პეტრო პოროშენკოს პირველი კომენტარი მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე

პეტრო პოროშენკოს პირველი კომენტარი მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.

"ინციდენტი, რომელიც გუშინ "შეგინის" გამშვებ პუნქტზე მოხდა, ჩემი აზრით, არ ითხოვს არავითარ პოლიტიკურ კომენტარებს. ჩვენ ამ საკითხს სამართლებრივი კუთხით განვიხილავთ. 26 ივლისს მე გამოვეცი განკარგულება, რომლის თანახმად, სააკაშვილს მოქალაქეობა შევუჩერე ცენტრალური აღმასრულებელი ხელისუფლების, სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, სადაც ნათლად არის დაფიქსირებული ფალსიფიცირების ფაქტები და არასწორი ინფორმაციის მოწოდება მოქალაქეობის მიღების დროს. პრეზიდენტს არ შეუძლია სხვა გადაწყვეტილება მიიღოს, ვინაიდან ეს დანაშაულებრივი უმოქმედობა იყო. ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში პირს აქვს უფლება ადმინისტრაციულ სასამართლოში ნებისმიერი ნორმატიული აქტი გაასაჩივროს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს ამგვარი ქმედებებისთვის საკმარისი დრო ჰქონდა.

"მე, როგორც პრეზიდენტი, სასამართლოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას შევასრულებ. არ მოგწონს უკრაინის სასამართლოს გადაწყვეტილება, არსებობს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო. ეს სამართლებრივი სიბრტყეა. თვენახევარზე მეტი გავიდა, არავის მიუმართავს სასამართლოსთვის. ამის ნაცვლად ჩადენილია დანაშაული, ვინაიდან საზღვრების ურღვევობის კონსტიტუციური პრინციპი დაირღვა. ეს სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. ჩემთვის სულერთია ვინ არღვევს საზღვარს, აღმოსავლეთში "ბოევიკები" თუ დასავლეთში პოლიტიკანები. უნდა არსებობდეს მკაფიო იურიდიული პასუხისმგებლობა", - დასძინა მან.

მისივე თქმით, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები სწორად მოიქცნენ, როცა გუშინდელი შემთხვევის დროს იარაღი არ გამოიყენეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ამგვარი დაჟინებით შეეცდება საქართველოში შესვლას.

"იმედი მაქვს, რომ ეს ბატონი ასეთივე დაჟინებით შეეცდება საქართველოში გზის გაკაფვას, როგორც უკრაინაში შეეცადა", - დასძინა მან.

ცნობისთვის, უკრაინის ტეროტორიის გარღვევის შემდეგ, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ლვოვში ღამე ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სასტუმროში გაათენა, რომელიც ბაზრის მოედანთან ახლოს მდებარეობს. ამავე სასტუმროში დასახლდნენ მისი მომხრეებიც. "უკრაინსკაია პრავდას" ცნობით, ლვოვში სააკაშვილს წუხელ ქალაქის მერი ანდრეი სადოვი დახვდა. ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა ვახშამი მასთან ლვოვის ერთ-ერთ რესტორანში. გამოცემა იუწყება, რომ ვიდრე ისინი ვახშმობდნენ, რესტორანს 30-მდე მამაკაცი იცავდა, რომლებიც სრული ამუნიციით იყვნენ აღჭურვილი.

წაიკითხეთ: სააკაშვილი: "უკრაინის საზღვარზე მხარდამჭერებმა ხელში აყვანილი გადამიყვანეს"

როგორ აშუქებს რუსული მედია მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შესვლას

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"