გერმანიაში დაბადების მოწმობაში ახალი გრაფა გაჩნდება - ”მესამე სქესი”

გერმანიაში დაბადების მოწმობაში ახალი გრაფა გაჩნდება - ”მესამე სქესი”

გერმანიის უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ დაბადების მოწმობებში კიდევ ერთი გრაფა უნდა გაჩნდეს - "მესამე სქესი".

ამგვარად, გერმანია გახდა პირველი ევროპული ქვეყანა, სადაც ინტერსექსუალებს თვითიდენტიფიცირების საშუალება მიეცემათ.

სასამართლოს მიმართა გოგონამ, თუმცა მისი ქრომოსომების ტესტირებისას აღმოჩნდა, რომ ბიოლოგიურად ის არც მდედრობით და არც მამრობით სქესს არ მიეკუთვნება.

ინტერსექსუალების უფლებების დამცველმა აქტივისტებმა სასამართლოს გადაწყვეტილებას "პატარა რევოლუცია" უწოდეს.

კარლსრუეს კონსტიტუციურმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წელს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს კანონი ახალი გენდერული კატეგორიის შესახებ. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ მოქმედი სისტემა ინტერსექსუალების დისკრიმინაციას იწვევს.

გერმანიის პარლამენტის წარმომადგენლის თქმით, ბუნდესტაგი მზად არის, სასამართლოს მოთხოვნები გაითვალისწინოს.

ინტერსექსუალები არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ როგორც ქალის, ასევე - მამაკაცის სასქესო ნიშნები. გაერო-ს მონაცემებით, ინტერსექსუალები დედამიწის მოსახლეობის 1.7%-ს შეადგენენ.

განსხვავებულ სქესად ინტერსექსუალები მიჩნეულნი არიან ავსტრალიაში, ინდოეთში, ახალ ზელანდიაში, ნეპალსა და აშშ-ში, სადაც გასულ წელს "მესამე სქესისთვის" პირველი დაბადების მოწმობა გასცეს.

2013 წლიდან გერმანიაში ინტერსექსუალებს შეეძლოთ, არ შეევსოთ სქესის შესახებ გრაფა. მანამდე ისინი ვალდებულები იყვნენ, საკუთარი თავი მდედრობითი, ან მამრობითი სქესისთვის მიეკუთვნებინათ.

მომზადებულია BBC-ს მიხედვით

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"