ავსტრიაში ბაუმგარტენის გაზგამანაწილებელი სადგური აფეთქდა

ავსტრიაში ბაუმგარტენის გაზგამანაწილებელი სადგური აფეთქდა

ერთი ადამიანი დაიღუპა და 18 ადამიანი დაშავდა ავსტრიაში, ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ, ბაუმგარტენის გაზგამანაწილებელ სადგურზე მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად. ის ევროპის ცენტრში მდებარე სამი ყველაზე მასშტაბური გაზგამანაწილებელიდან ერთ-ერთია.

წინასწარი ვერსიით, აფეთქების მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა. უდიდესი, ბაუმგარტენის გამანაწილებელი ცენტრიდან დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, მათ შორის გერმანიასა და იტალიას, რუსული გაზის დაახლოებით მესამედი მიეწოდება.

ტერმინალის ოპერატორი კომპანიიის, Gas Connect-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ავსტრიაში გაზის მიწოდების შეწყვეტის საფრთხე არ არსებობს, მაგრამ შესაძლოა, შეფერხება მოხდეს იტალიის მიმართულებით. დასავლური მედიის ინფორმაციით, ავსტრიაში მომხდარი აფეთქების შედეგად, გაზმომარაგება უკვე შეფერხებულია იტალიაში, ხორვატიასა და სლოვენიაში.

საქმე ის არის, რომ რუსეთიდან ბაუმგარტენის გავლით მიდის გაზი ევროპაში. "გაზპრომში" აცხადებენ, რომ საკონტროლო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და ყველაფერს აკეთებენ, რომ მათ კლიენტებს გაზმომარაგება შეფერხების გარეშე მიეწოდოს. თუმცა, ავსტრიის გაზის რეგულატორი E-Control -ის წარმომადგენლობის გაცხადებით, ახლა იტალიაში, უნგრეთსა და სლოვაკეთში გაზის მიწოდება სრულად შეწყვეტილია.

"ჩვენ ვცდილობთ, იტალიაში, უნგრეთის და სლოვაკეთში გაზის მიწოდება რაც შეიძლება, დროულად აღვადგინოთ, თუმცა, როდის დავასრულებთ, ჯერჯერობით გარკვეული არ არის, რადგან დაზიანების კერა ძალიან დიდია.

ადგილობრივი გამოცემა Heute-ს ინფორმაციით, სლოვაკეთის საზღვართან მდებარე გაზგამანაწილებელში მომხდარი აფეთქების დროს გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას 10 სახანძრო ბრიგადა ცდილობდა. ადგილზე მობილიზებული იყო 4 სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა და ვითარებას ჰაერიდან აკონტროლებდა ვერტმფრენი.

Gas Connect Austria-ს წარმომადგენლის განცხადებით, მომხდარის გარშემო გამოძიება უკვე დაწყებულია.

ლალი პაპასკირი

ამბები.გე

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"