სექსუალურ რევოლუციასთან ასოცირდება. უფლებების დაცვა, რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი რამაა, მაგრამ საუდის არაბეთში არაკომერციული ორგანიზაციის ღიად დაარსება იოლი არ გახლავთ - უამრავი საბუთია საჭირო, ამიტომაც ამით კერძო კორპორაციები არიან დაკავებული. უამრავი დიდი კომპანიის ბაზაში არსებობს არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც დაკავებული არიან მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საქმით: უმუშევრობის პრობლემებით, ქალთა დასაქმებით, მოზარდი გოგონების განათლების საკითხებით. ჩემი მეგობარი მუშაობს მსგავს ორგანიზაციაში და სასიხარულოა იმის ხილვა, რომ მისი შრომა უკვალოდ არ გადის. თუკი მაგისტრატურის დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებას გადავწყვეტ, აუცილებლად ვეცდები ამ სფეროში მუშაობას".

AMBEBI.GE-სთვის მოამზადა დუდანა ზაქარაიამ

უხანში კორონავირუსით საავადმყოფოს დირექტორი გარდაიცვალა - რა ხდება ვირუსის აფეთქების ზონაში

კოშმარული კარანტინის მე-15 დღე და მცურავ ციხედ ქცეული გემი - "ტანსაცმლის გარეცხვა შეუძლებელია, დროდადრო გვეძლევა გემბანზე გასვლის უფლება"

რუსი მხატვარი პოლიტიკოსის ინტიმური ვიდეოს გავრცელებისთვის დააკავეს - ვინ არის პიოტრ პავლენსკი