ოკეანეში 5-თვიანი ცურვის შემდეგ ორი ტურისტი ქალი ამერიკულმა ხომალდმა გადაარჩინა - სასწაულებრივად გადარჩენილთა ისტორიები

ოკეანეში 5-თვიანი ცურვის შემდეგ ორი ტურისტი ქალი ამერიკულმა ხომალდმა გადაარჩინა - სასწაულებრივად გადარჩენილთა ისტორიები

2017 წლის 27 ოქტომბერს ამერიკელმა სამხედრო მეზღვაურებმა წყნარ ოკეანეში მოდრეიფე იახტაზე ორი მოგზაური გადაარჩინეს. მწყობრიდან გამოსული და დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალების გარეშე დარჩენილი იახტა წყნარ ოკეანეში ბედის ანაბარა მაისის შემდეგ დაცურავდა. მის ბორტზე ორი ტურისტი ქალი და ორი ძაღლი იმყოფებოდა.

საკუთარი იახტით აშშ-ის მოქალაქეებმა - ჯენიფერ აპელმა და ტაშა ფუიაბამ ჰავაის კუნძულებზე მდებარე ქალაქ ჰონოლულუდან ტაიტის კუნძულისკენ გაცურეს. 30 მაისს ძლიერმა შტორმმა მათ მცურავ საშუალებას ძრავა დაუზიანა. გამოუვალ მდგომარეობაში დარჩენილი მოგზაურების ერთადერთი იმედი იახტაზე არსებული იალქნები იყო.

ყოველდღიურად გაგზავნილი სამაშველო სიგნალის მიუხედავად, თითქმის 5 თვის განმავლობაში ორი მოგზაური თვითგადარჩენისთვის იბრძოდა. სუსტი სიგნალი მხოლოდ 24 ოქტომბერს ტაივანურმა თევზსაჭერმა გემმა დააფიქსირა. ამ მომენტისთვის მოგზაურები იაპონიის სანაპიროდან 900 კმ-ის მოშორებით იმყოფებოდნენ. მიღებული სიგნალი SOS ამერიკულ დიდ სადესანტო ხომალდ Ashland-ს გადასცეს. უიღბლო ტურისტები სწორედ მან გადაარჩინა.

მთელი ამ ხნის განმავლობაში მოგზაურები და მათი ოთხფეხა მეგობრები ბურღულეულითა და მშრალი საკვებით იკვებებოდნენ. სასმელ წყალს კი დამამტკნარებელი მოწყობილობით ღებულობდნენ.

თანამედროვე ისტორიაში მსგავსი შემთხვევები ხშირია. 2015 წლის 6 აპრილს აშშ-ის სანაპირო დაცვამ ზღვაში 66 დღიანი დრეიფის შემდეგ მეთევზე ლუი ჯორდანი გადაარჩინა. საკუთარი იახტით 37 წლის ჯორდანი 2015 წლის 23 იანვარს ქალაქ კონვეიდან (სამხრეთ კაროლინა) თევზჭერისთვის ატლანტიკის ოკეანეში გაეშურა. შტორმმა მის იახტაზე ძრავასთან ერთად ნავიგაციისა და კავშირის საშუალებები გამოიყვანა მწყობრიდან. სწორედ ამიტომაც, ჯორდანმა SOS სიგნალის გადაცემა ვერ შეძლო. 66 დღის განმავლობაში ის უმი თევზით იკვებებოდა და წვიმისას შეგროვილ წყალს სვამდა.

ლუი ჯორდანის იახტა, ნაპირიდან 320 კმ-ის მოშორებით, გერმანულმა ტანკერმა Houston Express-მა იპოვა.

1960 წლის 17 იანვარს ძლიერმა შტორმმა, რომელიც კურილის კუნძულებს დაატყდა თავს, სამხედრო ბორანი T-36-ი ბაგირებიდან მოგლიჯა და ზღვაში გაიტაცა. მის ბორტზე 4 ადამიანი: 21 წლის უმცროსი სერჟანდი ასხატ ზიგანშინი და რიგითები - 20 წლის ფილიპ პოპლავსკი, 21 წლის ანატოლი კრიუჩკოვსკი და 20 წლის ივან ფედოტოვი იმყოფებოდნენ.

თითქმის 10 სთ-ის განმავლობაში ბორანზე მყოფები სტიქიას ებროდნენ და მცურავი საშუალების გადარჩენას ცდილობდნენ. საწვავისა და კავშირის გარეშე დარჩნილი საბჭოთა მეზღვაურები ბედის ანაბარა იყვნენ. ძლიერმა დინებებმა მათი მცურავი საშუალება ოკეანეში გაიტაცა. საკვები პროდუქტიდან მათ მხოლოდ ერთი კილოგრამი კარტოფილი და ამდენივე ღორის ქონი, ღორის კონსერვის ერთი ქილა, პური და ცოტაოდენი წყალი ჰქონდათ.

საკვების მარაგის ამოწურვის შემდეგ, ისინი კარტოფილის ნაფცქვენებსა და ტყავს ჭამდნენ. სამხედრო უნიფორმის ტყავის ქამრებს დანით წვრილ-წვრილად ჭრიდნენ და ზღვის წყალში ხარშავდნენ. მათ მდგომარეობას წყნარი ოკეანის ძლიერი დინებები ართულებდა. თბილი დინება კუროსიოს სიჩქარე, რომელმაც მათი ბორანი გაიტაცა, დღე-ღამეში 140-150 კმ-ს აღწევს. ასეთ ადგილებში კი თევზი არ ბინადრობს.

თავდაპირველად საბჭოთა ფლოტი და სამაშველო სამსახურები ბორანს T-36 და მის ეკიპაჟს აქტიურად ეძებდნენ. თუმცა ორიოდე კვირაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები შეწყდა. ყველა დარმუნებული იყო, რომ ბორანი ძლიერმა შტორმმა ჩაძირა.

51 დღიანი დრეიფის შემდეგ, პრაქტიკულად წყნარი ოკეანის შუაგულში საბჭოთა ბარჟა და მის ბორტზე მყოფი სიკვდილის პირას მისული ოთხი ადამიანი ამერიკელებმა გადაარჩინეს. ბარჟა ავიამზიდ USS Kearsarge-დან აფრენილმა შვეულმფრენმა შეამჩნია.

საბჭოთა მეზღვაურებს ყოველმხრივი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს და დააპურეს. გადარჩენილი მეზღვაურების ამბავი მსოფლიოში ელვის სისწრაფით გავრცელდა. სან-ფრანცისკოში აშშ-ის ხელისუფლებამ მათ თბილი დახვედრა მოუწყო, გუბერნატორმა კი - ქალაქის გასაღები გადასცა. სსრკ-ში საბჭოთა მეზღვაურები ნიუ-იორკიდან საკრუიზო ლაინერით დაბრუნდნენ.

შინ დაბრუნებულებს, საბჭოთა ხელმძღვანელობამ ორდენები გადასცა და ვადამდელი სამხედრო წოდებები დაურიგა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"