"მოსადი" - ლეგენდები და სინამდვილე მსოფლიოს საუკეთესო სპეცსამსახურზე

"მოსადი" - ლეგენდები და სინამდვილე მსოფლიოს საუკეთესო სპეცსამსახურზე

ისრაელის სადაზვერვო სამსახური "მოსადი", როგორც ისრაელის სხვა სპეცსამსახურები, საიდუმლო ორგანიზაციაა, თითქმის მითიური. ისრაელის დაზვერვაზე ლეგენდებს თხზავენ. ის აშშ-ის დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოსთან (CIA), ბრიტანულ MI-6-თან, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურთან (СВР) ერთად მსოფლიოს საუკეთესო და ყველაზე ეფექტური სპეცსამსახურების სიაში შედის.

პატარა ისრაელში დიდ პატივს სცემენ თავიანთ სპეცსამსახურებს. წარმოუდგენელია, რომ ვინმე აგდებულად საუბრობდეს მათზე. "თუ შენ პატარა ტერიტორია გაქვს, შენ თვითონ უნდა შექმნა ოპერატიული სივრცე, რომელიც საჭირო ტერიტორიის ნაკლებობის კომპენსირებას მოახდენს. ამიტომაც გვჭირდებოდა ჩვენ კარგი და ძლიერი დაზვერვა", - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში მეირ ამიტმა, რომელიც "მოსადის" დირექტორი გახლდათ 1963-1968 წლებში.

ადამიანი, რომელიც ისრაელის დაზვერვის პირველი ხელმძღვანელი გახდა, ძველი იერუსალიმის ორთოდოქსალურ უბანში დაიბადა და გაიზარდა. მამამისი რაბინი იყო და რა თქმა უნდა, სურდა, მისი შვილიც რაბინი გამხდარიყო. საუბარია რეუვენ შილოაჰზე - ადამიანზე, ვინც ისრაელის დაზვერვა შექმნა. თავდაპირველად "მოსადი" განლაგებული იყო თელ-ავივში, ბენ იუდას ქუჩაზე მდებარე პატარა ორსართულიან სახლში, შესავლელ კარზე პატარა წარწერით: "საკონსულტაციო მომსახურებები".

პირველი აღიარება

...ისრაელის პირველ პრემიერ-მინისტრს დავიდ ბენ-გურიონს არჩევანი გაკეთებული ჰქონდა: ის ისრაელს აშშ-სა და დასავლეთის მოკავშირედ ხედავდა. საამისოდ მას სჭირდებოდა შანსი, რათა დაემტკიცებინა, რომ ისრაელი სანდო პარტნიორი და მოკავშირეა. ამაში მას დაეხმარნენ ებრაელი წარმოშობის ახალგაზრდა პოლონელი ჟურნალისტი და "მოსადის" აგენტები, რომლებმაც იღბალი ხელიდან არ გაუშვეს. შემდგომში, "მოსადის" ამ ოპერაციას "XX საუკუნის ყველაზე გახმაურებულ გაჟონვას" უწოდებენ. ამ ოპერაციის შემდეგ ისრაელის ახალგაზრდა სპეცსამსახური, "მოსადი" მსოფლიოს აღიარებას მიიღებს.

ეს ისტორია 1956 წლის 25 თებერვალს დაიწყო. სსრკ-ს კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობის ბოლო დღე. ნიკიტა ხრუშჩოვმა უცხოელ სტუმრებსა და პრესას სხდომის დატოვება მოსთხოვა. ის მოხსენებით გამოვა სტალინის კულტის შესახებ. ებრაული წარმოშობის პოლონელი ჟურნალისტი ვიქტორ გრაევსკი იხსენებს: "პოლონეთში გავიგე, რომ ამერიკელები ნიკიტა ხრუშჩოვის სიტყვით გამოსვლის ტექსტისთვის 1,5 მილიონ აშშ დოლარს იძლევიან და ამ დოკუმენტის ხელში ჩაგდება სურთ".

reclama

ვიქტორ გრაევსკი იმ დროს პოლონეთის პრესის სააგენტოში სსრკ-ს განყოფილების მთავარი რედაქტორი იყო. "მე მყავდა მეგობარი გოგო, ლუცია ბარანოვსკაია, რომელიც პოლონეთის გაერთიანებულ მუშათა პარტიის ცენტრალურ კომიტეტში პარტიის გენერალური მდივნის რეფერენტად მუშაობდა" - იხსენებს გრაევსკი. აქედან გამომდინარე, გრაევსკის თავისუფალი წვდომა ჰქონდა პარტიის ცენტრალური კომიტეტის შენობაში. ერთ მშვენიერ დღეს მან თავის მეგობარ გოგოს სამსახურში მიაკითხა და შემთხვევით დაინახა მის სამუშაო მაგიდაზე წითელი ბროშურა, რომელსაც რუსულ ენაზე ეწერა: "Совершенно секретно". ეს ხრუშოვის სიტყვით გამოსვლის ტექსტის ეგზემპლარი იყო, განკუთვნილი პოლონეთის გაერთიანებული მუშათა პარტიის გენერალური მდივნისთვის. ლუცია ბარანოვსკაიას არც კი ჰქონდა წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა დოკუმენტი ედო სამუშაო მაგიდაზე. ამიტომაც, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, რამდენიმე საათით ეს დოკუმენტი თავის მეგობარს, ვიქტორ გრაევსკის გაატანა.

"ვიცოდი, რომ ყველას სურდა ამ მოხსენების ხელში ჩაგდება, გაეგოთ თუ რა ეწერა მანდ. შემეძლო წავსულიყავი ამერიკელებთან და 1,5 მილიონი აშშ დოლარი ამეღო, მაგრამ გადავწყვიტე ისრაელის საელჩოში წასვლა" - იგონებს პოლონელი ჟურნალისტი, რომლის მშობლები იმ დროისთვის უკვე ისრაელში ცხოვრობდნენ, თვითონაც აპირებდა საცხოვრებლად ისრაელში გადასვლას და ამ დოკუმენტის ისრაელისთვის გადაცემა, მშვენიერი საჩუქარი იქნებოდა მისი მომავალი სამშობლოსთვის...

ისრაელის საელჩოში ვიქტორ გრაევსკი ნიკიტა ხრუშოვის სიტყვით გამოსვლის ტექსტის ასლს ვინმე ბარმორს გადასცემს ("მოსადის" ოფიცერი), რომელიც შემდგომში დაუყოვნებლივ გაემგზავრება ვენაში, სადაც აღნიშნულ დოკუმენტს ისრაელის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელს ამას მანორს გადასცემს. ისრაელის ხელისუფლებამ არ გამოაქვეყნა ეს დოკუმენტი. მათ სულ სხვა გადაწყვეტილება მიიღეს: ნიკიტა ხრუშჩოვის საიდუმლო მოხსენება აშშ-ის დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოს (CIA) გადასცეს. ამით ისრაელმა სსრკ-სთან ურთიერთობა არ გაიფუჭა და ამავდროულად აშშ-სთან ნდობით აღჭურვილ ურთიერთობებს საძირკველი ჩაუყარა.

გრაევსკი იგონებს: "ისრაელში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ, ერთ მშვენიერ დღეს ჩემთან ვიღაც დაბალი მამაკაცი მოვიდა, რომელიც ჩემთან ცოტათი ივრითზე და ცოტათი პოლონურ ენაზე საუბრობდა. მან მითხრა: "ბატონო გრაევსკი, ჩვენ არ დავივიწყებთ თუ რა გააკეთეთ ისრაელის სახელმწიფოსთვის". ჯილდოს სახით, მან გულის ჯიბიდან კალამი გამოიტანა და გადმომცა. თუ არ ვცდები, "მონბლანის" კალამი იყო".

ჟურნალისტს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ ეს დაბალი მამაკაცი, ხელში "მონბლანის" კალმით, ისრაელში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი - "მოსადის" ლეგენდარული დირექტორი, ისერ ჰარელი იყო.

"მე მჭირდება ხალხი, რომლებსაც ეზიზღებათ მკვლელობა, თუმცა მიუხედავად ამისა, შეიძლება ასწავლო მოკვლა"

"მოსადის" ხელმძღვანელობის გარდა, ისერ ჰარელი ასევე ხელმძღვანელობდა ისრაელის კონტრდაზვერვას, "შინ-ბეთს" და უშიშროების სფეროში განუსაზღვრელი უფლებამოსილებით სარგებლობდა. მას მხოლოდ ორი უფროსი ჰყავდა: ისრაელის პრემიერ-მინისტრი დავიდ ბენ-გურიონი და ღმერთი!

მიუხედავად იმისა, რომ "მოსადის" პირველი დირექტორი რეუვენ შილოაჰი იყო, რომლის დროსაც შეიქმნა ეს ორგანიზაცია, "მოსადი" მსოფლიო ბრენდად ზუსტად რომ ისერ ჰარელმა აქცია. ისერ ჰარელის "მოსადში" მოსვლის დროს პერსონალი სამ ოთახში იყო განლაგებული. თანამდებობის დაკავების შემდეგ ისერ ჰარელმა დავიდ ბენ-გურიონს ბიუჯეტის ათმაგად გაზრდა მოსთხოვა, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო პრემიერ-მინისტრისგან. მან "მოსადის" ძირეული სტრუქტურული გარდაქმნა მოახდინა. მის დროს შეიქმნა აგენტების მომზადების სპეციალური სკოლა და მომავალი თანამშრომლების სელექციის მკაცრი სტანდარტები დაწესდა.

reclama

"მე მჭირდება ხალხი, რომლებსაც ეზიზღებათ მკვლელობა, თუმცა მიუხედავად ამისა, შეიძლება ასწავლო მოკვლა" - ამბობდა ჰარელი, რომელიც "მოსადის" როლს შემდეგნაირად ხედავდა: "ჩვენ ირგვლივ მტრები არიან, რომლებიც რიცხობრივად აღგვემატებიან. ამიტომაც, იძულებულნი ვართ ჩვენი დაზვერვა რაც შეიძლება წინ წავწიოთ. ის ჩვენ როგორც ერთგვარი გრძელი ხელი გვემსახურება და დროისა და სივრცის კომპენსირებაში გვეხმარება".

"მოსადის" ლეგენდარული ოპერაცია - 20 წამი, რომელმაც 1960 წელს მსოფლიო შეძრა

"მოსადის" ოპერაცია, რომელმაც ისერ ჰარელს მსოფლიო აღიარება მოუტანა და ლეგენდად აქცია და რომელსაც ის პირადად კურირებდა, 1960 წლის 11 მაისს არგენტინაში, ქალაქ ბუენოს აირესში განხორციელდა.

გასული წლის 11 მაისს, როცა პირადად ვიმყოფებოდი არგენტინაში, გავიფიქრე: "დროის მანქანა რომ არსებობდეს, აუცილებლად გადავინაცვლებდი 1960 წლის 11 მაისს, სან ფერნანდოში (ბუენოს აირესის პროვინცია), ზუსტად ამ ადგილას, გარიბალდის ქუჩაზე, რათა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე უპრეცედენტო და უნიკალური სპეცოპერაციის მოწმე გამვხდარიყავი, რომლის შემსრულებელი "მოსადი" იყო".

...1960 წლის 11 მაისი. ქ. სან ფერნანდო (28 კმ ბუენოს აირესიდან). 20:05 საათი. გარიბალდის ქუჩისა და 202 ნომერი გზის გზაჯვარედინზე მდებარე ავტობუსის გაჩერებაზე, 203-ე ნომერი ავტობუსიდან ვინმე რიკარდო კლემენტე ჩამოვა, სინამდვილეში კი Waffen-SS-ის ობერშტურმბანფიურერი (ფაშისტურ გერმანიაში ესესელების ოფიცრის წოდება), ჰოლოკოსტის არქიტექტორი, ადოლფ აიხმანი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, წლებია არგენტინაში იმალება.

ავტობუსის გაჩერებიდან სახლისკენ მიმავალი, გარიბალდის ქუჩაზე რამდენიმე ათეულ მეტრს გაივლის, როდესაც ტროტუარზე გაჩერებული და ვითომ გაფუჭებული მანქანის ირგვლივ მყოფი მამაკაცებიდან ერთ-ერთი, კერძოდ, "მოსადის" აგენტი პიტერ მალკინი, ესპანურად მიმართავს: Un momentito, señor. ამ ფრაზის წარმოთქმიდან ადოლფ აიხმანის დაკავებამდე 20 წამი გავა. ის 20 წამი, რომელიც 1960 წელს მსოფლიოს შეძრავს.

reclama

ადოლფ აიხმანს კონსპირაციულ ბინაში გადაიყვანენ, სადაც "მოსადის" აგენტებს ის 9 დღის განმავლობაში ეყოლებათ დამწყვდეული. ისინი საბოლოოდ მიიღებენ მტკიცებულებებსა და აღიარებას, რომ პირი, რომელსაც წლების განმავლობაში ეძებდნენ და რომელიც უშუალოდ კურირებდა 6 მილიონი ებრაელის ფიზიკურ განადგურებას, რეალურად ადოლფ აიხმანია.

20 მაისს, აიხმანი ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ და ყალბი დოკუმენტებით (როგორც ისრაელის ავიახაზების პილოტი) არგენტინის ტერიტორიიდან გაიყვანეს. 22 მაისს, ისრაელის პრემიერ-მინისტრი დავიდ ბენ გურიონი გამოაცხადებს, რომ ადოლფ აიხმანი ისრაელშია და მართლმსაჯულებას გადაეცემა.

ეს იყო "მოსადის" პირველი მასშტაბური და უნიკალური ოპერაცია და ერთგვარი მესიჯი, რომ ისრაელის სახელმწიფო თავისი მტრების დასჯაში მხოლოდ თავისი ტერიტორიით არ შემოიფარგლება, რაც დამტკიცდა მომდევნო წლებში, "მოსადის" მიერ ჩატარებული არაერთი უპრეცედენტო ოპერაციების ფარგლებში.

#1 აგენტი "მოსადის" ისტორიაში

ალბათ, თავს ვერ ვაპატიებდი, რომ ამ სტატიის წერისას არ შევხებოდი "მოსადის" ისტორიაში #1 აგენტს, ლეგენდარულ ელი კოენს, რომლის კარიერა წარმოუდგენელი იყო, ფინალი კი ტრაგიკული.

ელი კოენი 1924 წლის 16 დეკემბერს, ეგვიპტეში, ებრაელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. 1949 წელს მისი ოჯახი ისრაელში გადასახლდა, თუმცა ელი კოენი ეგვიპტეში დარჩა. 50-იანი წლების დასაწყისში ეგვიპტეში დააკავეს ისრაელის აგენტები - მოშე მარზუკი და სემი ეზერი, მათთან ერთად ელი კოენიც. კოენს გაუმართლა. ის დაკითხვაზე არა "მუჰაბარათში" (სახელმწიფო უშიშროების სამსახური), არამედ პოლიციაში მოხვდა და თავი გადაირჩინა. პოლიციელმა დაუჯერა მის ვერსიას, რომ მხოლოდ ბინის დაქირავებაში დაეხმარა ებრაელ მუშებს და არც კი იცოდა თუ რას საქმიანობდნენ ისინი ეგვიპტეში. მიუხედავად ამისა, 1956 წელს ეგვიპტის ხელისუფლებამ გააძევა ის ქვეყნიდან, როგორც "არასაიმედო ებრაელი".

ელი კოენი იძულებული გახდა დაბრუნებულიყო ისტორიულ სამშობლოში. როგორც კი ისრაელში აღმოჩნდა, "მოსადში" შეიტანა საბუთები, თუმცა უარი მიიღო. 1960 წელს ელი კოენით ისრაელის სამხედრო დაზვერვა "ამანი" დაინტერესდა. მან ინტენსიური მოსამზადებელი კურსი გაიარა, ინსტრუქტორები აღფრთოვანებულნი იყვნენ მისი ინტელექტით, ერუდიციით და არაბული ენის ცოდნით. კურსის დამთავრებისთანავე, ელი კოენი "მოსადში" ჩარიცხეს. "მოსადის" ლეგენდის თანახმად, ელი კოენი უნდა გამხდარიყო სირიელი ბიზნესმენი და ჩანერგილიყო სირიის ხელისუფლებასთან დაახლოვებულ წრეებში. ამ მნიშვნელოვანი დავალების შესრულება ელი კოენმა არგენტინიდან დაიწყო...

reclama

1961 წლის 6 თებერვალს, ელი კოენი ბუენოს აირესში გაემგზავრა ქამალ ამინ თავათის სახელით, სადაც კონტაქტები დაამყარა სირიელ დიპლომატებთან და ბიზნესმენებთან. სულ ორი თვე დასჭირდა ელი კოენს იმისათვის, რომ შინაური გამხდარიყო დიპლომატიურ მიღებებზე. დაუმეგობრდა სირიის საელჩოს სამხედრო ატაშეს, ამინ ალ-ჰაფეზს, რომელიც ფარულად იყო პარტია "ბაასის" წევრი (იმ დროს ეს პარტია არალეგალურად იყო გამოცხადებული სირიაში). 1961 წლის ზაფხულს, ამინ ალ-ჰაფეზი სირიაში დაბრუნდა და პარტიულ იერარქიაში წამყვანი პოზიციები დაიკავა. 1962 წლის 10 იანვარს თვით ელი კოენიც ჩავიდა სირიაში. არგენტინაში გაცნობილი სირიელი "მეგობრების" დახმარებით ის დაუახლოვდა სირიის გენერალური შტაბის უფროსის ძმისშვილს, ლეიტენანტ კარიმ ზაჰერის, სამხედრო ელიტის წარმომადგენლებს და რაც მთავარია, ის უკვე იყო გენერალ ამინ ალ-ჰაფეზის, პარტია "ბაასის" ლიდერის ახლო მეგობარი. მალე სირიის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში ელი კოენზე, როგორც სირიის პატრიოტზე ალაპარაკდნენ.

1963 წლის მარტს, სირიაში მორიგი სამხედრო გადატრიალება მოხდა. ხელისუფლებაში პარტია "ბაასი" მოვიდა. სირიის პრეზიდენტი კი ამინ ალ-ჰაფეზი გახდა - ელი კოენის მიერ არგენტინაში გაცნობილი სამხედრო ატაშე და "მეგობარი". აქედან გამომდინარე, ელი კოენს ხელი მიუწვდებოდა სახელმწიფო ინფორმაციაზე. უფრო მეტიც, მას შესთავაზეს ოფიცრის თანამდებობა უშიშროების მთავარ სამმართველოში, სადაც პოლკოვნიკის წოდებაც კი მიიღო. სირიის პრეზიდენტისთვის ელი კოენი ერთ-ერთი ყველაზე სანდო ადამიანი იყო, რომელსაც ხშირად რჩევებსაც სთხოვდა სახელმწიფო და სამხედრო მნიშვნელობის საქმეებთან დაკავშირებით. კოენი მას რჩევებს სწრაფად არასოდეს აძლევდა. სთხოვდა გარკვეულ დროს, რათა საკითხის არსში გარკვეულიყო. ამ დროს კი ამ ინფორმაციას ცენტრში გადასცემდა და "მოსადის" სამხედრო სპეციალისტების მიერ მომზადებულ პასუხს, სირიის პრეზიდენტს მეგობრული რჩევის სახით აწვდიდა.

მალე სირიის პრეზიდენტმა ქამალ ამინ თავათი (ელი კოენი) თავის სამხედრო მრჩევლად დანიშნა. ეს კი ნიშნავდა იმას, რომ "მოსადის" აგენტი, ებრაელი ელი კოენი (ლეგენდის თანახმად ქამალ ამინ თავათი) სირიის მაღალ ეშელონებში სრული სანდოობით სარგებლობდა. უფრო მეტიც, ის უკვე იმ სამეულში შედიოდა, ვინც მომავალში სირიის პრეზიდენტად მოიაზრებოდა. ელი კოენს ჰქონდა თავისუფალი წვდომა ნებისმიერ სამხედრო ნაწილზე ან ობიექტზე, ის ნებისმიერი სამხედრო მოლაპარაკებების საქმის კურსში იყო. აქედან გამომდინარე, ისრაელის დაზვერვა უნიკალურ ინფორმაციას იღებდა იმ ქვეყანაზე, რომელიც მისი ერთ-ერთი უმთავრესი მოწინააღმდეგე იყო...

1964 წელს, ელი კოენი ხშირად გადასცემდა რადიოგრამებს "მოსადში", ვინაიდან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მასთან, მისი პოზიციებიდან გამომდინარე, თითქმის ყოველდღიურად მიდიოდა. რადიოგრამების ხშირმა გაგზავნამ გარკვეული დაბრკოლება შეუქმნა ინდოეთის საელჩოს კავშირგაბმულობას (ინდოეთის საელჩოს შენობა ელი კოენის სახლის ქუჩაზე მდებარეობდა). ეს კოენმა იცოდა, თუმცა რადიოგრამების გაგზავნა არ შეუწყვეტია. სირიის სპეცსამსახურებმა ამ საკითხის შესწავლა დაიწყეს, თუმცა სათანადო ტექნიკა არ გააჩნდათ. ამ დროს საბჭოთა კავშირიდან მათ ახალი პელენგატორები მიიღეს და მალე გაირკვა ინდოეთის საელჩოს კავშირგაბმულობის ხაზის დაბრკოლებების მიზეზი. ამან სირიის ხელისუფლებაში ბევრი შოკში ჩააგდო.

reclama

1965 წლის 18 იანვარს, დილის 08:30 საათზე, კოენი როგორც ყოველთვის რადიოგრამას ელოდებოდა ისრაელიდან. უეცრად კარზე კაკუნის ხმა გაისმა. ვერც კი მოასწრო ორი ნაბიჯის გადადგმა, როდესაც მის ბინაში შეიარაღებული ჯგუფი შევარდა...

სირიის პრეზიდენტი საშინლად იმედგაცრუებული იყო, როდესაც გაიგო, რომ მისი მეგობარი, რომელსაც იცნობდა როგორც სირიელს, რომელსაც ენდობოდა, უზიარებდა საიდუმლო სახელმწიფო საკითხებს, რომელსაც მემკვიდრედ დატოვებას უპირებდა, აღმოჩნდა ებრაელი და თანაც "მოსადის" აგენტი... გამოძიებისას ელი კოენს სასტიკად აწამებდნენ. გაიმართა სასამართლო პროცესი. 1965 წლის 18 მაისს ელი კოენი დამასკოს ცენტრალურ მოედანზე ჩამოახრჩვეს. დღემდე მისი ცხედარი სირიაშია - სირიის ხელისუფლება კატეგორიულ უარზეა ისრაელს ელი კოენის გვამი გადასცეს...

შეცდომა = სიკვდილს

"მოსადს" ყოველთვის უწევდა ერთდროულად მოსამართლისა და ნაფიც მსაჯულთა ფუნქციების შესრულება. ეს არასოდეს ყოფილა ისრაელის სახელმწიფოს არჩევანი. ეს იყო ის აუცილებელი ზომა, რომელიც პატარა და გარშემო მტრებით შემორტყმულ სახელმწიფოს თვითგადარჩენისთვის სჭირდებოდა.

"მოსადის" საქმიანობაზე ტომეულების დაწერა შეიძლება, რის საშუალებასაც ამ სტატიის ფორმატი არ იძლევა. პატარა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურს უნიკალური, გაბედული და უპრეცედენტო ოპერაციები აქვს ჩატარებული, რაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სპეცსამსახურებსაც კი შეშურდებოდათ.

"მოსადის" კაცები და ქალები, რომლებიც რისკის ქვეშ აყენებენ თავიანთ სიცოცხლეს, თავიანთი ოჯახებისგან შორს ცხოვრობენ მოგონილი სახელებითა და ცხოვრების ისტორიით, მამაც და ხშირად წარმოუდგენელ ოპერაციებს ატარებენ ისრაელისადმი მტრულად განწყობილ ქვეყნებში, სადაც უმცირესმა შეცდომამ შესაძლოა გამოიწვიოს მათი დაკავება, წამება ან სიკვდილი.

"მოსადის" აგენტებს შეცდომის უფლება არ აქვთ, ვინაიდან მათ შემთხვევაში დაშვებული შეცდომა ხშირად ფატალურ შედეგს ნიშნავს.

სპეციალურად AMBEBI.GE-სთვის მოამზადა კახა დგებუაძემ

"ვეთანხმები ჯო ბაიდენს, ვლადიმერ პუტინი მკვლელია" - ლიეტუვას პრეზიდენტი

Ever Given მეჩეჩიდან საბოლოოდ გაიყვანეს - სუეცის არხში მოძრაობა ჩვეულ რიტმში აღდგა

"ერთმანეთს შექსპირის სონეტებს ვუკითხავდით...მაგრამ ახლა..." -  რატომ უწოდებს ბორის ჯონსონს ყოფილი საყვარელი მხდალს? ბრიტანეთის პრემიერის სკანდალური სასიყვარულო კავშირები