Radioliberty
ვლადიმერ პუტინი მანამ, ვიდრე საწინააღმდეგო პოზიციას დაიკავებდა, მხარს უჭერდა სარაკეტო თავდაცვითი სისტემის განთავსების ახალ კონფიგურაციას, რომელიც ბარაკ ობამას ეკუთვნოდა.როდესაც აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმა სექტემბერში განაცხადა, რომ ის უარს ამბობს მაღალტექნოლოგიური რადარების ჩეხეთში, ხოლო თავდაცვითი რაკეტების პოლონეთში განთავსებაზე და ახალი მიდგომა უჭერს მხარს, რომლის თანახმადაც, ინტერცეპტორები სამხრეთ-ევროპაში, ზღვაში განთავსდებოდა, რუსეთის პრეზიდენტმა მის ამ ნაბიჯს ”სწორი და თამამი” უწოდა
მაგრამ თვეების შემდეგ პუტინმა ვაშინგტონს ცოტა არ იყოს საფიქრალი გაუჩინა, როდესაც დეკემბერში უცებ შეცვალა კურსი, ბარაკ ობამას ახალი მიდგომა მკვეთრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის ევროპაში ძირეულად დაარღვევს ძალთა ბალანსს და რუსეთს საპასუხოდ ახალი შეტევითი იარაღის შექმნას აიძულებს.
მას შემდეგ, რაც ერთი წლის წინ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ დადგა დრო ”გადატვირთვის ღილაკის ჩართვისა” ასეთი დაახლოება-დაშორება აშშ-რუსეთის ურთიერთობების ძირითად მახასიათებელად იქცა.
ერთი წლის წინ წარმოთქმულ ამ საბედისწერო ფრაზას მოგვიანებით სახელმწიფო მდივნის მიერ თავისი რუსი კოლეგისთვის სერგეი ლავროვისთვის ”გადატვირთვის” წითელ-ყვითელი პლასტიკური ღილაკის სახუმარო პრეზენტაციაც მოჰყვა, თუმცა იყო რეალური შედეგებიც – შესამჩნევი გაუმჯობესება რიტორიკის, ტონის, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის არსებული ატმოსფეროსი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ გასული ათწლეულის სიმწვავემ, მძვინვარებამ და კონფრონტაციამ ჩაწყნარება იწყო, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ უნდა შეცვალოს ნამდვილი თანამშრომლობის სულისკვეთებამ.
არასანდო მეტოქე
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ არსებულ ვითარებაში ბრალი ნაწილობრივ რუსეთის დღევანდელ ელიტას მიუძღვის, მათ იმ უმრავლესობას, რომლებიც პუტინის გარემოცვას წარმოადგენენ – უსაფრთხოების სამსახურის ვეტერანებს. ისინი კი შეერთებულ შტატებს ისევ ისეთ მეტოქედ განიხილავენ, ვისი ნდობაც არ შეიძლება.
”მთავარი პრობლემა, რაღა თქმა უნდა, შეერთებული შტატებისა და რუსეთის ძალზედ განსხვავებული სტრატეგიული მიზნებია” – ამბობს მოსკოველი სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენგაუერი. ეს არის უფსკრული მიზნებსა და იდეოლოგიებს შორის. ამის გამოა თანამშრომლობა რთული და შეზღუდული“.
ფიოდორ ლუკიანოვი გავლენიანი მოსკოვური ჟურნალის ”რუსეთი გლობალურ სამყაროში” რედაქტორი და ხელმძღვანელი ამბობს, რომ პრობლემები კიდევ უფრო ღრმაა. ”ცივი ომის” დასრულებიდან 20 წლის შემდეგ, ორმა ყოფილმა მეტოქე სუპერ-სახელმწიფომ ჯერ კიდევ რეალურად არ იცის, როგორ ითანამშრომლოს ერთმანეთთან.
”ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილი აშკარაა. ეს ურთიერთობები ობამას ხელისუფლებაში მოსვლამდე ჩიხში იყო შესული” -ამბობს ლუკიანოვი – ”მაგრამ რა უნდათ ამერიკასა და რუსეთს ერთმანეთისგან თანამედროვე სამყაროში? ეს ჯერ კიდევ არ არის ცხადი”.
რუსეთთან ობამას გადატვირთული პოლიტიკის იდეა ასეთი იყო – ისეთი სადაო საკითხებიდან, როგორიცაა ნატო-ს ექსპანსია და სარაკეტო თავდაცვითი სისტემები ყურადღება ისეთ სფეროებზე უნდა გადასულიყო, სადაც ინტერესები თანმხვედრია, მაგალითად შეირაღებათა კონტროლზე, ავღანეთის ომზე, იმაზე რომ აღიკვეთოს ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვება, მაგრამ ერთი წლის შემდეგ შედეგები არაერთგვაროვანია. შეთანხმება სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის ახალ ხელშეკრულებაზე 2008 წლის ბოლოს უნდა მომხდარიყო, იმ დროისთვის როდესაც მოქმედ, ცივი ომის ეპოქის პაქტს ვადა გაუვიდოდა, მაგრამ მოლაპარაკებები უფრო დიდი ხნით გაიწელა, ვიდრე მოსალოდნელი იყო და ანალიტიკოსების აზრით, ახალ შეთანხმებას თვეები დასჭირდება.
შეერთებულ შტატებს უნდოდა და მიიღო კიდეც მოსკოვისგან რუსეთის ტერიტორიის გავლით ავღანეთში სამხედრო ტვირთის გადაზიდვის უფლება, მაგრამ ეს შეთანხმებაც არაერთგვაროვნად სრულდება.
შერეული სიგნალები
როდესაც ირანის ბირთვული ამბიციების ასალაგმად უფრო მკაცრი სანქციების დაწესების პროცესში ვაშინგტონის მხარდაჭერას ეხება საქმე, რუსეთი არაერთგვაროვან სიგნალებს იძლევა. სექტემბრის ბოლოს პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მიანიშნა, რომ აშშ-ს პოლიტიკას მხარს უჭერს და განაცხადა – ”გარკვეული თვალსაზრისით სანქციები გარდაუვალია”, მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ ლავროვმა უკან დაიხია და აღნიშნა, რომ – ”სანქციები და ზეწოლის მუქარა არსებულ სიტუაციაში, ჩვენი აზრით, კონტრპროდუქტიული იქნებოდა”.
ლუკიანოვი ამბობს, რომ რუსეთის ელიტის უმრავლესობის აზრით, შეერთებული შტატები ძალიან ბევრს ითხოვს რუსეთისგან და საპასუხოდ ცოტას სთავაზობს.
”შეერთებულ შტატებში ნაწილს სურს, რომ მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემები გადაწყვიტონ და ამისთვის რუსეთის მხარდაჭერა მოიპოვონ” – ამბობს ის – ”აქამდე ამას შედეგი არ გამოუღია”.
შეერთებულმა შტატებმა საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გამო ძლიერი ზეწოლა შეწყვიტეს. ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობისას სწორედ ეს იყო კონფლიქტის სერიოზული მიზეზიმ, მაგრამ ობამაც და მისი ადმინისტრაციის წევრებიც მუდმივად ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ალიანსის კარი ღიაა და მოსკოვს არ შეუძლია ვეტო დაადოს ამ გადაწყვეტილებას.
რუსეთს კი ამ დროს, სურს რომ ევროპის უსაფრთხოების ”ახალი არქიტექტურის” ფარგლებში შეერთებული შტატები ყოფილ საბჭოთა სივრცეში მისი გავლენის სფეროს არსებობას დაეთანხმოს, რაც ამერიკის ადმინისტრაციისთვის მიუღებელია.
ფელგენგაუერი ამბობს, რომ რუსეთი ცდილობს ყოფილ საბჭოთა სივრცეში იმის მსგავსი რამ მოიპოვოს, როგორიც მოსკოვმა იალტის კონფერენციაზე 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასასრულს ჩუმი თანხმობით მიიღო, როდესაც აღმოსავლეთ- ევროპაში თავისუფალი მოქმედების უფლება მიეცა.
”რუსეთში ამ ტიპის გარიგება შესაძლებლად მიაჩნიათ, მაგრამ შეთანხმების პირობები დასავლეთისთვის მიუღებელია“ – ამბობს ფელგენგაუერი. ”რუსეთი ახალი იალტის ტერმინებში აზროვნებს”.
რა სახის ურთიერთობები?
ურთიერთობათა გადატვირთვის ერთ-ერთი შედეგი ისიც არის, რომ დაახლოებით ათწლეულის შემდეგ პირველად დაიწყო დისკუსია ერთ საკითხზე – შეერთებულ შტატებთან და დასავლეთთან, როგორი სახე უნდა მიიღოს რუსეთის ურთიერთობებმა?
მაგალითად, ბოლოდროინდელ სტატიაში, რომელიც ლუკიანოვის ჟურნალში გამოქვეყნდა ევგენი სევასტიონოვი, კრემლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე წერდა, რომ – ”არ არსებობს გადაულახავი წინაღობები, რომლებიც ხელს შეუშლიდა სრულმასშტაბიან პარტნიორობას” ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის.
”დღეს მსოფლიოში განვითარებული მოვლენები აუცილებლად მოითხოვს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობათა დრამატულ და ისეთ მასშტაბურ რევიზიას, როგორიც მანამდე არ განხორციელებულა“ – წერდა სევასტიანოვი – ”რუსეთს მსოფლიოს უდიდეს ქვეყანას, უზარმაზარი რესურსებით და შეერთებულ შტატებს უმდიდრეს, უძლიერეს, ყველაზე განვითარებულ სახელმწიფოს მსოფლიოში გადაულახავი წინააღმდეგობები არ გააჩნიათ”.
ლუკიანოვი ამბობს, რომ ელიტაში დებატები გრძელდება, მაგრამ მისი თქმით, ვაშინგტონთან ალიანსის მომხრეთა თვალთახედვა ჯერ კიდევ მარგინალურია.
”უმცირესობაა იმ აზრზე, რომ რუსეთს შეერთებულ შტატებთან ალიანსის ჩამოყალიბება ესაჭიროება” – ამბობს ის – არიან ისეთებიც, რომელთაც მიაჩნიათ, რომ რუსეთმა ეს მომენტი, როდესაც ამერიკამ როგორც სჩანს არ იცის რა უნდა, თავის სასარგებლოდ უნდა გამოიყენოს”.
დღეს ანალიტიკოსების თქმით, საგარეო პოლიტიკის მმართველ ელიტაში ერთი აზრია გაბატონებული – შეერთებული შტატები დაასუსტა ეკონომიკური კრიზისის, ერაყისა და ავღანეთის ომების კომბინაციამ და ამიტომ რუსეთმა ვითარება საკუთარი უპირატესობის მისაღწევად უნდა გამოიყენოს.
”რუსეთი დასავლეთსა და შეერთებულ შტატებში თავის მთავარ პოლიტიკურ, იდეოლოგიურ, ეკონომიკურ და სამხედრო მტერს ხედავს. ასე ჩანს ვითარება რუსეთის და არა დასავლეთის თვალით” – ამბობს ფელგენგაუერი – ”ეს ის სერიოზული წინააღმდეგობაა, რომლის გადალახვა ვერ მოხერხდება პატარა წითელღილაკიანი კოლოფის დემონსტრირებით”.
აშშ-ჩინეთის ურთიერთობები
ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა შეიძლება შეიცვალოს და სტრატეგების ერთი წრე მოსკოვში ყურადღებით ადევნებს თვალს იმას, თუ როგორ ვითარდება შეერთებული შტატების ურთიერთობები ჩინეთთან. თუ გასული წლის მიუნჰენის კონფერენციაზე გადატვირთვა მთავარი თემა იყო, წლევანდელი შეკრება, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლით იხსნება და მოსალოდნელია, რომ აქცენტები პეკინის მზარდ გავლენაზე გაკეთდება.
ისევე როგორც რუსეთთან, ობამამ თავიდანვე სცადა ხმა მიეწვდინა ჩინეთისთვის. ის იმედოვნებდა, რომ პეკინი მხარს დაუჭერდა ირანის სანქციებთან დაკავშირებით, დაეთანხმებოდა სასათბურე აირის ემისიის შეკვეცაზე, გადააფასებდა თავის ვალუტას, რომელსაც ვაშინგტონის რწმენით პეკინი ხელოვნურად უნარჩუნებს დაბალ ღირებულებას, რათა ექსპორტი გააძლიეროს.
ახლა ობამამ ჩინეთთან დაკავშირებით უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავა და ლუკიანოვის თქმით, მოსკოვი ამას ყურადღებით აკვირდება.
”დაიწყო საინტერესო პერიოდი – შეერთებული შტატები ცდილობს ჩინეთს აჩვენოს, რომ ამერიკა მსოფლიოს ძლიერ ლიდერად რჩება” – მბობს ლუკიანოვი – ”ამ მცდელობების შედეგი სერიოზულ გავლენას მოახდენს რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებზე”.
”თუ ჩინეთი შეერთებულ შტატებთან პირისპირ თავისი პოლიტიკური ძალის დემონსტრირებას შესძლებს, მაშინ ეს რუსეთში იმათ პოზიციას განამტკიცებს, ვისაც მიაჩნია, რომ ამერიკული დომინირების ეპოქა დასრულდა და რუსეთმაც შესაბამისად უნდა იმოქმედოს, მაგრამ თუ მოვლენები სხვა გზით წარიმართა, მაშინ განმტკიცდება ის თვალთახედვა, რომლის თანახმადაც ამერიკის ძალა გასათვალისწინებელი რამაა”.
ბრიან ვაითმორი
ForeignPress













