პირველად ისტორიაში საუდის არაბეთმა რუსეთისგან 3 მლრდ დოლარის შეიარაღება შეისყიდა - რას "უმიზნებს" მოსკოვი?

პირველად ისტორიაში საუდის არაბეთმა რუსეთისგან 3 მლრდ დოლარის შეიარაღება შეისყიდა - რას "უმიზნებს" მოსკოვი?

ახლო აღმოსავლეთში ძალთა და ინეტრესთა მკვეთრი გადათამაშება შეინიშნება. სირიის ტერიტორიაზე მყოფი ქურთების წინააღმდეგ თურქეთის მოსალოდნელი სამხედრო ოპერაციის ფონზე, რეგიონის ქვეყნები ძლიერი პარტნიორებისა და მოკავშირეების ძიებას განაგრძობენ.

ვაშინგტონისთვის მეტად უსიამოვნო აღმოჩნდა რუსეთში საუდის არაბეთის მეფის ვიზიტისას დადებული ხელშეკრულებები, რომლებიც ეკონომიკურ საკითხებთან ერთად ნავთობის მოპოვებას, მასზე ფასების დაწესებას და სამხედრო შესყიდვებს შეეხო.

პრაქტიკულად უსაზღვრო ფინანსური შესაძლებლობების მქონე საუდის არაბეთი ნავთობის კოლოსალურ მარაგებს ფლობს და ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია OPEC-ში (Organization of the Petroleum Exporting Countries) ფლაგმანის როლს ასრულებს. ბუნებრივი აირისა და ნავთობის საბადოებზე კონტროლს სახელმწიფო კომპანია Saudi Aramco ახორციელებს. საუდის არაბეთისთვის ნავთობი ყველაფერია. მისი ექსპორტი ქვეყნის საექსპორტო ხარჯების 90%-ს იძლევა და ბიუჯეტის 75%-ს ავსებს.

2016 წელს ნავთობის ბაზარზე მთავარ მოთამაშეებს შორის ისტორიული ხელშეკრულება გაფორმდა. ბოლო 20-25 წლის პრაქტიკა იმას მოწმობს, რომ OPEC-ის შემადგენლობაშიც კი ერთიან აზრზე შეთანხმება პრობლემური პროცესია. აღნიშნული ხელშკრულება ნავთობის მოპოვებაზე კვოტებს აწესებდა და ბარელის ღირებულებას განსაზღვრავდა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი OPEC-ში ცოცხალი თავით არ შედის და ორგანიზაციაში მხოლოდ დამკვირვებლის როლს ასრულებს, მსოფლიო ნავთობის ბაზარზე მას დიდი გავლენა აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთსა და საუდის არაბეთზე მსოფლიოში მოპოვებული ნავთობის საშუალოდ ჯამური 25% მოდის, გამოდის, რომ მოსკოვისა და ელ-რიადის ტანდემს OPEC-ში გადამწყვეტი როლი ექნება.

მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, საუდის არაბეთმა ნავთობის ექსპორტის დღიური ნორმის შემცირების დაგაწყვეტილება მიიღო. ინფორმაცია ამის შესახებ სამეფოს ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით, სააგენტო Bloomberg-მა გაავრცელა. ვლადიმერ პუტინსა და მეფე სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდის შეხვედრის შემდეგ, მომავალი თვიდან Saudi Aramco დღე-ღამეში ნავთობის ექსპორტს 560 ათასი ბარელით შეამცირებს. ამით ის ნავთობზე მოთხოვნას გაზრდის, რაც დიდი ალბათობით ბარელის ღრებულებაზეც აისახება. ამჟამად ელ-რიადი დღე-ღამეში 7,7 მილიონ ბარელის ექსპორტირებას ახდენს. მოცულების შემცირება ამ ციფრს 7,15 მლნ-მდე დაიყვანს.

მხარეების მიერ ხელმოწერილი 14 დოკუმენტიანი პაკეტი, რომელიც საუდის არაბეთში ამიერიდან რუსული ხორბლის იმპორტსაც ითვალისწინებს, სამხედრო თანამშრომლობასაც ეხება.

საუდის არაბეთის სამხედრო ბაზარზე შესვლის 10 წლიანი მცდელობა, როგორც ჩანს, "როსობორონექსპორტის" გამარჯვებით დასრულდა. ელ-რიადმა მოსკოვისგან საერთო ჯამში 3 მლრდ დოლარის შეიარაღება შეისყიდა. ხელშეკრულება Корнет-ЭМ-ის ტიპის მართვადი ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსების, რეაქტიული ცეცხლმტყორცნების ТОС-1А, ავტომატური ყუმბარმტყორცნების АГС-30, საუდის არაბეთში АК-103-ის ტიპის ავტომატების სერიული წარმოების მოწყობასა და, რაც ყველაზე საინტერესოა - С-400 ტიპის საზენიტო სისტემების 4 დივიზიონის მიწოდებას ითვალისწინებს.

ხაზგასასმელია, რომ საუდის არაბეთის მიერ მოსკოვისგან იარაღის შეძენის ეს პირველი შემთხვევაა. დღემდე ქვეყანა მხოლოდ დასავლური და უმეტესად ამერიკული წარმოების სამხედრო ტექნიკით იყო შეიარაღებული.

ჩინეთისა და თურქეთის შემდეგ, საუდის არაბეთი რიგით მესამე ქვეყანა გახდა, რომელმაც С-400-ები შეიძინა. თანაც პირდაპირ, ყოველგვარი ტენდერის გამოცხადების გარეშე. ასეთი შემთხვევები მხარეებს შორის არსებული მყარი და გრძელვადიანი პერსპექტივის მქონე ურთიერთობაზე მეტყველებს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"