პრეზიდენტ ერდოღანის საოცარი სასახლე, 185 მილიონი დოლარი და შოპინგზე მანიაკალურად შეყვარებული ცოლი

პრეზიდენტ ერდოღანის საოცარი სასახლე, 185 მილიონი დოლარი და შოპინგზე მანიაკალურად შეყვარებული ცოლი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მეუღლე ემინე ამტკიცებს, რომ საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობს და სხვა მუსლიმი ქალბატონებისგან ბევრით არაფრით გამოირჩევა. არადა, მისი ფულის ხარჯვისადმი სიყვარულის შესახებ საყოველთაოდაა ცნობილი. ალბათ გაინტერესებთ, რა ქონების პატრონია ეს მოკრძალებული და სხვებისგან თითქმის არაფრით გამორჩეული მანდილოსანი. ჰოდა, მოგახსენებთ, ჟურნალმა "ფორბსმა" ამ ოჯახის ქონება 185 მილიონ დოლარად შეაფასა.

თურქეთის პრეზიდენტის მეუღლე ვერა და ვერ ეშვება ე.წ. შოპინგ ტურებს. იგი უპირატესობას ცნობილი დიზაინერების ნამუშევრებსა და ანტიკვარულ ნივთებს ანიჭებს. ეს "მოკრძალებული" ქალბატონი მოოქროვილი ჭიქებით მიირთმევს განსაკუთრებულ თეთრ ჩაის, რომელიც 1 კგ 2000 დოლარი ღირს. მისი ერთი მოოქროვილი ჭიქის ფასი კი 350 დოლარია და ეს მაშინ, როდესაც მისი ქვეყნის მოსახლეობის მეოთხედს თავი დღეში 4 დოლარად გააქვს.

პრეზიდენტის მეუღლე საშოპინგოდ, რაღა თქმა უნდა, ყველაზე ცნობილ მაღაზიებს ირჩევს. ცნობილია, რომ ერთხელ ბრიუსელის სავაჭრო ცენტრი სპეციალურად ემინე ერდოღანის გამო დახურეს, რათა მას მშვიდად ევაჭრა. ვარშავაში ოფიციალური ვიზიტისას, როდესაც მეუღლეს ახლდა თან, ემინემ ანტიკვარიატში 50. 000 დოლარი დახარჯა.

განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ასევე ერდოღანების საოცარი სასახლე, რომელიც ანკარის შემოგარენში მდებარეობს.

სასახლე 4 კვადრატულ კილომეტრის ფართობზეა გადაჭიმული. ამ სასახლის მშენებლობა დაახლოებით 660 მილიონი დოლარი დაჯდა. მის მოპირკეთებასა და გარემონტებაზე ფული არავის დანანებია. აბრეშუმის შპალერი ერთი ცალი 2,5 ათასი დოლარის ღირებულებისაა. თითო ორმაგი კარების კომპლექტი კი 47 ათასი დოლარი ღირს. როგორც ამბობენ, სასახლეში დაახლოებით 400 დიდი ზომის კარებია, რომელთა საერთო ღირებულებაც 6,6 მილიონ დოლარს შეადგენს. 34 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის ხალიჩები კი 9,2 მილიონი დოლარი დაჯდა.

კრიტიკოსების აზრით, ფუფუნების უზომოდ მოყვარული სადამ ჰუსეინიც კი გაოცდებოდა, ერდოღანის სასახლე რომ ენახა. ბევრი კრიტიკოსი იმასაც კი ამბობს, რომ ეს სასახლე ჩინეთის რკინიგზის სადგურს უფრო წააგავს, ვიდრე შენობას, რომელსაც რაიმე კავშირი მაინც აქვს ყოფილ ოსმალეთის იმპერიასთან. ეს შენობა თეთრი სასახლის სახელით არის ცნობილი. ერდოღანი კი თვის მხრივ იგერიებს კრიტიკოსების შემოსევას და წარბშეუხრელად ამტკიცებს, რომ შენობა თურქეთის პრესტიჟს იცავს საერთაშორისო ასპარეზზე. როდესაც მას კითხეს, თუ რად უნდოდა ახალი სასახლე, მან უპასუხა, რომ ამის მიზეზი იყო ტარაკნები, რომლებიც ძალიან მომრავლდნენ იმ ოფისში, სადაც მას თავისი პრემიერ-მინისტრობის დროს უწევდა მუშაობა.

როდესაც სასახლის მშენებლობა დაიწყო, ერდოღანმა განაცხადა, რომ სამშენებლოდ მხოლოდ ნატურალური მასალები იქნებოდა გამოყენებული. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ პრეზიდენტის განცხადების თანახმად, ეს მასალები აუცილებლად თურქეთში უნდა ყოფილიყო დამზადებული, თუმცა, ოპონენტების მტკიცებით, რომელთაც საკუთარი თვალით აქვთ ნანახი არქიტექტურული გეგმა, სასახლის სახურავი გერმანიაშია დამზადებული, მარმარილო კი ინდოეთიდან არის ჩამოტანილი. სხვა სამშენებლო მასალები ასევე ჩამოიტანეს ინგლისიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან. ეზოს ტერიტორიაზე დარგული ხეებიც კი ჰოლანდიასა და იტალიაშია შეძენილი.

ერდოღანი თვლის, რომ თეთრი სასახლე მან დაიმსახურა საკუთარი ქვეყნის აღორძინებისთვის, თუმცა ოპონენტები ამას ავტორიტარიზმის ზრდად მიიჩნევენ. 15 ივლისს მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის დროს ბომბდამშენებმა იერიში სწორედ თეთრ სასახლეზე მიიტანეს, თუმცა ზარალის შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არაფერია.

გაგრძელება+ფოტოგალერეა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა