კრიზისი რუსულ ავიაციაში - რუსი პილოტები ადგილობრივი ავიაკომპანიებიდან გარბიან

კრიზისი რუსულ ავიაციაში - რუსი პილოტები ადგილობრივი ავიაკომპანიებიდან გარბიან

რუსეთის სახელმწიფო სამსახურები და ავიაკომპანიები ცდილობენ, რუსეთიდან უცხოეთში სამუშაოდ წასული პილოტების ნაკადი როგორმე შეაკავონ. თუმცა, პილოტებს არ სჯერათ მათი და ხელფასის მომატებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების დაპირების მიუხედავად, სხვა ქვეყანაში ეძებენ სამსახურს.

Коммерсант-ის ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში 300-ზე მეტმა ფრენების მიმართულების ხელმძღვანელმა და პილოტმა დატოვა რუსეთი. 400-ზე მეტი კი წასვლის პროცესშია. მათმა უმეტესობამ ჩინეთს მიაშურა, ნაწილი კი - ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში წავიდა.

BBC-ის რუსული სამსახურის ინფორმაციით, კომპანია "აეროფლოტმა", ბოლო დღეებში 20 პილოტი გაუშვა სამსახურიდან, მისი გენერალური დირექტორის, ვიტალი საველევის თქმით, კომპანიის აქციონერთა ბოლო შეკრებაზე ცნობილი გახდა, რომ მას 120 მათგანი ტოვებდა.

BBC-ის მონაცემებით, სამი მსხვილი ავიაკომპანია, Сибирь" (S7), UTair და "Уральские авиалинии , პილოტებს მასობრივად ათავისუფლებს, თუმცა, ამაზე ხმამაღლა არ საუბრობენ. რუსულ ავიაციაში არსებულ ვითარებას ჯერჯერობით კრიზისულს ვერ უწოდებენ, მაგრამ ადასტურებენ, რომ მაღალი კლასის პილოტები მათგან მართლაც გარბიან.

მხოლოდ 2016 წელს, რუსეთიდან ჩინეთში 81 მაღალკვალიფიციური პილოტი წავიდა, 2015 წელს კი 200-ზე მეტი... ბოლო წლების განმავლობაში, სულ რამდენმა პილოტმა დატოვა რუსეთი, ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ ხმაურდება, მაგრამ რუსი ჟურნალისტების თქმით, სადაც 200 ითქვა, იქ სულ მცირე 700 პილოტია წასული, რომელთა გამოცდილებაც საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს.

Росавиации-ს ინფორმაციით, რუსეთში 12 ათასი კომერციული პილოტია, თუმცა, მათ შორის, მაღალი კლასის მფრინავები გაცილებით ნაკლები. პროფესიონალების წასვლაში მედია ხელმძღვანელობასთან ერთად, რუს მაღალჩინოსნებსაც ადანაშაულებს.

BBC-ის ადგილობრივი სამსახურის თქმით, პილოტები პრობლემებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ პილოტების გადინების პროცესი მხოლოდ ახლა დაიწყო და როგორც წესი, მას ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება. მათივე თქმით, ნებისმიერ უცხო ქვეყანაში, მათ შორის ჩინეთში, ანაზღაურება მეტია.

რუსეთში ყველაზე მსხვილი კომპანიების, Аэрофлота-სა და Россия-ს ფრენის მიმართულების ხელმძღვანელის თვიური ანაზღუარება, დაახლოებით, 2-დან, 6,5 ათას დოლარამდეა, მაშინ როდესაც მათ კოლეგებს ევროპაში, საშუალოდ, 4-დან 7,5 ათას დოლარამდე უხდიან; ამერიკაში კი 14 ათას დოლარზე მეტს, ხოლო ჩინეთში მათი ყოველთვიური ანაზღაურება, - 17-დან 25 ათას დოლარამდეა.

რუსულ ავიაკომპანიაში მომუშავე პილოტების თქმით, მათი კოლეგების მასობრივი წასვლის მიზეზი ისევ და ისევ ფინანსური მხარეა. გამოცემასთან საუბრებში ისინი ამბობენ, რომ ბოლო დროს ისედაც დაბალი ხელფასი კიდევ უფრო შეუმცირეს, მიზეზად კი, რუბლის გაუფასურება მოჰყავთ. მათივე თქმით, რუსული ავიაკომპანიები ფინანსური ხარჯების შემცირებას ცდილობენ, რათა თანხებთან დაკავშირებულ პრობლემებს როგორმე გაუმკლავდნენ.

ამ სფეროში არსებული კრიზისის კიდევ ერთ მიზეზზე საუბრობს გადამზიდი სააგენტო АвиаПорт-ის ხელმძღვანელი ოლეგ პანტელეევი, რომლის თქმითაც, 2015-2016 წლებში, ავიაგადაზიდვები კატასტროფულად შემცირდა, რამაც თავის მხრივ რეისების შემცირება და პილოტების უმუშევრად დარჩენა გამოიწვია.

"ავიაგადაზიდვები ბოლო წლებში 20%-ით შემცირდა, რაზეც ბოლო ხანებში ავიაბაზარზე აქტიურად საუბრობენ... ჯერ კიდევ შარშანწინ ავიაპარკებში ახალი თვითმფრინავები შემოჰყვადათ, შარშან და წელს ამის საჭიროება არ არის... ერთ თვითმფრინავს სრული დატვირთვით მუშაობისთვის, 5 ეკიპაჟი სჭირდება, ჩვენ კი 10 გვყავს... ახლა არსებული რელობის თანახმად, მეორე პილოტები ჯერ კიდევ ბევრია, მაგრამ ხელმძღვანელები არ გვყოფნის, რადგან ძალიან ბევრი უცხოეთში წავიდა...", - ამბობს ავიაექსპერტი.

არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, - კომპანია Трансаэро-ს კრახი, რომლის მიმართაც რუსეთს დიდი მოლოდინი ჰქონდა, თუმცა, ის ჩაფლავდა და თანამშრომლებისთვის ხელფასის გადახდა ვერ შეძლო. გარდა ამისა, იყო ტექნიკური ხარვეზებიც, უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, რაც ჩინეთის ავიამარშუტებში არაერთხელ გამოვლინდა. ამის გამო, მაშინ რუსეთის ავიაკომპანიებს ჩინეთთან ურთერთობა იმდენად გაუფუჭდათ, რომ რუს პილოტებს ჩინურ კომპანიებში მუშაობაზე უარს ეუბნებდნენ. ვითარება მხოლოდ 2015 წელს გამოსწორდა და ჩინეთს ასობით რუსი პილოტი მიაწყდა...

მას შემდეგ, რაც ჩინეთის ავიაცია რუსი პილოტებისთვის ისევ გაიხსნა, რუსეთი თავის დანაკარგზე დაფიქრდა და "გამოსავალი იპოვა", - გარკვეული დროის შემდეგ, მათთვის ჩინეთის გზის დაკეტვა გადაწყვიტეს;

მოგვიანებით, რუსეთის ავაკომპანიებმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს ჩინელებთან და გარკვეული პირობების სანაცვლოდ, მათ თხოვეს, რუსი პილოტები არ აეყვანათ... შეთანხმება შედგა და ჩინურმა კომპანიებმა რამდენიმე რუს პილოტს მიღებაზე უარი უთხრა. ამის შესახებ, შერემეტევის პროფესიული კავშირების ხელმძღვანელი, იგორ დელდიუჟევი აცხადებს. მისივე თქმით, იგივე შეთანხმება რუსეთს ირლანდიასა და კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან აქვს, სადაც რუსი პილოტები ავტომატურად იბლოკებიან, თუმცა, წლების წინ წასული ნაცნობების შუამავლობით კადრების ქვეყნიდან გასვლის ტალღა მაინც არ წყდება...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"