ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ სატვრთო გემის ღაზას სექტორის ნაპირებამდე მისვლას არ დაუშვებს.
გემი "რეიჩელ კორი", რომელზეც საერთაშორისო აქტივისტები იმყოფებიან, ღაზას სექტორის ნაპირებისკენ სვლას და ისრაელის ეკონომიკური ბლოკადის გარღვევას ცდილობს.
გემზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა "ბი-სი-სი"-ს უთხრა, რომ გემი ისრაელის ტერიტორიულ წყლებთან მიახლოებას აპირებს. მისივე თქმით, გემზე ჰუმანიტარული ტვირთის გარდა, რომელშიც სამშენებლო მასალები შედის, 20 ადამიანი იმყოფება.
სხვადასხვა მონაცემებით, გემზე უკვე იმყოფებიან ისრაელის სამხედროები. ებრაული გამოცემა "Jerusalem Post"-ის ინფორმაციით, სამხედროების გემზე გადასხმა 05.50 საათზე განხორციელდა. მანამდე კი, ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ავიგროდ ლიბერმანმა განაცხადა, რომ ხომალდი ღაზას სექტორის ნაპირებს ვერ მიაღწევდა.
ამასთან, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ისრაელის სპეცრაზმმა ხმელთაშუა ზღვაში 6 გემისგან შემდგარი "თავისუფლების ფლოტილიის" დაკავების ოპერაცია 1 ივნისს უკვე ჩაატარა. ფლოტილია ღაზას სექტორისკენ მიემართებოდა. გემებზე მყოფთა უმეტესობა თურქეთის მოქალაქეები იყვნენ. სპეცოპერაციის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, ისრაელმა მხოლოდ 9 ადამიანის დაღუპვა დაადასტურა.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოში ისრაელის საელჩომაც.
განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ღაზას მიმართულებით მცურავი ფლოტილია ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასის" აშკარა და გამიზნული პროვოკაცია იყო.
უცხოური სააგენტოების ცნობით, ისრაელისა და ეგვიპტის მხრიდან ღაზას სექტორის ეკონომიკური ბლოკადა თითქმის მესამე წელია ხორციელდება და მას შემდეგ დაიწყო, რაც ღაზას სექტორში გასამხედროებული მოძრაობა "ჰამასი" გააქტიურდა. ისრაელი შიშობს, რომ გემზე არა ჰუმანიტარული ტვირთი, არამედ "ჰამაისისთვის" განკუთნილი იარაღია.
თურქეთმა უკვე განაცხადა, რომ ანკარა თელ-ავივთან კონტაქტებს შეამცირებს. ამის პარალელურად, არაბულ ქვეყნებში მთელი კვირის განმავლობაში არ წყდებოდა პალესტინის ავტონომიის მხარდამჭერი მიტინგები.
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ერდოღანმა განაცხადა, რომ "ჰამასს" ტერორისტულ ორგანიზაციად არ მიიჩნევს.
თურქეთის ეროვნული ტელევიზიით გამოსვლისას, ერდოღანმა "ჰამასის" წარმომადგენლებს "წინააღმდეგობის მებრძოლები" უწოდა, რომლებიც თავის სამშობლოს იცავენ. სტამბოლის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა, რომლებმაც ისრაელის ქმედებები დაგმეს.