ერევნის სრული სვლა ბრიუსელისკენ - "რუსეთს არაფერი აინტერესებს, ”ზედმეტად გაინძრევი” და გაზის ფასს მოგიმატებენ"

ერევნის სრული სვლა ბრიუსელისკენ - "რუსეთს არაფერი აინტერესებს, ”ზედმეტად გაინძრევი” და გაზის ფასს მოგიმატებენ"

სომხეთი რამდენიმეწლიანი ფარული მსჯელობისა და შეთანხმებების შემდეგ ევროსაბჭოსკენ მიმავალ გზას ირჩევს.

თუმცა, ქვეყანა მომავალ წელს შიდა პოლიტიკური ცვლილებების მოლოდინშია, - 2018 წლის აპრილში პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს უფლებამოსილების ვადა ეწურება, რის შემდეგაც, სომხეთი საპარლამენტო რესპუბლიკად ჩამოყალიბდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სომხეთში საკონსტიტუციო რეფორმები სარგსიანისთვის ქვეყნის მართვის შესაძლებლობის მიცემას ისახავს მიზნად... თავად სარგსიანი და მისი თანამებრძოლები მსგავს ბრალდებებს უარყოფდნენ, თუმცა, რაც დრო გადის, სულ უფრო ნათელი ხდება, რომ სარგსიანი პოსტის დათმობას არ აპირებს...

სომხეთი საგარეო მიმართულებით ბოლო დროს რადიკალური ცვლილებების მომხრეა. მიუხედავად იმისა, რომ ის ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრია, დასავლეთთან ურთიერთობების განვითარებას აქტიურად ცდილობს. რაც შეეხება შიდა მმართველობას, სომხეთში ჯერჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის - 2016 წლის აპრილის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა პარტიამ ამომრჩეველთა მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ბრალდებების ფონზეც კი გაიმარჯვა. შიდა პოლიტიკური გადათამაშებების დიდოსტატმა, სარგსიანმა საქმე ისე მოაგვარა, რომ პროტესტი მასშტაბურ აქციებში არ გადაზრდილა...

სარგსიანი თავს არიდებს ერთმნიშვნელოვან პასუხს კითხვაზე, თუ სად ხედავს საკუთარ თავს 2018 წლის შემდეგ... არც იმ კითხვაზე უპასუხა, გამოიყენებს თუ არა რუსეთში აპრობირებულ ტრადიციას და განიხილავს თუ არა საკუთარ კანდიდატურას 2018 წელს პრემიერის პოზიციაზე.

სომხური მედიის ცნობით, მმართველი ელიტის გარკვეული ნაწილი სარგსიანის ხელისუფლებაში დარჩენის წინააღმდეგ გამოსვლებსაც ელოდება. შესაფერისი ლიდერიც არსებობს - პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი, რომელიც პრემიერის პოსტს 2016 წლის სექტემბრიდან იკავებს. კარაპეტიანი ერევნის ყოფილი მერია და ბოლო წლებში რუსული "გაზპრომის" სისტემაში მუშაობდა. არც ადგილობრივ ოლიგარქებთან ახლო კავშირებშია შემჩნეული. თუმცა, კარგი ურთიერთობა აქვს რუს და რუსეთში მცხოვრებ სომეხ ბიზნესმენებთან, რასაც სომხეთში მის უპირატესობადაც კი მიიჩნევენ, რადგანაც მიაჩნიათ, რომ ეს ყველაფერი "ქვეყანაში ინვესტიციას შემოიტანს".

თუმცა, სომხეთში კარგად ესმით, რომ ბევრი რამ არის დამოკიდებული საგარეო მოთამაშეებზეც - სარგსიანის მიმართ დამოკიდებულება დასავლეთშიც და რუსეთშიც საკმაოდ ფრთხილია. მოსკოვს კარგად ახსოვს "აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში" სომხეთის აქტიური მონაწილეობა, ბრიუსელში კი - მისი მოულოდნელი გადახვევა საბაჟო კავშირისკენ და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე უარი.

საკმაოდ რთული გზაგასაყარის მიუხედავად, სარგსიანი ცდილობს, როგორც მოსკოვისთვის, ასევე დასავლეთისთვის კომფორტულ პარტნიორად წარმოჩინდეს და ორივე მხარესთან კეკლუცობასაც ახერხებს... თუმცა, უკვე გაირკვა, რომ სომხეთი ევროკავშირთან თანამშრომლობაზე ხელს მოაწერს.

სომხური მედიის თქმით, დოკუმენტს ხელი ნოემბერში, აღმოსავლეთის საპარტნიორო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ფორუმზე მოეწერება... ერევანი აპირებს, ევროკავშირის ასოციაციის ფარგლებში თავისუფალი სავაჭრო ზონის შეთანხმებას ხელი ძალიან მალე მოაწეროს. სომხეთში უკვე არავინ დავობს იმაზე, რომ ევროკავშირთან დაახლოების შემდეგ, ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება გაუმჯობესდება.

სომეხი ექსპერტის გევორქ მელიქიანის თქმით, მოსკოვი არ არის კმაყოფილი ამ გადაწყვეტილებით და ყველანაირად ცდილობს, ამ პროცესს ხელი შეუშალოს.

"თავის მხრივ, ერევანი ცდილობს, ბრიუსელსა და მოსკოვს შორის ლავირებას, თუმცა, ისიც გვესმის, რომ სომხეთი ჯერ კიდევ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრია და ამის უგულებელყოფა შეუძლებელია. სომხეთმა უკვე თავისი არჩევანი გააკეთა. ბევრი ამას გეოპოლიტიკურ არჩევანსაც უწოდებს, რომელიც უკვე მიღებულია... მე ყოველთვის ამ არჩევანის წინააღმდეგი ვიყავი, ახლა კი ერევანმა, როგორც იქნა, გადაწყვიტა, შეუდგეს გზას, რომელიც მის ეკონომიკურ და ცოტათი პოლიტიკურ ვექტორს შეცვლის" - აცხადებს ის.

მისივე თქმით, თუ რა გამოვა, დრო აჩვენებს. ფაქტია, რომ ეს არის ძალიან ამბიციური პროექტი, რომელიც სომხეთს საინტერესო რეფორმების განსახორციელებლად ძალიან ბევრ მექანიზმს აძლევს... "ასე რომ, იმედია, მოსკოვი ამ ჯერზე დაეთანხმება სომხეთის გადაწყვეტილებას, გარდა ამისა, მას არ სჭირდება კიდევ ერთი თავის ტკივილი დასავლეთთან. თუნდაც იმიტომ, რომ ერევანი უკვე იმყოფება ევრაზიულ ოჯახში. სინამდვილეში, მოსკოვმა უკვე მიიღო 2013 წელს ის, რისი მიღებაც უნდოდა," - ამბობს მელიქიანი.

კიდევ ერთი სომეხი ექსპერტის მანველ სარქსიანის თქმით, სომხეთში ყოველთვის იდეალური წარმოდგენა ჰქონდათ ევროკავშირზე. ახლა ძალიან მწვავედ დგას ერთი ევროპის საკითხი - სომხეთის ატომური სადგურის დახურვა, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს ქვეყანას ევროინტეგრაციაში შეუშლის ხელს და ამ სადგურის გარეშე უფრო უსაფრთხოდ იქნება... არადა, ამის მოგვარება ძალიან მარტივია - უბრალოდ, უნდა დავხუროთ სადგური და ამით ყველანაირი ვაჭრობა მორჩება. ევროპას შეუძლია სომხეთში ახალი სადგურის აშენება დააფინანსოს...

რუსეთთან ინტეგრაციის პროცესში ასეთი ულტიმატუმები არ ყოფილა - აქ თავს გახვევენ თავიანთ პრინციპებს, გეუბნებიან რაც უნდა გააკეთო - სათბურები აშენო, პომიდორი უნდა გაყიდო... რუსეთში სხვა არაფერი აინტერესებთ,0 ”ზედმეტად თუ გაინძრევი”, მაშინვე გაზის ფასს მოგიმატებენ. ასეთია ინტეგრაცია "შენი თანხმობით", რომელიც სავალდებულოა... ევროპაში ინტეგრაცია განსხვავებულია - პრობლემები საერთოა. ზოგადად, პრობლემები იქ მაშინ ჩდება, როდესაც ნდობა იკარგება",- აცხადებს სარქსიანი.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"