საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტური საფრანგეთში - კანდიდატებმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს

საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტური საფრანგეთში - კანდიდატებმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. მეორე ტურში ერთმანეთს პოლიტიკური მოძრაობა "წინ"-ის ლიდერი ემანუელ მაკრონი და "ეროვნული ფრონტის" ლიდერი მარინ ლე პენი უპირისპირდებიან. ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან (თბილისის დროით 10:00 საათიდან) საფრანგეთის 66 546 უბანზე ფრანგები მომავალ ლიდერს აირჩევენ.

ადგილობრივი დროით 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 28,23% შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შედარებისთვის, 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 12.00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 30,66% იყო. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიხურება, ხოლო რიგ დიდ ქალაქებში - 20:00 საათზე.

საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს პრეზიდენტობის კანდიდატებმა. ემანუელ მაკრონმა საკუთარი არჩევანი მეუღლესთან ერთად გააკეთა. მაკრონი ქალაქ ტუკეში მდებარე საარჩევნო უბანს ეწვია.

იგი პირველად მონაწილეობს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში. 2014-2016 წლებში ფრანსუა ოლანდის მთავრობაში ეკონომიკის მინისტრი გახლდათ. შემდგომში დატოვა მმართველი პარტია და 2016 წლის 6 აპრილს საკუთარი პოლიტიკური მოძრაობა შექმნა.

23 აპრილს გამართული საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 24,01%-ით პირველი ადგილი დაიკავა.

რაც შეეხება მარინ ლე პენს, მან საკუთარი არჩევანი ქალაქ ენენ-ბომონში მდებარე საარჩევნო უბანზე გააკეთა. 23 აპრილს გამართული პირველი ტურის ფარგლებში მარინ ლე პენი - 21,30%-ით მეორე ადგილზე გავიდა.

საფრანგეთის რიგით მე-11 საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილს გაიმართა. თავდაპირველად საპრეზიდენტო არჩევნებში 11 დარეგისტრირებული კანდიდატი მონაწილეობდა. საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭოს მიერ დამტკიცებული შედეგებით, ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 24,01%-ით პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო მარინ ლე პენი - 21,30%-ით მეორე ადგილზე გავიდა.

კვლევითი ორგანიზაცია Odoxa-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა შესაძლოა ყველაზე დაბალი იყოს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"