4 პრემიერ-მინისტრის გახმაურებული მკვლელობა, რომელთა კვალიც მათ ოპონენტებამდე მიდის

4 პრემიერ-მინისტრის გახმაურებული მკვლელობა, რომელთა კვალიც მათ ოპონენტებამდე მიდის

23 მარტს კიევში რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატი დენის ვორონკოვი მოკლეს. ბოლო წლების განმავლობაში ვორონკოვმა მკვეთრად შეცვალა პოლიტიკური შეხედულებები. გასულ წელს მეუღლესთან ერთად ის საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა. 2016 წლის დეკემბერში კი ამ ქვეყნის მოქალაქე გახდა. უკრაინის პროკურატურა მკვლელობის ორ შესაძლო ვერსიაზე მუშაობს - მისი ჩვენება უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის საქმესთან დაკავშრებით და რუსეთის მთავრობის წევრების კორუფციული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შესაძლო გასაჯაროება.

განურჩევლად მკვლელობის რეალური მიზეზისა, ცალსახაა, რომ ვორონკოვი ოპონენტებს გზაზე გადაეღობა და მისი პოლიტიკური ფიგურა გარკვეული პირებისთვის არასასურველი გახდა.

პოლიტიკური მკვლელობები თანამედროვე მსოფლიოს განუყოფელი ნაწილია. რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II დროინდელ პრემიერ-მინისტრ პეტრე სტოლიპინს ბევრი არაკეთილმოსურნე ჰყავდა. ჩინოვნიკებს და სამთავრობო მოხელეებს მისი რეფორმები (განსაკუთრებით მიწის გლეხების საკუთრებაში გადაცემა) და პოლიტიკური შეხედულებები არ მოსწონდათ. თავდასხმების მიუხედავად, ერთ-ერთი გამოსვლისას სტოლიპინმა ხმამაღლა განაცხადა - "ვერ შემაშინებთ!". თავდასხმა რომელიც პრემიერ-მინისტრისთვის საბედისწერო აღმოჩნდა, 1911 წლის 14 სექტემბერს მოხდა. იმ დღეს სტოლიპინი იმპერატორთან ერთად კიევის თეატრში სპექტაკლს ესწრებოდა. ანტრაქტისას ანარქისტმა დიმიტრი ბოგროვმა პრემიერ-მინისტრს ორჯერ ესროლა. პირველი ტყვია ხელში, მეორე - ღვიძლში მოხვდა. სტოლიპინი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ინდირა განდი 1984 წლის 31 ოქტომბერს საკუთარი დაცვის წევრებმა მოკლეს. დაგეგმილი ინტერვიუსთვის შერჩეული კაბის გამო, განდის ჯავშანჟილეტის გახდა მოუწია. საკუთარი რეზიდენციის ეზოში გამოსულს, დაცვამ ცეცხლი გაუხსნა. მას 8 ტყვია მოხვდა. ექიმების მცდელობის მიუხედავად, ინდირა განდი სავაადმყოფოში გარდაიცვალა. პრემიერ-მინისტრის მკვლელობის შემდეგ ინდოეთი მასიურმა არეულობებმა მოიცვა, რომლებსაც მთავრობის მონაცემებით, 3 000-მდე ადამიანი შეეწირა.

თანამედროვე ისტორიაში ბენაზირ ბჰუტო ერთადერთი ადამიანია, რომელიც მუსულმანურ სახელმწიფოს ორჯერ ჩაუდგა სათავეში. პაკისტანის პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავების პირველივე კვირას, გზაზე რომელზეც მის კორტეჟს უნდა გაევლო, ასეფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. მუქარების და თავდასხმების მცდელობების მიუხედავად, ბჰუტო ჯიუტად არ აპირებდა პოლიტიკიდან წასვლას.

2007 წლის 27 დეკემბერს ის პაკისტანის ქალაქ რავალპინდში გამართულ მიტინგში მონაწილეობდა. სიტყვის დასრულებისას სროლის ხმა გაისმა. რამდენიმე წამში კი თვითმკვლელმა ტერორისტმა ბომბი აამოქმედა. აფეთქებას 26 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის ბენაზირ ბჰუტოც. პაკისტანის პრეზიდენტი ფარვეზ მუშარაფი მოსახლეობას უმოკლეს დროში ბჰუტოს მკვლელობის ორგანიზატორების პოვნას და უმკაცრესად დასჯას დაპირდა. 2011 წელს, მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით, პაკისტანის სასამართლომ მუშარაფის დაპატიმრების ორდერი გასცა.

კონგოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პატრის ლულუმბას მკვლელობა დღემდე ბურუსით არის მოცული. გავრცელებული ვერსიით, 35 წლის ლულუმბას მკვლელობა მისი პოლიტიკური ოპონენტის და კონგოს მომავალი პრეზიდენტის მობუტუ სესე კოკოს მიერ იყო ორგანიზებული. დატყვევებული ლულუმბა და მისი თანამოაზერნი 1961 წლის 17 იავარს დახვრიტეს და იმავე ადგილას დამარხეს. რამდენიმე დღის შემდეგ გვამები ამოთხარეს, დაანაწევრეს და მჟავა გადაასხეს. არსებობს ვარაუდი, რომ ლულუმბას მკვლელობაში ბელგიის მთავრობის ინტერესი იკვეთება.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"