ირან-ერაყის საზღვარზე კვირას მომხდარი მიწისძვრის შედეგად 540 ადამიანი დაიღუპა, 8 ათასამდე კი დაშავდა. ირანის ხელისუფლება ცდილობს, კერმანშაჰის პროვინციის მცხოვრებლებს დაეხმაროს, სადაც ასობით სახლია დანგრეული.
რეგიონს სტუმრობდა პრეზიდენტი ჰასან რუჰანი, მოსახლეობა ქუჩებში ცხოვრობს, ამ დროისთვის კი ტემპერატურა საკმაოდ დაბალია, განსაკუთრებით, ღამის საათებში.
42 წლის ალი გულანი ქალაქ ქასრ-ე-შირინში ცხოვრობს. ის ამბობს, რომ ირანელები ყუთებს წვავენ, რომ გათბნენ.
"კარავში ვცხოვრობთ, არ გვაქვს საკმარისი საკვები და წყალი. ბავშვები ტირიან, ძალიან ცივა. მშობლები ცდილობენ, გაათბონ შვილები, ეს კი ძალიან ძნელია," - ამბობს გულანი.
ძლიერ მიწისძვრას, რომლის მაგნიტუდამ 7.3 შეადგინა, დაახლოებით 200 ბიძგი მოჰყვა.
მომზადებულია bbc.com-ის მიხედვით