რომის პაპს ძვირადღირებული ლამბორჯინი აჩუქეს, თუმცა ქველმოქმედებისთვის ყიდის

რომის პაპს ძვირადღირებული ლამბორჯინი აჩუქეს, თუმცა ქველმოქმედებისთვის ყიდის

რომის პაპი სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობის დროს, როგორც წესი, მოკრძალებული მანქანებით სარგებლობს, ძირითადად - ”ფორდით” ან ”ფიატით”. რამდენიმე დღის წინ კი მან ძვირადღირებული საჩუქარი მიიღო - ფრანცისკეს 180 ათას ევროდ ღირებული ”ლამბორჯინი” აჩუქეს.

Lamborghini Huracan საგანგებო გამოშვებაა, თუმცა პაპი არ აპირებს, ძვირფასი სპორტული მანქანით იაროს რომის ქუჩებში. ვატიკანმა გაავრცელა განცხადება, რომ ”ლამბორჯინი” ”სოტბის” აუქციონზე გაიყიდება, შემოსული თანხა კი პაპის მიერ შერჩეულ საქველმოქმედო ფონდებში გადაირიცხება.

ფონდებს შორის არის ორგანიზაცია, რომელიც ერაყში ”ისლამური სახელმწიფოს” მიერ დანგრეულ ქრისტიანულ ეკლესიებსა და საცხოვრებელ სახლებს აღადგენს. ეს კი საშუალებას მისცემს ქრისტიან მოსახლეობას, მშობლიურ ქალაქებს დაუბრუნდნენ.

კიდევ ერთი ფონდი, რომელიც ფრანცისკესგან თანხას მიიღებს, ტრეფიკინგის მსხვერპლ მიგრანტ ქალებს ეხმარება. ლამბორჯინის გაყიდვიდან შემოსული თანხა აფრიკაში სამედიცინო დახმარებისთვისაც დაიხარჯება.

რომის პაპმა ნაჩუქარი მანქანა ვატიკანში აკურთხა და მასზე საკუთარი სახელი დაწერა, ეს კი ლამბორჯინის ღირებულებას აუქციონზე კიდევ უფრო გაზრდის.

მომზადებულია telegraph.co.uk-ის მიხედვით

რომის პაპი, რომელსაც ვირუსის ნიშნები ჰქონდა, შეუძლოდ გახდა და ლიტურგიას ვერ დაესწრო

ლომბარდიის გუბერნატორმა თვითიზოლაცია გამოაცხადა და ამის შესახებ ხალხს "ფეისბუქით“ შეატყობინა

იტალიაში კორონავირუსით 4 ბავშვი დაინფიცირდა