ვინ არის მამაკაცი, რომელმაც ორლანდოში სასაკლაო მოაწყო - ტრაგედიის ყველა დეტალი

ვინ არის მამაკაცი, რომელმაც ორლანდოში სასაკლაო მოაწყო - ტრაგედიის ყველა დეტალი

12 ივნისს გამთენიისას, ამერიკის ქალაქ ორლანდოში სროლების შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა, დაჭრილების რიცხვი 53-ს აღწევს. მათ შორის რამდენიმე კრიტიკულ მდგომარეობაშია. ცეცხლი ახალგაზრდა მამაკაცმა ორლანდოს გეი-კლუბ Pulse-ში გახსნა. თავდამსხმელის ლიკვიდაცია სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე განახორციელეს. ის 29 წლის ომარ მატინი აღმოჩნდა.

მასობრივი მკვლელობისთვის პასუხისმგებლობა უკვე აიღო დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ". შესაბამისი ინფორმაცია ტერორისტული დაჯგუფების კუთვნილმა მედიასააგენტომ "ამაქმა" გაავრცელა. "ფლორიდას შტატის ქალაქ ორლანდოში თავდასხმა გეი-კლუბზე "ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკმა განახორციელა", - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ამერიკული მედია იტყობინება, ეთნიკურმა ავღანელმა ომარ მატინმა ისლამისტების ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ერთგულების ფიცი დადო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მატინმა სასაკლაოს მოწყობამდე 911-ზე დარეკა და აბუ ბაქრ ალ-ბაღდადისადმი ერთგულება დაადასტურა. მან სატელეფონო საუბრისას ძმები ცარნაევებიც მოიხსენია, რომლებმაც 2013 წელს ბოსტონის მარათონის დროს ტერაქტი განახორციელეს (ბოსტონის ტერაქტს 6 ადამიანი ემსხვერპლა, 300-მდე კი სხეულის სხვადასხვა დაზიანებით მოათავსეს საავადმყოფოში).

დაათვალიერეთ ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

აშშ-ის ხელისუფლებას თავდამსხმელისა და ისლამისტების კავშირზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა როგორც გამოძიებათა ფედერალურ ბიუროში აცხადებენ, თავდამსხმელი რადიკალური ისლამის მიმართ ლოიალურად იყო განწყობილი.

სამართალდამცველებმა დაკითხეს მატინის ექს-მეუღლე. როგორც მან პოლიციაში განაცხადა, ყოფილი ქმარი ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანი იყო. ქალის ინფორმაციით, ყოფილი მეუღლე მას ხშირად ფიზიკურად უსწორდებოდა და ნათესავებთან ურთიერთობას უკრძალავდა. მატინის მეუღლის ცნობით, თავდამსხმელი ჰომოფობი იყო, თუმცა რადიკალური ექსტრემიზმით არ გამოირჩეოდა.

ტრაგედიას გამოეხმაურა აშშ-ის პირველი პირი. პრეზიდენტმა ორლანდოში მომხდარ ტრაგედიას "ტერორისა და სიძულვილის აქტი" უწოდა. სპეციალურ ვიდეომიმართვაში ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ მომხდარი კიდევ ერთხელ შეხსენებაა, რომ თავდასხმა აშშ-ის ნებისმიერ მოქალაქეზე არის თავდასხმა ყველა ამერიკელზე. "ჩვენ არ შეგვეშინდება და ერთმანეთის წინააღმდეგ არ განვეწყობით. ამის ნაცვლად ჩვენ ვიქნებით ერთად იმისთვის, რომ ჩვენი ხალხი, ჩვენი ერი დავიცვათ და მივიღოთ ზომები მათ წინააღმდეგ, ვინც გვემუქრება", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა