დაუნინგ სტრიტ 10 - გაერთიანებული სამეფოს ყველაზე ცნობილი მისამართი

დაუნინგ სტრიტ 10 - გაერთიანებული სამეფოს ყველაზე ცნობილი მისამართი

დაუნინგ სტრიტ 10 - ვესტმინსტერის სააბატოს, ბუკინგემის სასახლის, ბიგ-ბენისა და თაუერის ხიდთან ერთად ლონდონისა და, ზოგადად, დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად მიიჩნევა. აქ მდებარეობს ლორდ-ხაზინადარის ოფიციალური რეზიდენცია, რომელიც 1905 წლიდან ასევე დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოსა და ჩრდილო ირლანდიის პრემიერ-მინისტრია.

ისტორიულად დაუნინგ სტრიტზე ნომერი 10 სამ სახლს ეკუთვნოდა. ერთ-ერთი პირველი, ვინც ლონდონის ამ უბანში სახლების მშენებლობა დაიწყო, ჯორჯ დაუნინგი იყო. დაუნინგი, ვის სახელსაც ქუჩა დღეს ატარებს, შეძლებული პიროვნება გახლდათ. ის ოლივერ კრომველის, შემდეგ კი კარლ მეორეს კარზე ჯაშუშად მუშაობდა. უძრავ ქონებაში ინვესტიცია მისი საქმიანობის ერთ-ერთი ნაწილი იყო.

1721 წელს ბრიტანეთის პოლიტიკურ ისტორიაში გარდამტეხი მომენტი დადგა. ამიერიდან მთავრობას და ზოგადად ქვეყანას პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებდა. 1732 წელს ბრიტანეთის მონარქმა, ქვეყნისა და ერის წინაშე გაწეული დამსახურებისთვის დაუნინგ სტრიტ 10-ში მდებარე სამივე სახლი ბრიტანეთის პირველ პრემიერ-მინისტრს - რობერტ უოლპს უსახსოვრა. უოლპმა ძვირადღირებული საჩუქრის მიღებაზე უარი თქვა და მეფეს შენობების ლორდ-ხაზინადარის მუდმივმოქმედი რეზიდენციის სახით გამოყენება შესთავაზა.

უოლპი აქ 1742 წლამდე ცხოვრობდა. შემდეგი 21 წლის განმავლობაში რეზიდენცია ცარიელი იყო. უოლპის შემდეგ ზედიზედ ხუთმა ლორდმა დაუნინგ სტრიტ 10-ს საკუთარი სახლები ამჯობინეს. მათი აზრით, სამთავრობო რეზიდენცია თავისი ზომებით, ინტერიერითა და ფუფუნების დონით მათ მაღალ სტატუსს არ შეესაბამებოდა.

დაუნინგ სტრიტ 10-ში მდებარე შენობამ პრემიერ-მინისტრის მუდმივმოქმედი რეზიდენციის სტატუსი 1902 წელს დაიბრუნა, როდესაც ბრიტანულ მთავრობას სათავეში არტურ ჯეიმს ბალფური ჩაუდგა. გასული საუკუნის განმავლობაში სხვადასხვა მიზეზთა გამო, პრემიერს სულ რამდენჯერმე მოუწია სხვა რეზიდენციაში გადასვლამ. მეორე მსოფლიო ომის დროს, უსაფრთხოების სამსახურის დაჟინებული მოთხოვნით, უინსტონ ჩერჩილს დროდადრო მყუდრო რეზიდენციიდან მიწისქვეშა ბუნკერში უწევდა გადაბარგება. დასტურად იმისა, რომ მთავრობა ომის დროსაც გამართულად მუშაობს, "ინგლისური ბულდოგი" დაჟინებით მოითხოვდა, რომ ხალხს ის დროდადრო დაუნინგ სტრიტ 10-ის შესასვლელთან ენახა.

რამდენიმე გამონაკლისს თუ არ მივიღებთ მხედველობაში, უკვე 114 წლის განმავლობაში დაუნინგ სტრიტ 10-ს, დიდი ბრიტანეთის პრემიერის ოფიციალური რეზიდენციის სტატუსი აქვს. პრესამ, ტელევიზიამ და კინემატოგრაფმა ეს სტატუსი კიდევ უფრო გაამყარა.

გასული საუკუნის 50-იან წლებში რეზიდენციამ განახლება მოითხოვა. თავის დროზე რბილ და არამყარ გრუნტზე აგებული სახლის იატაკი და კედლები დაობდა. ხის კონსტრუქციებს, მათ შორის მზიდ ელემენტებს სოკო გაუჩნდა. 1958 წელს 65-ე პრემიერ-მინისტრის, ჰაროლდ მაკმილანის მიერ მოწვეულმა კომისიამ შენობის დანგრევა და მის ადგილას ახლის აშენების დასკვნა გამოიტანა. მოგვიანებით შენობის საფუძვლიანი რესტავრაცია-რეკონსტრუქცია გადაწყდა.

The Times-ის ინფორმაციით, პროექტის პირვანდელი ღირებულება 400 000 გირვანქას შეადგენდა. მოგვიანებით ამ ციფრმა 1 250 000-მდე აიწია. საბოლოოდ, ქვეყნის ბიუჯეტს რეზიდენციის განახლება 3 000 000 გირვანქა სტერლინგი დაუჯდა. შენობას მცირე განახლება მარგარეტ ტეტჩერის პრემიერობის დროსაც ჩაუტარდა.

დაუნინგ სტრიტ 10-ის ინტერიერის და ექსტერიერის ბევრი ელემენტი საუკუნეების განმავლობაში არ შეცვლილა. გამონაკლისი შესასვლელი კარია. ტერორიზმის საფრთხის გამო, შავი მუხისგან დამზადებული კარი ლითონის შეჯავშნული კონსტრუქციით შეცვალეს. ამ კარს ერთი განსაკუთრებულობა აქვს - გარედან მისი გაღება შეუძლებელია.

შიგნიდან რეზიდენციის ოთახები სავსეა შესანიშნავი ტილოებით, ქანდაკებებით, ხელოვნების ნიმუშებით და ძვირადღირებული ავეჯით. თუმცა მათი უმეტესი ნაწილი კერძო კოლექციონერებისგან და სახელმწიფო მუზეუმებიდან იჯარით არის აღებული.

ფერწერის ნამუშევრებს დროდადრო ცვლიან - წელიწადში საშუალოდ 10 ტილო. ხშირად რეზიდენციაში წარმოდგენილ ნახატებს თავად რეზიდენციის დროებითი მეპატრონეები ირჩევენ. ასე მაგალითად, 68-ე პრემიერმა, ედვარდ ჰიტმა ფრანგი მხატვრების ნახატები ეროვნული გალერეიდან და კერძო კოლექციონერისგან (რენუარის 2 ტილო) იქირავა. ტეტჩერის დაჟინებული მოთხოვნით, რეზიდენციაში წარმოდგენილი ყველა ტილო აუცილებლად ბრიტანელი მხატვრის ნამუშევარი უნდა ყოფილიყო.

ნუკრი მგელაძე

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"