"თინეიჯერი ბიჭი მე-9 სართულიდან გადმოაგდეს..." - სექსუალური უმცირესობების დევნის გამო რამზან კადიროვს ჰააგაში უჩივიან

"თინეიჯერი ბიჭი მე-9 სართულიდან გადმოაგდეს..." - სექსუალური უმცირესობების დევნის გამო რამზან კადიროვს ჰააგაში უჩივიან

ფრანგმა უფლებადამცველებმა ჩეჩნეთის ლიდერს გენოციდში დასდეს ბრალი და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში უჩივლეს. ლგბტ თემის ფრანგი უფლებადამცველები, ჩეჩნეთის პრეზიდენტს რამზან კადიროვს და სახელმწიფო მოხელეებს ლგბტ თემის დევნაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ამის დასტურია თინეიჯერი ბიჭის შემთხვევა, რომელიც მისი სექსუალური ორიენტაციის გამო მეცხრე სართულიდან გადმოაგდეს.

ჩეჩნეთში, სექსუალური უმცირესობის მიმართ სასტიკი დამოკიდებულების შესახებ, ინფორმაცია პირველად, "ნოვაია გაზეტასთვის" გახდა ცნობილი. გამოცემის ინფორმაციით, გროზნოსა და ჩეჩნეთის რამდენიმე ქალაქში, პირველ ეტაპზე, ასზე მეტი მამაკაცი დააპატიმრეს, სამი კი ცემისას შემოაკვდათ, თუმცა წყაროები ირწმუნებიან, რომ მსხვერპლი გაცილებით მეტია. ჩეჩნეთის ხელმძღვანელობა, კერძოდ, მისი ლიდერი რამზან კადიროვი დაზარალებულების განცხადებისა და გამქრალი ადამიანების შესახებ არსებული ცნობების მიუხედავად, ჩენჩეთში გეების არსებობას კატეგორიულად უარყოფს...

ამის კვალდაკვალ კი, სექსუალურ უმცირესობის წარმომადგენლებზე ზეწოლა გრძელდება... "ნოვაია გაზეტას" ინფორმაციით, მათი წყაროები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, რესპუბლიკის მეთაურის ადმინისტრაციის, ჩეჩნეთის პროკურატურისა ადგილობრივი ლგბტ აქტივისტები. მას შემდეგ, რაც ხელმძღვანელობამ ინფორმაციის გავრცელებაზე ეჭვი მიიტანა, ისინი დააკავა.

მათ დიდ ნაწილს სასტიკად გაუსწორდნენ, ისინი კი, ვინც სექსუალური უმცირესობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, გაათავისუფლეს. ამის შემდეგ სექსუალური უმცირესობის მხარდამჭერებმა ფარულად დატოვეს რესპუბლიკა, თუმცა, ხელმძღვანელობამ მათი ოჯახის წევრები, ახლო მეგობრები და ნათესავებიც დააკავა. დაპატიმრებულებს შორის არიან, ჩეჩნური მუფტიატის წარმომადგენლები - გავლენიანი და რეპუბლიკის მეთაურთან დაახლოებული სასულიერო პირები და ორი ცნობილი ჩეჩენი ტელეწამყვანი...

ჩრდილოეთ კავკასიაში განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამჟღავნება სიკვდილს უდრის. ცნობილი გახდა, რომ ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურები და ე.წ. კადიროვის ბიჭები მუდმივად აკონტროლებენ სოციალურ ქსელებს და სწორედ ამ გზით მიაგნეს სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს... ბოლო დროს ადგილობრივები მასობრივად ტოვებენ სოციალურ ქსელებს. რამდენიმემ გარისკა და დანარჩენები მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გააფრთხილა. თუმცა, მათ მალევე მიაგნეს და განყოფილებაში გადაიყვანეს...

"ნოვაია გაზეტა" უმცირესობის ერთ-ერთი წარმომადგენლის წერილს ავრცელებს:

"სალამ ალეიქუმ ყველას! არ მეგონა, თუ კიდევ დავწერდი აქ, მაგრამ უნდა გაგაფრთხილოთ, რადგან თუ ერთს დაიჭერენ, მას იმდენხანს აწამებენ, სანამ სხვებსაც არ "ჩაუშვებს"... ამიტომ, ვალდებული ვარ, გაგაფრთხილოთ. ხშირად წერენ "ჩამშვებებზე" და ბევრი ვეძებე ისინი, ვინც ეს გააკეთეს, მაგრამ ვერ ვიპოვე, რადგან სამწუხაროდ, ბევრი მოკლულია... მხოლოდ ახალგაზრდა ბიჭები კი არა, უფროსი, 50 წელს გადაცილებული მამაკაცებიც დახოცეს. მათ შორის, ჩეჩნეთში ცნობილი ადამიანებიც... ვინაობას ვერ დავაკონკრეტებ, ყველაზე უმცროსი, 16 წლის იყო, - მე-9 სართულიდან გადმოაგდეს. კიდევ ერთი ბიჭი, რომელიც ჩვენი სოფლიდან იყო, რამდენიმე დღის წინ, სასტიკად ნაცემი მოიყვანეს. სახლის ეზოში დააგდეს და ოჯახის წევრებს უთხრეს, თუ არ მოკლავთ, ჩვენ მოვკლავთო. ალბათ ასეც იზამენ, რადგან ჩვენში მოქმედი სახალხო კანონით ჰომესექსუალიზმში მხილება საუკუნეობრივ შერცხვენას ნიშნავს...

ახლა კი გაფრთხილებთ, - დღიურად ბინას ნუ დაიქირავებთ, რადგან ყველა მეპატრონეს ბინებში კამერების დაყენებას აიძულებენ და ასე ცდილობენ მსხვერპლზე კომპრომატების მოპოვებას... ისინი კი, ფულს ორმაგად იღებენ, ცალკე ძალოვანებისგან, ვისთანაც თანამშრომლობენ და ვიდეოს აწვდიან და ცალკე - ბინის დამქირავებლებისგან... ფრთხილად იყავით, გთხოვთ. ეს ჩემი ბოლო პოსტია".

საქმე ის არის, რომ როგორც კი დაკავებულის ოჯახს მისი დაკავების მოტივაციას აცნობენ, ისინი ჩივილზე უარს ამბობენ, რადგან ფაქტის გახმაურება უდიდესი სირცხვილია. ამიტომ, ახლობლების დაკავების და მკვლელობის ფაქტებსაც მალავენ.

იყო შემთხვევები, როდესაც ამ მოტივით დაკავებულები, "დაუდასტურებლობის" გამო გაათავისუფლეს, მაგრამ შემდეგ მათ ნათესავებისგან შეექმნათ საფრთხე, რადგან ჩეჩნეთში არსებობს "ღირსებისთვის მკვლელობისა და სინდისის გაწმენდის ადათი", რაც "შერცხვენილი ადამიანის" მათივე ხელით მოკვლის შემდეგ, საგვარეულოსთვის სირცხვილის ჩამორეცხვას ნიშნავს.

ორი თვის წინ, რუსმა ლგბტ აქტივისტებმა ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის ოთხი ქალაქის ხელმძღვანელობას გეი-პარადების სერიის ჩატარების გადაწყვეტილების ნებართვის თხოვნით მიმართეს.

მსვლელობის ჩატარება იგეგმებოდა ნალჩიკის ისტორიული ცენტრის მთავარ ქუჩებზე. ასევე ჩერქეზსკის, სტავროპოლსა და მაიკოპში, მაგრამ ოთხივე ადგილიდან უარი მიიღეს. ინიციატორი ლგბტ-ს აქტივისტი ნიკოლაი ალექსეევი იყო.

ამ მოთხოვნას ჩრდილოეთ კავკასიაში მასობრივი პროტესტი მოჰყვა. გაჩნდა სხვადასხვა შინაარსის ვიდეორგოლები, რომლებშიც არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების დახოცვის მოწოდებები ისმოდა. კადიროვმაც დრო არ დაკარგა და ჩეჩნეთში "პროფილაქტიკური წმენდის" ჩატარება ბრძანება გასცა...

ალექსეევი, აქტივისტის საქმიანობის გარდა, განთქმულია ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის სასამართლოებში შეტანილი მრავალრიცხოვანი სარჩელებით: აქციის შეთანხმებისას თითოეულ მიღებულ უარს ის რუსეთის სასამართლოებში ასაჩივრებს, შემდეგ სარჩელი ევროპის ადამინის უფლებათა სასამართლოში იგზავნება.

საქმე ის არის, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩეჩნეთში სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლების გატაცების გამოძიებას მხარი დაუჭირა, მაგრამ ფრანგი უფლებადამცველების ჯგუფი მიიჩნევს, რომ გამოძიება არაეფექტურია და ჩეჩნეთს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში უჩივის...

პრეზიდენტ კადიროვის განცხადებით, ისლამურ ქვეყნებში ლგბტ თემის წარმომადგენლები უბრალოდ არ არსებობდნენ და შესაბამისად, ქვეყნის პოლიციაში ლგბტ თემის წარმომადგენლის მიერ შეტანილი ოფიციალური საჩივარი არ ფიქსირდება.

თუმცა, ამავდროულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, თუ მათი შვილი გეია, მოკლან. ამის შესახებ ერთ-ერთი გადარჩენილი ყვება. "2 კვირის განმავლობაში აწამეს ერთი ბიჭი, შემდეგ მისი ოჯახი დაიბარეს და უთხრეს, თქვენი შვილი ჰომოსექსუალია, ან თავად გაუსწორდით ან ჩვენ მივხედავთო", - ამბობს ის.

რამდენიმე დღის წინ, ბრიტანეთის პარლამენტში დეპუტატმა, ალან დუნკანმა მომხდარზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფუნდამენტალისტი ლიდერი აპირებს, ლგბტ თემი რამადანის დაწყებამდე, 26 მაისამდე "გააქროს".

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"