ირანის ხელისუფლებამ სამოქალაქო ავიაციაში მომუშავე ყველა რუს მფრინავს ქვეყნის დატოვებისთვის ორი თვე მისცა. ამის შესახებ სააგენტო “როიტერი” იუწყება. “პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჯადის ბრძანების თანახმად, ტრანსპორტის სამინისტრომ 2-თვიანი ვადა დააწესა, რომლის ამოწურვის შემდეგაც ყველა რუსი მფრინავი იძულებული იქნება, ქვეყანა დატოვოს’’, - ნათქვამია ირანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ როცა ქვეყანას ჰყავს თავისი პროფესიონალი მფრინავები, არ არსებობს უცხოელი მფრინავების მუშაობის აუცილებლობა.
“როიტერის” ცნობით, ირანის სამოქალაქო ავიაპარკში საბჭოთა წარმოების ათი ტუ-154-ია. ამათგან ერთ-ერთმა იანვარში კატასტროფა განიცადა, რასაც 40 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. კიდევ ერთი ასეთი თვითმფრინავი, რომელიც სომხეთში მიფრინავდა, 2009 წელს ჩამოვარდა. დაიღუპა 168 ადამიანი.
"ინტერპრესნიუსი"




















