რუსეთსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობები წყდება?

რუსეთსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობები წყდება?

უკრაინის პარლამენტმა, უმაღლესმა რადამ შესაძლოა, მომავალ კვირას, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტოს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გაზეთი "კომერსანტი" თავის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 16 ნოემბერს დეპუტატები მეორე მოსმენით განიხილავენ კანონპროექტს "დონბასის რეინტეგრაციის შესახებ", რომელსაც რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის პუნქტი დაემატება.

თუ უკრაინის პარლამენტი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტას მხარს დაუჭერს და პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო შესაბამის ბრძანებას გამოსცემს, უკრაინაში რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები დაიხურება. იმავე გამოცემის ინფორმაციით, კიევი აპირებს რუსეთში უკრაინის ინტერესების წარმოდგენა ბელორუსს, ან შვეიცარიას თხოვოს.

მიმართვის ავტორის, დეპუტატ ივან ვინიკის თქმით, რომელიც შესწორების ინიციატორია, რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობები ისედაც დანგრეულია, ახლა კი აუცილებელია ეს დანგრეული ურთიერთობები საკანონმდებლო ფორმატში დაფიქსირდეს...

"კომერსანტის" წყაროს თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობების დანგრევა პოროშენკოს გეგმებში არ შედიოდა... "დონბასის რეინტეგრაციის" კანონპროექტი უნდა გადაიხედოს და კონსტრუქციული გამოსავალი უნდა მოიძებნოს. ამის გაკეთება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენლის კურ ვოლკერის ჩამოსვლისთვის უნდა მოესწროს, თორემ შესწორებამ ვოლკერისა და რუსეთის თანაშემწის, ვლადისლავ სურკოვის მოლაპარაკებაში, რომელიც 13 ნოემბერს, ბელგრადში უნდა გაიმართოს, შესაძლოა, უსიამოვნო ფონი შექმნას...

როგორც გამოცემის წყარო აცხადებს, დეპუტატი "სახალხო ფრონტის" ლიდერთან, სერგეი პაშინსკთან თანამშრომლობს, რომელიც თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტს ხელმძღვანელობს. სწორედ პაშინსკის ეკუთვნის ეს ინიციატივა.

რამდენიმე თვის წინ რუსული მხარე აცხადებდა, რომ უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესაძლებლობას განიხილავდა. გაზეთ "იზვესტიას" ცნობით, მოსკოვი კიევში რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების დახურვაზე საუბრობდა. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსეთი და უკრიანა ელჩების დანიშვნაზე ვერ თანხმდებოდნენ...  

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

საერთაშორისო ავიაკომპანიების ნაწილი ირანისა და ერაყის ავიასივრცეში ფრენებს წყვეტს

ვლადიმერ ზელენსკი ირანში უკრაინული ბოინგის კატასტროფას ეხმაურება

ირანში უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის ამსახველი პირველი ფოტოები - დაღუპულია 180 ადამიანი