თავდასხმის ფაქტები, რომლებიც მსოფლიოს მაღალი რანგის სასულიერო პირებზე განხორციელდა

თავდასხმის ფაქტები, რომლებიც მსოფლიოს მაღალი რანგის სასულიერო პირებზე განხორციელდა

2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მკვლელობის მომზადების ფაქტზე, ბრალდებულის სახით დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დეკანოზი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფას გეგმავდა. პოლიციამ დეკანოზი გიორგი მამალაძე გერმანიაში გამგზავრების მცდელობისას, თბილისის აეროპორტში დააკავა. ჩხრეკისას საეკლესიო პირს ჩანთაში მომწამვლელი შხამიანი ნივთიერება - ნატრიუმის ციანიდი აღმოუჩინეს. პროკურატურა "მაღალი იერარქიის სასულიერო პირის" მკვლელობის მცდელობაზე საუბრობს, გავრცელებული ხმებით კი ეს სასულიერო პირი, პატრიარქია.

ვიდრე შესაბამისი ორგანოები გამოძიებას ატარებენ, AMBEBI.GE იმ თავდასხმის ფაქტების შესახებ გიამბობთ, რომლებიც მსოფლიოში მაღალი რანგის სასულიერო პირების წინააღმდეგ განხორციელდა.

გასული საუკუნის ყველაზე გახმაურებული შემთხვევა 1981 წლის 13 მაისით თარიღდება. ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე თურქული შეიარაღებული დაჯგუფება "რუხი მგლების" წევრი მაჰმედ ალი აგჯა იოანე პავლე მეორეს დაესხა თავს. რომის პაპს პისტოლეტიდან ნასროლი ტყვია მუცელში მოხვდა. თავდამსხმელი ადგილზევე დააკავეს.

სასამართლოზე აგჯამ დუმილის უფლება გამოიყენა. თავდასხმის მოტივის არქონის მიუხედავად, სასამართლომ ალი აგჯას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 1983 წელს იოანე პავლე მეორემ თავდამსხმელი ციხეში მოინახულა. მათი საუბრის შინაარსი დღემდე საიდუმლოდ რჩება.

1984 წელს აგჯა პირველად ალაპარაკდა და მომხდარის დამკვეთად ბულგარეთის სპეცსამსახურები დაასახელა. რომის პაპის პირადი თხოვნის საფუძველზე, იტალიამ თავდამსხმელი შეიწყალა და თურქულ მხარეს გადასცა. ამჟამად ის თავისუფალი მოქალაქეა.

მეორე თავდასხმა რომის პაპზე 1982 წლის 12 მაისს განხორციელდა. პორტუგალიაში ვიზიტის დროს, თავდამსხმელი, რომელიც პოლიციამ მაშინვე დააკავა, იოანე პავლე მეორეს დაჭრას დანით შეეცადა.

2006 წლის 27 ნოემბერს თურქეთის სპეც-სამსახურებმა გერმანელ კარდინალზე, ვალტერ კასპერზე თავდასხმის მცდელობა აღკვეთეს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა კარდინალის ანკარაში ვიზიტის დროს უნდა მომხდარიყო.

2010 წლის 13 ოქტომბერს სუდანში უცნობი პიროვნება, დანის გამოყენებით, კარდინალ ჰარტუმ გაბრი ელ ვაკოს მოკვლას შეეცადა. თავდამსხმელი პოლიციამ დროულად შეაჩერა.

2012 წლის 19 ივლისს რუსეთში, ყაზანში თათრეთის მუსლიმანთა სულიერი ლიდერი ვალიულა იაკუპოვი მოკლეს. იმავე დღეს უცნობმა პირებმა თათრეთის მუფთის ილდუს ფაიზოვის მანქანა ააფეთქეს. დარტყმის ტალღამ ფაიზოვი მანქანიდან გადმოაგდო და მძიმე დაზიანებების მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.

2017 წლის 2 იანვარს უცნობი პირები ერაყის მუფთის შეიხ მაჰდი ას-სუმეიდანს დაესხვნენ თავს. მეჩეთთან მდგარი დანაღმული ავტომობილი მაშინ აფეთქდა, როდესაც მეჩეთს მუფთის ავტომობილი მიუახლოვდა. მძიმე დაზიანებებით სასულიერო პირი საავადმყოფოში მოათავსეს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"