რას ითხოვს არაბულ სახელმწიფოთა ლიგა იერუსალიმთან დაკავშირეით აშშ-ს გადაწყვეტილების თაობაზე და რაში ადანაშაულებს ისრაელის პრემიერი ევროკავშირს

რას ითხოვს არაბულ სახელმწიფოთა ლიგა იერუსალიმთან დაკავშირეით აშშ-ს გადაწყვეტილების თაობაზე და რაში ადანაშაულებს ისრაელის პრემიერი ევროკავშირს

არაბულ სახელმწიფოთა ლიგა ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს გააუქმოს მიღებული გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ, რომელსაც ლიგა საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებების დარღვევად აფასებს. ამის შესახებ არაბულ სახელმწიფოთა ლიგის მიერ მიღებულ კომუნიკეშია აღნიშნული, რომელიც დღეს, ეგვიპტეში, არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო სხდომაზე მიიღეს.

"აშშ-ის გადაწყვეტილება საერთაშორისო კანონმდებლობის და გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციების საშიში დარღვევაა", - ნათქვამია კომუნიკეში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის თანახმად, არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები უარყოფენ ნებისმიერ ცალმხრივ ნაბიჯებს იერუსალიმის საერთაშორისოდ აღიარებული სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით.

კომუნიკეს თანახმად, ვაშინგტონის შეცვლილი პოლიტიკიდან გამომდინარე, არაბული ქვეყნები მიჩნევენ, რომ აშშ-მა მოახდინა თვითიზოლაცია, როგორც რეგიონში სამშვიდობო პროცესის შუამავალმა.

ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, იერუსალიმის საკითხთან დაკავშირებით, ევროკავშირს ფარისევლობასა და ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ბრიუსელში გამგზავრებამდე განუცხადა.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ "პატივს სცემს ევროპას, მაგრამ მზად არ არის ევროპის ორმაგი სტანდარტები მიიღოს".

"ევროპიდან მესმის პრეზიდენტი ტრამპის ისტორიული განცხადების დაგმობა, მაგრამ არ მესმის ისრაელის მიმართულებით გაშვებული ჭურვების დაგმობა. არ მსურს ამ ფარისევლობის მიღება", - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ბენიამინ ნეთანიაჰუ ხვალ ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებს შეხვდება.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"