კატალონია დამოუკიდებლობას ზეიმობს - რა იქნება ხვალ?

კატალონია დამოუკიდებლობას ზეიმობს - რა იქნება ხვალ?

კატალონიის რეგიონულმა პარლამენტმა ესპანეთისაგან დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა. კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმსა და პროცესს მადრიდი არაკონსტიტუციურს უწოდებს და არ აღიარებს.

კატალონიის პარლამენტში მომხრეები და მოწინააღმდეგეები ასე გადანაწილდა - 70-10-ზე. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს. თავის მხრივ, ესპანეთი კატალონიის ავტონომიის გაუქმების პროცედურას იწყებს, მადრიდი პირდაპირი მმართველობისთვის ემზადება...

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, მარიანო რახოიმ, კატალონიის ავტონომიის სტატუსის გასაუქმებლად უკვე გადადგა პირველი ნაბიჯი, რათა რეგიონი უშუალოდ მადრიდს დაექვემდებაროს. მას სურდა, კატალონიის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა შეეჩერებინა...

მოგვიანებით, 10 ოქტომბრის საღამოს, დამოუკიდებლობის საკითხზე მოხსენებით გამოვიდა რეგიონის პრეზიდენტი, კარლეს პუჩდემონი და ადგილობრივი მოსახლეობა გაურკვევლობაში დატოვა, - მათ მკაფიო პასუხი არ ჰქონდათ, გამოცხადდა თუ არა კატალონიის დამოუკიდებლობა.

შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატალონია, შესაძლოა, უშუალოდ ესპანეთის მთავრობას დაექვემდებაროს - მადრიდმა საკონსტიტუციო რეფორმისათვის დაიწყო მზადება.

ხელისუფლების თქმით, თუ კარლეს პუჩდემონი დამოუკიდებლობის გამოცხადებას დაადასტურებდა, ესპანეთის მთავრობა მას კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედებით უპასუხებდა... უარის შემთხვევაში, მის კოალიციურ მთავრობას (სხვათა შორის, უმცირესობის მთავრობას), დამოუკიდებლობის მომხრე ულტრამემარცხენე პარტია - CUP გამოეყოფოდა...

ესპანეთის ოპოზიციონერი სოციალისტების ლიდერმა, პეტრო სანჩესმა ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრს შეუთანხმდა, დაიწყონ მუშაობა საკონსტიტუციო რეფორმაზე, რათა შეიცვალოს ავტონომიური რეგიონების - მათ შორის, კატალონიის - მართვის წესები. საგანგებო კომიტეტი ექვსი თვის განმავლობაში, რეგიონალური ავტონომიის სისტემის შესწავლაზე იმუშავებდა, რის შემდეგაც პარლამენტი საკონსტიტუციო რეფორმას დაიწყებდა...

თუმცა, კატალონიამ ორშაბათს გამოაცხადა, რომ მის ტერიტორიაზე ყველა უწყება, პოლიციის ჩათვლით, წინააღმდეგობას გაუწევს მადრიდის მცდელობას, რეგიონს პირდაპირი მმართველობა დაუწესოს... ამ განცხადებამ ესპანეთის ევროპელი მოკავშირეების შეშფოთება გამოწვია, რადგან შესაძლოა კატალონიის პროცესებმა ესპანეთში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.

ვითარებას ამწვავებდა ისიც, რომ კატალონიის ლიდერები და პარტიები სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოწოდებებით გამოდიოდნენ. მუნიციპალიტეტების განცხადებით, მადრიდის პირდაპირ მმართველობას

არ შეეგუებოდნენ...

თავის მხრივ, ესპანეთი რეგიონის მმართველად ერთი პირის დანიშვნაზე მსჯელობდა, მაგრამ კატალონიის სეპარატისტი ხელმძღვანელების თქმით, ბრძანების დამორჩილება-არდამორჩილება ერთი პირის გადასაწყვეტი არ იყო - ეს გადაწყვეტილება შვიდმა მილიონმა პირმა მიიღო...

აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კატალონიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დაწყებაში რუსეთს დიდი წვლილი მიუძღვის და ამ რეგიონთან დაკავშირებით, თავისი შორსმიმავალი გეგმები აქვს... თუმცა, გასულ კვირას, ჩრდილოეთ იტალიის ორმა მდიდარმა რეგიონმა მხარი დაუჭირა ავტონომიის გაფართოებას, თუმცა ეს რეფერენდუმები კონსტიტუციასთან შესაბამისობაში ჩატარდა და რომისთვის სავალდებულოს არ წარმოადგენს. სეპარატისტები აქტიურობენ ბელგიის ფლანდრიის რეგიონსა და საფრანგეთის კორსიკაშიც.

მაშ ასე, კატალონია დამოუკიდებლობას ზეიმობს, თუმცა, რა იქნება ხვალ და რა გეგმები აქვთ მათ დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის, სეპარატისტი ლიდერები ჯერჯერობით არ ახმაურებენ...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"