მოსკოვში საქართველოსთან ვიზის გამარტივებაზე საუბრობენ - როგორია თბილისის პოზიცია?

მოსკოვში საქართველოსთან ვიზის გამარტივებაზე საუბრობენ - როგორია თბილისის პოზიცია?

უკვე მერამდენედ, მაგრამ რუსეთი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებაზე ალაპარაკდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი გაზეთ Известия-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას განიხილავენ. რუსული მედიას სვამს კითხვას - არის თუ არა მზად ამისთვის თბილისი და რას მოითხოვს რუსეთი სანაცვლოდ?..

"კონკრეტული წინადადება უკვე გაგზავნილია თბილისში" - აცხადებს კარასინი, თუმცა არ აკონკრეტებს, რას გულისხმობს "კონკრეტულ წინადადებაში". რუსი დიპლომატის თქმით, ამ ეტაპზე რუსეთმა გადასცა კონკრეტული წინადადება, რომლის ფარგლებშიც რუსეთში უვიზოდ ჩასვლა საქართველოდან მხოლოდ ავიაეკიპაჟისთვის იქნება შესაძლებელი. უფრო კონკრეტულად, ეს ცვლილებები შეეხებათ იმ მფრინავებს, რომლებიც რუსეთის მიმართულებით დაფრინავენ.

კარასინის თქმით, რუსული მხარე საქართველოსგან პასუხს ნოემბრის შუა რიცხვებისთვის ელოდება, მაშინ, როდესაც მისი და ზურაბ აბაშიძის შეხვედრაა დაგეგმილი... რუსი დიპლომატი აცხადებს, რომ გარკვეული საკითხების მოგვარებას ართულებს ის, რომ თბილისმა მოსკოვთან ყოველგვარი დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.

კარასინის თქმით, 2015 წლის დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში ჩასვლა რუსეთის მოქალაქის ან ორგანიზაციის მიწვევის შემთხვევაში ჰქონდათ. სტატისტიკის მიხედვით, 2016 წლისთვის მიწვევის ამ ფორმის ფარგლებში რუსეთს საქართველოს 40 ათასამდე მოქალაქე ეწვია. კარასინის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთი ნაბიჯის შემთხვევაში, სტატისტიკის ზრდას ელოდება...

რუსული მედია წერს, რომ თბილისი პასუხს არ ჩქარობს. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის თქმით, არის რამდენიმე ტექნიკური საკითხი, რომელიც საკმაოდ რთულია. ავიაციის წარმომადგენლებს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ. "მხოლოდ ამის შემდეგ მექნება დეტალური ინფორმაცია" - აცხადებს ზურაბ აბაშიძე, რომლის თქმითაც საქართველომ რუსეთს უვიზო რეჟიმი ჯერ კიდევ 2011 წელს მოუხსნა, რის შემდეგაც რუსეთიდან ყოველწლიურად მილიონამდე რუსი ტურისტი ჩამოდის...

რუსული მედიის თქმით, მოსკოვის ეს ნაბიჯი საქართველოსთვის ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის დაშვების პასუხია... აბაშიძე კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში 15-16 ნოემბერს არის დაგეგმილი და შეხვედრის თემა ვიზების საკითხი იქნება...

ქართველი პოლიტოლოგების შეფასებით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთის ოფიციალური პირები ამ თემაზე საუბრობენ და რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი საქართველოს და ქართველი მოსახლეობის კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობს. მეტიც, იყო შემთხვევები, როდესაც ამის შესახებ პუტინი და ლავროვიც საუბრობდნენ და ამას თავისი საფუძველი ჰქონდა - საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა, რის შემდეგაც რუსეთი უვიზო რეჟიმს დააბრუნებდა...

ქართველი პოლიტიკოსები ნახევრად იუმორით აღნიშნავენ, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს ძალიან ბევრ ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს, რუსეთი მას გარკვეული დათმობების სანაცვლოდ ვიზის მხოლოდ ნაწილობრივ, გარკვეული კატეგორიისთვის მოხსნას სთავაზობს.

ქართველი პოლიტოლოგების თქმით, საქართველომ ამ ეტაპზე საგარეო ურთიერთობებში თავის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და მოსკოვს საქართველოსთან გარკვეული კეთილგანწყობის მოპოვება სურს. ამასთან, მოსკოვში ხედავენ საქართველოს მოსახლეობის განწყობას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"