თვითმარქვია თაღლითი, რომელმაც თავი სოფი ლორენის შვილად გაასაღა - კრისტოფ როკანკურის კრიმინალური ცხოვრება

თვითმარქვია თაღლითი, რომელმაც თავი სოფი ლორენის შვილად გაასაღა - კრისტოფ როკანკურის კრიმინალური ცხოვრება

მართალია, ყველა თაღლითს საქმიანობის განსხვავებული სფერო და "მუშაობის" ინდივიდუალური სტილი აქვს, მაგრამ ყველას საერთო მიზანი - სხვათა მოტყუებით გამდიდრების სურვილი ამოძრავებს. გამონაკლისი არც თვითმარქვია კრისტოფ როკანკურია, რომელიც ხან მსახიობ სოფი ლორენის შვილად, დიზაინერ ოსკარ დე ლა რენტას და პროდიუსერ დინო დე ლაურენტისის ნათესავად, ხან როკფელერის დინასტიის შთამომავლად, მრავალმილიონიანი ქონების მემკვიდრედ ასაღებდა თავს და ბიზნესმენებთან ერთად, ცნობილი ჰოლივუდელების გაბრიყვებასაც არ ერიდებოდა.

კრიმინალური "კარიერის" დასაწყისი

კრისტოფ როკანკური 1967 წლის 16 ივლისს დაიბადა ნორმანდიის სანაპიროზე მეთევზეთა პატარა სოფელ ონფლორში. მშობლები ადრე დაეღუპა, მისი აღზრდა კი, დეიდამ ითავა, თუმცა მალე მობეზრდა, ცხრა წლის კრისტოფი სენტ-ჟერმენის თავშესაფარში გაამგზავრა და შესაძლოა, სწორედ იქ გაუჩნდა ახალგაზრდა მეძავისა და ლოთი მღებავის უკანონო შვილს რეალური წარმომავლობის დავიწყების და სრულიად ახალი პიროვნების შექმნის სურვილი.

სამხედრო მოსამსახურის ოჯახში მოხვედრილმა თავნება და დაუმორჩილებელმა კრისტოფმა დიდხანს ვერ გაუძლო დისციპლინის მკაცრ მოთხოვნებს და გაქცევის რამდენიმე მცდელობის შემდეგ პარიზში აღმოჩნდა, სადაც მართალია, ნაკლები წარმატებით ასაღებდა თავს წარჩინებული გვარის - გალიცინის შთამომავლად, მაგრამ დოკუმენტების გაყალბებით მაინც შეძლო მდიდრული სახლის გაყიდვა და პირველი მილიონის შოვნა. წარმატებით ფრთაშესხმულმა როკანკურმა 1980-1990-იან წლებში კიდევ რამდენიმე მსგავსი აფიორა განახორციელა საფრანგეთში, მერე კი, შვეიცარიაში გადაინაცვლა, სადაც ჩეკების, საკრედიტო ბარათების გაყალბებით და წვრიმანი ქურდობით გაითქვა სახელი, საიუველირო მაღაზიის ძარცვის შემდეგ კი, როცა პოლიციამ მისი ძებნა გამოაცხადა, ოკეანის გადაღმა გამგზავრება და ამერიკის "დაპყრობა" გადაწყვიტა.

როკანკურის ამერიკული ვოიაჟი

ლოს-ანჯელესში გაშინაურებულმა როკანკურმა სიამოვნებით აღმოაჩინა, რომ ამერიკელები ბევრად ბრიყვები და მიმნდობები იყვნენ, ვიდრე ევროპელები და სწრაფად შეუდგა საჭირო ნაცნობების შეძენას - ღვინით მოვაჭრე, ვინმე ჩარლზ გლენს ევროპის უძლიერეს მოკრივედ წარუდგინა თავი და განუცხადა, რომ ამერიკაში აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ჩამოვიდა, ამგვარი ნაცნობობით ამაყმა გლენმა კი, "ევროპელი ჩემპიონი" თავის მხრივ ჯერ ცნობილი რესტორნის Mორრის -ის მუდმივ კლიენტებს - რესპექტაბელურ საზოგადოებას გააცნო, მერე კი, მთელი თვე დაატარებდა ღამის კლუბებში.

მართალია, როკანკური არასდროს გამოირჩეოდა განსაკუთრებული გარეგნობით, მაგრამ საკუთარი კომუნიკაბელურობის წყალობით ყოველთვის სწრაფად ახარხებდა ქალბატონების ნდობის, მათი კეთილგანწყობის მოპოვებას და ევროპულ გალანტურობასთან ერთად ძვირფასი საჩუქრებითაც ანებივრებდა.

ახალგაზრდა ლამაზმანს გრაი პარკს როკანკური ცნობილი პროდიუსერის დინო დე ლაურენტისის ნათესავად გაეცნო, სწრაფად მოხიბლა თავისი ფრანგული აქცენტით, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულ შარმს მატებდა და ქორწინებც აღნიშნა ლას-ვეგასში, თუმცა ვნებების ჩაცხრომასთან ერთად, აღფრთოვანებაც გაქრა და გრაიმ მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ თითქმის არ იცნობდა საყვარელ მეუღლეს. ეჭვი მეგობრებმა გაიზიარეს, რომელთა დახმარებით სერიალების ვარსკვლავმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღო გამოძიების ფედერალური ბიუროსგან და მის იმედგაცრუებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა აღმოაჩინა, რომ ცნობილი პროდიუსერის ნათესავის ნაცვლად, იმ კრისტოფ როკანკურს გაჰყვა ცოლად, ვისაც შვეიცარიის პოლიციის მოთხოვნით მთელი ინტერპოლი ეძებდა.

1995 წელს პატიმრობას თავდაღწეული ავანტურისტი ისევ ამერიკაში დაბრუნდა, მორიგ ლამაზმანზე - ჟურნალ Pლაყბოყ-ის მოდელზე პია რეისზე იქორწინა და ვაჟიშვილი ზევსიც შეეძინა. კრისტოფი ოჯახთან ერთად ჰოლივუდში, რესპექტაბელურ სასტუმროში ღეგენტ Bევერლყ ჭილსჰირე-ში დაბინავდა, საკუთარ თავს ხან პროდიუსერად, ხან ბირჟის მაკლერად ასაღებდა და შეძლებული ირანელი ბიზნესმენის ხელგაშლილობითაც სარგებლობდა, რომელმაც ევროპელ მეგობარს ჯერ 200 ათასი დოლარი ასესხა, მერე 25 ათასის მოდური ტანსაცმელი შეუძინა, ბოლოს კი Fერრარი-ის ფირმის ავტომობილიც უსახსოვრა.

* როკანკური - ყალბი კინოპროდიუსერი -

თითქმის ჩამქრალ ვარსკვლავს მიკი რურკს თაღლითი სანსეტ ბულვარის ერთ-ერთ ბარში გაეცნო პროდიუსერად და სწრაფადაც დაუმეგობრდა. რურკმა თვითმარქვია როკანკური მეგობრებს წარუდგინა და ამაყად განუცხადა, რომ სწორედ ის დააბრუნებდა დიდების მწვერვალზე. გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ როკანკური დიდხანს კვებავდა რურკს ილუზიებით, მერე კი, მორიგი გაფერმკლთალებული ვარსკვლავი - ჟან-კლოდ ვან დამი გაიცნო და მისი ნდობაც მოიპოვა. ბოევიკების კუნთმაგარი გმირისგან კრისტოფერს არც უფიქრია ფულის გამოძალვა, მეტიც, თვითონ შეჰპირდა 40 მლნ. დოლარს ახალი ფილმის გადასაღებად, რადგან იმედი ჰქონდა, რომ სწორედ"უნივერსალური ჯარისკაცი" დაეხმარებოდა მდიდარი და ცნობილი ჰოლივუდელების ვიწრო წრეში ადგილის დამკვიდრებაში.

თაღლითით მოჯადოვებული ჰოლივუდი

ღოლეხ-ის საათით და ძვირფასი აქსესუარებით, ყოველთვის საუცხოო კოსტუმში გამოწყობილი როკანკური სწრაფად იძენდა მეგობრებს, მით უფრო, რომ ყოველთვის თვითნ ასწორებდა ანგარიშს ფეშენებლურ რესტორნებში და გულუხვად ასაჩუქრებდა სასტუმროს მომსახურე პერსონალს, ვერტმფრენით, ლიმუზინით ან მილიარდერ დოდი ალ ფაედის ყოფილი Hუმმერ-ით დაიარებოდა ლოს-ანჯელესის ქუჩებში და  საკუთარ ძალებში დარწმუნებული, წარმატებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ხელსაყრელ მომენტში კი, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებთან ნაცნობობას იხსენებდა და სულ სხვათაშორის აღნიშნდა, რომ სწორედ მისი სარფიანი შეავაზებების წყალობით შეძლეს მათ საკუთარი კაპიტალის დაგროვება. "სწრაფი ფულის" შოვნის მსურველები ჰოლივუდშიც მრავლად აღმოჩდნენ და როკანკურიც სიამოვნებით ებმებოდა ნებისმირ ავანტიურაში.

ყალბი როკფელერი ნიუ-იორკში-

მართალია, 1998 წელს როკანკური ლოს-ანჯელესიდან ოჯახთან ერთად გაქრა, მაგრამ ერთ წელიწადში ნიუ-იორკში გამოჩნდა, ქვემო მანჰეტენზე მდიდრულ აპარტამენტებში დაბინავდა და როკფელერის ცნობილი დინასტიის წარმომადგენლის სახელით შეუდგა შეძლებული ამერიკელების ფინანსების მითვისებას. ახალ ნაცნობებს როკანკური სარფიანად ინვესტირების წყალობით დანაზოგის გაორმაგებას ჰპირდებოდა, სანაცვლოდ კი, მხოლოდ მოკრძალებულ ავანსს - 50 ათას დოლარს ითხოვდა. რა თქმა უნდა, ბევრმა ვერ შეძლო მაცდუნებელ წინადადებაზე უარის თქმა და მახეშიც გაება. ერთ-ერთმა მდიდარმა ქალბატონმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, გალანტურ კავალერს ჯერ 90 ათასი დოლარი ასესხა, მერე კი, საკუთარ სახლში 250 ათასი დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა დაკარგა, თუმცა სასტიკად აუკრძალა პოლიციას საკუთარი სახელის როკანკურის საქმეში მოხსენიება.

იხილეთ არაჩვეულებრივი ისტორია palitranews.ge-ზე

კრისტოფს ყველგან პირად მცველთან - მელოტ ჯოზეფთან, რომელიც სინამდვილეში ბრუკლინელი დანტე დანიელო იყო თავისი ბნელი წარსულით და მშვენიერ ქალბატონთან ლორენთან ერთად ხედავდნენ. ტრიო მუდმივად ცნობილ რესტრანს Pალმ თოო-ს სუმრობდა, სადაც როკანკური მხოლოდ VIP- მაგიდასთან სადილობდა და ძვირადღირებულ შამპანურს უკვეთავდა, კუბურ სიგარას ეწეოდა და მომავალ მსხვერპლს ეცნობოდა. მოგვიანებით, თაღლითი თავს იმართლბდა, რომ შეძლებული ადამიანები თვითონ თხოვდნენ ფინანსების სარფიანად დაბანდებას და არც ცრუობდა. ზუსდად ასე მოხდა სპორტული კლუბის მფლობელის, მომხიბვლელი კარინის შემთხვევაშიც, რომელიც სულ რამდენიმე წუთში დათანხმდა საკუთარი დანაზოგის მომგებიან ინვესტიციად ქცევას და მორჩილად ჩააბარა როკანკურ-როკფელერს 14 ათასი დოლარი. თუმცა, ბედის ირონიით, სწორედ კარინი გახდა ავანტურისტის მხილების მიზეზი, როცა დარჩენილი თანხის - 125 ათასი დოლარის გადაცემად სასუმროში მიაკითხა და ვერავის მიაგნო, რადგან ჰემპტონში თვითმარქვია სასტუმროსთან ერთად, გვარსაც ხშირად იცვლიდა და რაც მთავარია, ყოველთვის ახერხებდა ანგარიშის გასწორებისგან თავის დაღწევას.

სწორედ სასტუმროს ვალი - 19 ათასი დოლარი იქცა 2000 წელს როკანკურის დაკავების ფორმალურ მიზეზად, რომელიც პოლიციამ ფაბიენ ორტუნოს სახელით დააკავა, თუმცა 45 ათასი დოლარის გირაოს სანაცვლოდ სწრაფად გაათავისუფლა და მოგვიანებით ძალიან ინანა, რადგან როცა ორტუნო სასამართლოში არ გამოცხადდა, პოლიციამ მისი თითის ანაბეჭდები მონაცემთა ბაზაში გადაამოწმა და მიხვდა, რომ ხელიდან საერთაშორისო თაღლითი კრისტოფ როკანკური დაუსხლტა, რომელმაც ჯერ ვენესუელაში აზარალა ადგილობრივი ელიტა, მერე კი, კანადაში გადაინაცვლა, სადაც მართალია როკფელერის გვარზე უარის თქმა მოუწია, მაგრამ ჩვეული საქმიანობა მაინც გააგრძელა.

გამოუსწორებელი თაღლითი

კანადის საპატიმროში როკანკურმა ავტობიოგრაფიული წიგნი დაწერა და სინანულის ნაცვლად მასხრად აიგდო ყველა, ვინც მის მაქინაციებს ემსხვერპლა, "საერთოდ არ მეცოდებიან ეს ადამიანები, რადგან ისინი არა მე, არამედ საკუთარმა სიხარბემ დაღუპა", - განუცხადა თაღლითმა ჟურნალისტებს, როცა კანადაში სასჯელის მოხდის შემდეგ, 2002 წელს შეერთებული შტატებში წარსდგა სასამარლოს წინაშე და ქურდობასა და მექრთამეობაში, ფულის გამოძალვასა და ცრუმოწმეობაში, დოკუმენტების გაყალბებაში, იარაღის უკანონო შესახვასა და კიდევ რამდენიმე დანაშაულში წაყენებული ბრალდება მოისმინა.

ოფიციალურად, როკანკურს 19 ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა, დაზარალებულთა უმრავლესობამ, პირველ რიგში კი, ჰოლივუდის ბომონდმა არც სასამართლოს მიმართა, არც საქმის განხილვაში მიიღო მონაწილეობა. მაქსიმალური სასჯელის - 20-წლიანი პატიმრობის თავიდან ასაცილებლად როკანკურმა დანაშაული სამ პუნქტში აღიარა და 5-წლიანი პატიმრობაც მიიღო 9 მლნ. დოლარის ჯარიმასთან ერთად, რაც ნამდვილად არაფერია იმ ნადავლთან შედარებით, რომელიც თაღლითმა წლების მანძილზე დააგროვა (როგორც ამბობენ, როკანკურის მრავალწლიანმა "ბიზნესმა" 40 მლნ. დოლარის მოგება ნახა), მითუმეტეს, რომ 2005 წელს ვადაზე ადრე განთავისუფლდა საპატიმრდან, თუმცა, მწარე გამოცდილების მიუხედავად მაინც ვერ ისწავლა ჭკუა. კრისტოფ როკანკური დღესაც საკმაოდ ხშირად სტუმრობს საერთაშორისო კინოფესტივალებს, ელიტარულ წვეულებებს და არავინ იცის სად ან ვისი სახელით გამოჩნდება მომავალში.

იხილეთ არაჩვეულებრივი ისტორია palitranews.ge-ზე

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"