აშშ-სა და რუსეთის დაპირისპირების მოკლე ისტორია - ქვეყნები, სადაც ზესახელმწიფოები ძალაუფლებას ვერ იყოფენ

აშშ-სა და რუსეთის დაპირისპირების მოკლე ისტორია - ქვეყნები, სადაც ზესახელმწიფოები ძალაუფლებას ვერ იყოფენ

საქართველო, უკრაინა, სირია, ირანი, ვენესუელა - ეს იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალია, რომელთა მიმართებაშიც ვაშინგტონისა და მოსკოვის პოზიციები არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან.

აშშ-ის და რუსეთის შეხედულებები ყოველთვის განსხვავებული იყო. გასული საუკუნის 1950-იან წლებში ცივი ომის სახელით წარმოქმნილი დაპირისპირება, სწორედაც რომ, სსრკ-ს და აშშ-ს შორის არსებულმა სახელმწიფოებრივი განვითარების რადიკალურად სხვადასხვა პოლიტიკურ-ეკონომიურმა მიმართულებამ განაპირობა.

არაერთგზის გადატვირვის პროგრამების ამოქმედების მიუხედავად, მხარეებმა საერთო ენის გამონახვა ვერ შეძლეს. სავარაუდოდ, ეს არც არასდროს მოხდება - მეტად განსხვავებულია ამერიკისა და პოსტ-საბჭოთა სივრცის ნანგრევებზე აღმოცენებული "დემოკრატიული" რუსეთის აზროვნება-შეხედულებებიც.

ზაფხულის მიწურულს ვაშინგტონი და მოსკოვი მორიგი კონფრონტაციის ზღვარზე აღმოჩნდნენ. 31 აგვისტოს აშშ-მა რუსეთს 48 საათში სან-ფრანცისკოში გენერალური საკონსულოს დახურვა მოსთხოვა. მუშაობა ასევე უნდა შეწყვიტოს ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში მდებარე რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობებმა.

ვაშინგტონისა და მოსკოვის 208-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის განმავლობაში მსგავსი რამ პირველად ხდება. ცივი ომის დროსაც კი ბირთვული ომის ზღურბლზე მყოფი სახელმწიფოები გაცილებით ფრთხილ დიპლომატიას მიმართავდნენ.

ორი ქვეყნის ურთიერთობა დასაბამს 1809 წელს იღებს. რუსეთში აშშ-ის პირველი ელჩი, ჯონ ქუინსი ადამსი გახდა, რომელიც შემდგომ აშშ-ის მე-6 პრეზიდენტად იყო არჩეული. 1824 წლის 5 აპრილს სანქტ-პეტერბურგში რუსულ-ამერიკულ კონვენციას მოეწერა ხელი, რომელშიც ვაჭრობის, ზღვაოსნობისა და თევზჭერის საკითხები იყო გაწერილი.

თითქმის 200 წლის წინ მსოფლიო გაცილებით "დიდი" იყო ვიდრე დღეს. ორივე ქვეყანას უზარმაზარი აუთვისებელი ტერიტორია ჰქონდა და აზრთა სხვადასხვაობამდე და კონფრონტაციამდე ჯერ კიდევ შორი იყო.

პირველი უთანხმოება მხარეებს შორის რუსეთში ალექსანდრე III-ის იმპერატორობისას წარმოიშვა. დაწყებული 1885 წლიდან ქვეყნებმა ღიად თუ მალულად პაექრობა დაიწყეს. მრეწველობის ბევრ დარგში ჩამორჩენის ლიკვიდაციას რუსეთის იმპერია ევროპიდან ჩამოყვანილი სპეციალისტების ხარჯზე ცდილობდა.

1917 წელი და ბოლშევიკური რევოლუცია რუსეთ-ამერიკის ურთიერთობაში ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტია. დაბნეული ამერიკელები ერთხანს რევოლუციურ მთავრობას უჭერდნენ მხარს, შემდგომ მენშევიკების მხარეს გადავიდნენ და წითლების წინააღმდეგ ევროპასაც აქეზებდნენ. შედეგად, აშშ-მა სსრკ როგორც სახელმწიფო მხოლოდ 1933 წელს ცნო. საგულისხმოა, რომ ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობის დაწყებამდე, მოსკოვი და ვაშინგტონი ეკონომიკურ სფეროში აქტიურად თანამშრომლობდნენ.

1920-1930-იან წლებში ვოლგოგრადში, ჩელიაბინსკსა და ხარკოვში პირველი ტრაქტორთმშენებლი ქარხნები ამერიკელმა ბიზნესმენებმა ააშენეს. ერთ-ერთი მათგანი ჰენრი ფორდი იყო, რომელიც ქალაქ გორკში ავტოქარხნის მშენებლობას ჩაუდგა სათავეში. ამერიკულმა კომპანიებმა მაგნიტოგორსკსა და კუზნეცკში ორი უზარმაზარი მეტალურგიული კომბინატი ააგეს.

გავა დრო და სსრკ ამ "დახმარებას" დაივიწყებს და მსოფლიო არენაზე მიღწეულ "წარმატებას" მხოლოდ საკუთარ უშრეტ შესაძლებლობებს მიაწერს.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მრავალი პრობლემის მიუხედავად (ეკონომიური და ტექნოლოგიური ჩამორჩენილობა, ომისგან მიწასთან გასწორებული ქვეყნის დასავლეთი ნაწილი), სსრკ-მა საერთაშორისო არენაზე აქტიურად დაიწყო ადგილის დამკვიდრება. მოკავშირეები მოსისხლე მტრებად გადაიქცნენ. ზესახელმწიფოს სტატუსისთვის ბრძოლაში აშშ და სსრკ ყველა საშუალებას იყენებდნენ. მსოფლიო "დაპატარავდა". პოლიტიკური ინტერესების გატარებისთვის, მხოლოდ საკუთარი ქვეყანა აღარ კმაროდა. საჭირო იყო გავლენის ქვეშ რაც შეიძლება მეტი ქვეყნის მოქცევა.

მოსკოვიც და ვაშინგტონიც გიგანტური რვაფეხასავით "საცეცებით" დედამიწას ზვერავდნენ. ინეტრესთა შეუთავსებლობის ადგილებში, სადაც "საცეცები" ერთმანეთს ეხებოდა, ცხელი წერტილები ჩნდებოდა. პირველი ასეთი კორეა იყო.

აღმოსავლეთ ევროპაში, სოციალისტური წყობის დამყარებასთან ერთად, მოსკოვმა სოციალისტური აზრები ჩინეთსა და კორეასაც მოახვია თავს. აზიაში საკუთარი ინტერესების დაცვას აშშ-ც შეეცადა. შედეგად, აი, უკვე 64 წლის განმავლობაში შუაზე გახლეჩილი ორი კორეა მივიღეთ.

გასული საუკუნის მეორე ნახევარში მსგავსი კონფრონტაციის ადგილები პლანეტის მასშტაბით ბევრი იყო. ორივე ქვეყნის ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიეთ, მოქალაქეებს სსრკ-ს მიმართ (და პირიქით) სიძულვილს უღვივებდა. აშშ-ში დაწყებული ანტიკომუნისტური ისტერია ისტორიაში "ალქაჯებზე ნადირობის" სახელით შევიდა.

ლათინური ამერიკა, კუბა, ვიეტნამი, ეგვიპტე, ისრაელ-არაბეთის ომები, ახლო აღმოსავლეთი - ყველა ამ ადგილას წამოწყებული ლოკალური კონფლიქტი ვაშინგტონისა და მოსკოვის მსოფლიოზე ბატონობისთვის ბრძოლის შედეგია. ცივი ომის პირობებში, თანამედროვე შეიარაღებისა და მასიური განადგურების საშუალებების შექმნაზე მხარეეები მილიარდებს ხარჯავდნენ.

1970-იან წლებში აშშ-სა და სსრკ-ს შორის განმუხტვის ეტაპი დაიწყო. 1972 და 1979 წლებში სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ორი ხელშეკრულება გაფორმდა. იმავე 1979 წელს, ავღანეთში ჯარების შეყვანის გამო, ვაშინგტონი მოსკოვს მკაცრად გააკრიტიკებს და 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადას ბოიკოტს გამოუცხადებს.

1989 წლის 3 დეკემბერ ჯორჯ ბუშ უფროსმა და მიხეილ გორბაჩოვმა მალტაში შეხვედრისას განაცხადეს, რომ ცივ ომს წერტილი დაესვა. ერთი წლის თავზე წერტილი სსრკ-საც დაესვა. ფაქტობრივად, ამერიკა მსოფლიოში ერთადერთი დომინანტი და გავლენიანი სახელმწიფო გახდა.

ურიგო არ იქნებოდა, რუსმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც დღეს ტრიბუნიდან ხმამაღლა გაყვირიან, რომ ამერიკული სანქციები მათ ვერაფერს ავნებს, გაიხსენონ, როგორ ეხმარებოდა "დამპალი" ამერიკა მათ ფინანსურად 1990-იანი წლების დასაწყისში. 1994-1997 წლებში ვაშინგოტნმა მოსკოვს თითქმის 5 მლრდ დოლარი გამოუყო.

ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ოდესღაც "დერჟავის" სტატუსს მიჩვეულმა მოსკოვმა, გავლენის დაკარგვა დაიწყო. ერთ დროს სოციალსტური იდეების გამტარებელი ჩეხეთი, პოლონეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი - "მტრის ბანაკში" გადავიდნენ და NATO-ს წევრები გახდნენ. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ყოველი მორიგი გაფართოება ან პარტნიორად ახალი ქვეყნის გამოცხადება მოსკოვისთვის მტიკვნეული დარტყმაა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზეა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"