საკონცენტრაციო ბანაკები აშშ-ში - როგორ უსწორდებოდნენ ამერიკაში მცხოვრებ იაპონელებს პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ

საკონცენტრაციო ბანაკები აშშ-ში - როგორ უსწორდებოდნენ ამერიკაში მცხოვრებ იაპონელებს პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ

ომს საკუთარი კანონები აქვს. როდესაც წინა ხაზზე სიკვდილი და ნგრევაა, ზურგშიც მკაცრი კანონები მოქმედებს. საომარი მოქმედებების სიმწარე ფრონტზე მყოფ სამხედროებთან ერთად, ზურგში მყოფმა მშვიდობიანმა მოსახლეობამაც "იგემა". ამ შემთხვევაში, საუბარი არაა მტრის ჭურვებსა თუ ბომბებზე. გაცილებით უფრო მძიმეა, როდესაც საბრძოლო მოქმედებების გამო, ხელისუფლება სხვადასხვა ეროვნების ადამიანთა გადასახლებისა და მათი რეზერვაციაში მოქცევის გადაწყვეტილებას იღებს.

მეორე მსოფლიო ომის დროს სტალინის ბრძანებით ასი ათასობით ადამიანი აყარეს და ურალის ქედს იქით გადაასახლეს. მხოლოდ 1941 წლის გაზაფხულის მიწურულს, 2 კვირის განმავლობაში გადასახლება 10 ათას ესტონელს, 15,5 ათას ლატვიის მოქალაქესა და 29,8 ათას ლიტველს, ბელორუს, უკრაინელსა და მოლდოველს შეეხო. ნაცისტური გერმანიის ხელისუფლება გადასახლებაში პოლონელებს უშვებდა. ებრაელებს კი გეტოებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში უკრავდა თავს. საკუთარი წვლილი ხალხის მასიურ ინტერნირებაში (გადასახლებაში) აშშ-საც აქვს შეტანილი.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე (უმეტესად კალიფორნიაში) 127 ათასამდე იაპონელი ცხოვრობდა. მათგან 62% აშშ-ის მოქალაქე იყო. იაპონელები ამერიკის საზოგადოების სრულფასოვანი წევრები იყვნენ. დამოკიდებულება 1941 წლის 7 დეკემბრის შემდეგ შეიცვალა.

პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ, ამერიკამ იაპონიას ომი გამოუცხადა. რამდენიმე კვირაში უშიშროების სამსახურების ხელშეწყობით, ამერიკაში მცხოვრები იაპონელების წინააღმდეგ მიმართული კამპანია აგორდა. საქმეს პრესაც უწყობდა ხელს. წლების განმავლობაში კალიფორნიაში უპრობლემოდ მცხოვრები ათასობით იაპონელი, ორიოდე დღეში სახელმწიფო მტრად და ჯაშუშად იქცა. 1942 წლის 14 იანვარს, პრეზიდენტის განკარგულებით, უშიშროების სამსახურებს ამერიკაში მცხოვრები ყველა გერმანელის, იტალიელისა და იაპონელის აღრიცხვა და კონტროლზე აყვანა დაევალა. ამ ეროვნების მოქალაქეებს კატეგორიულად ეკრძალებოდათ სამხედრო ბაზებთან მიახლოება.

19 თებერვალს რუზველტმა ახალი ბრძანება გამოსცა. ამიერიდან სამხედროებს ქვეყნის ნებისმიერი ტერიტორიის "სამხედრო ზონად" გამოცხადებისა და ამ ტერიტორიიდან ნებისმიერი არასასურველი მოქალაქის გამოსახლების უფლება მიეცათ. პირველ რიგში, ინტერნირება იაპონელებს შეეხო.

მალევე აშშ-ის ტერიტორაზე გადასახლებული იაპონელებისთვის 10 ბანაკი აშენდა. მავთულხლართებით შემოღობილ ბანაკებს, სადაც ხალხი ხის ბარაკებში ცხოვრობდა, შეიარაღებული პირები იცავდნენ. საგულისხმოა, რომ გადასახლება იმ იაპონელებსაც შეეხო, რომლებიც აშშ-ის მოქალაქეები იყვნენ.

გერმანულ საკონცენტრაციო ბანაკებთან შედარებით, გადასახლებული იაპონელები უკეთეს პირობებში იყვნენ. თუმცა ტოლით გადახურული ხის ბარაკები მათ წვიმისა და სიცივისგან ვერ  იცავდა. ერთ ადამიანზე დღეში 45 ცენტი იყო გამოყოფილი. მავთულხლართების მიღმა აღმოჩენილ იაპონელებს კარგად ექცეოდნენ. ფიზიკური ან რაიმე სხვა ტიპის დასჯა იშვიათი მოვლენა იყო. მაგრამ გაქცევის მცდელობის შემთხვევაში, ბადრაგი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას არ ერიდებოდა. პერიოდულად უფასო მუშახელს ამერიკელები სასოფლო-სამეურნეო მიზნით იყენებდნენ. დანარჩენი დრო იაპონელები სრულ იზოლაციაში იყვნენ.

აშშ-ში იაპონელების დევნა მხოლოდ 1945 წლის დასაწყისში შეწყდა. გადასახლებულებს სახლში დაბრუნების უფლება მისცეს. ბანაკებიდან გამოშვებულ იაპონელებს 25-25 დოლარს და მატარებლის ბილეთს აძლევდნენ. უკანასკნელი ბანაკი 1946 წელს დაიხურა.

1960-იან წლებში, საკუთარი უფლებების დაცვისა და კომპენსაციების მიღების მიზნით, იაპონელების გამოსვლები დაიწყო. პირველ წარმატებას იაპონურმა მოძრაობამ 1976 წელს მიაღწია, როდესაც პრეზიდენტმა ფორდმა ინტერნირებას "არასწორი ნაბიჯი" უწოდა. 1983 წელს კონგრესის სპეციალურმა კომისიამ იაპონელთა გადასახლებას რასიზმი უწოდა. 1988 წელს, პრეზიდენტ რეიგანის ბრძანებით, ყოველი გადასახლებული კომპენსაციის სახით 20 ათას დოლარს მიიღებდა (ჯამური თანხა 1,2 მლრდ). 4 წლის თავზე კომპენსაციების სრული გაცემისთვის ბიუჯეტიდან დამატებით 400 მლნ დოლარი გამოიყო.

მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-ის არმიაში 442-ე ქვეითი პოლკი ირიცხებოდა. საგულისხმოა, რომ შენაერთის პირადი შემადგენლობა, რომელიც იტალიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში იბრძოდა, თითქმის მთლიანად ინტერნირებული იაპონელებით იყო დაკომპლექტებული. 14 ათასი სამხედროდან 9486-მა ჯილდო "მეწამული გული" (რეკორდი აშშ-ის არმიის ისტორიაში) და 21-მა აშშ-ის უმაღლესი სამხედრო ჯილდო "დიდების მედალი" მიიღო.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა