ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია და საქართველო

ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია და საქართველო

2017 წლის აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში, საქართველო და უკრაინა, რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკის რაკურსშია მოხსენიებული, რომელიც მეზობელი ქვეყნების დაშინებას განაგრძობს... ასევე, ევროპის ქვეყნების სუვერენიტეტის დარღვევას ამერიკა ეროვნული უსაფრთხოებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრინციპების კონტექსტში განიხილავს და აღნიშნავს, რომ მათი უსაფრთხოება მხოლოდ რეგიონისთვის არ არის მნიშვნელოვანი... რა დატვირთვა აქვს ასეთი სახის დოკუმენტს, - ამაზე არაერთგვაროვანი მოსაზრებები არსებობს.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში რუსეთი რამდნეჯერმეა ნახსენები ან ნაგულისხმევი და ჩინეთთან ერთად, მტრულად განწყობილ სახელმწიფოდ არის მიჩნეული. ევროპას კი, ანგარიშის თანახმად, ამერიკა ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს.

"ძლიერი და თავისუფალი ევროპა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკისთვის”, - ნათქვამია აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის 2017 წლის დოკუმენტში, სადაც ასევე დაზუსტებულია, რომ ამერიკას მასთან დემოკრატიის პრინციპები და კანონის უზენაესობის დაცვა აკავშირებს. ევროპის პუნქტი ცალკეა გამოყოფილი და იქ საქართველოსა და უკრაინის პრობლემები მიმოხილულია - ქვეყნების, რომელთაც რუსეთი მუდმივ პრობლემებს უქმნის.

"საბჭოთა კავშირი და მისი იდეოლოგია, კომუნიზმი წარსულს ჩაბარდა, მაგრამ ყველაფერი არ დასრულებულა - რუსეთი ახალ, დივერსიულ ზომებს იწყებს, რომ ევროპის მიმართ ამერიკის ვალდებულებათა სანდოობა შეასუსტოს და ტრანსატლანტიკურ ერთიანობას ავნოს. ასევე, დაასუსტოს ევროპული ინსტიტუციები და მთავრობები. საქართველოსა და უკრაინაში შეჭრით რუსეთმა ყველას დაანახვა, როგორ შეუძლია რეგიონის სახელმწიფოთა სუვერენიტეტის დარღვევა. ის რჩება მეზობელი ქვეყნებისთვის ყველაზე ძლიერ საფრთხედ, ისეთი მოქმედებებით, როგორიც არის ბირთვული უზრუნველყოფა და თავდასხმითი შეიარაღების განთავსება", - ნათქვამია ამერიკული ანგარიშის "ევროპის" პუნქტში.

საქართველიოს ხელისუფლების წევრების თქმით, - ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები, ბოლო პერიოდში, აშკარად ღრმავდება და ძლიერდება. თუმცა, ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ეს არ უნდა გახდეს საქართველოს ხელისუფლების კმაყოფილებისა და მოდუნების საბაბი, თუნდაც იმიტომ, რომ არსებული რეალობის გათვალისწინებით, რუსეთის პოლიტიკური იდეოლოგია ჯერჯერობით არ შეიცვლება და შესაბამისად, მისგან მომავალი საფრთხეც რეალურია...

ანგარიშში ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით, ბარაქ ობამას ხელისუფლების პოზიცია მკაცრად გააკრიტიკა - ეს ეხება, როგორც კონტრტერორიზმს, ასევე, - ირანისა და ჩრდილოეთ კორეის მიმართ ობამას დროინდელ პოლიტიკას. ტრამპმა შეთანხმება, რომელიც ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის გაფორმდა და სანქციების ნაწილის მოხსნის სანაცვლოდ, თეირანის ბირთვული ამბიციების შეკვეცას ითვალისწინებდა, მწვავედ გააკრიტიკა...

მან დადებითად მოიხსენია, აშშ-ის ხელმძღვანელობით, სირიასა და ერაყში მოქმედი კოალიცია, რომელიც აისის-ს ებრძვის. მისი შეფასებით, პაკისტანი ექსტრემიზმის წინააღმდეგ უფრო მკაცრი უნდა იყოს.

თავის გამოსვლაში ტრამპმა ასევე დადებითად შეაფასა რუსეთთან ორმხრივი თანამშრომლობა, რომლითაც სანკტ-პეტერბურგში ტერორისტული თავდასხმები აღკვეთეს, რის შედეგადაც, შესაძლოა, "ათასობით" ადამიანი გადაარჩინეს.

აშშ-ის უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის გავრცელების ფონია აშშ-სა და რუსეთს შორის მნიშვნელოვნად დაძაბული ურთიერთობა, რამდენიმე საკითხის გამო - მათ შორის არის უკრაინაში რუსეთის აგრესია; ასევე რუსეთის როლი სირიის ომში და რაც ძალზე მნიშვნელოვანია, აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევა.

ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას, რა თქმა უნდა, მაშინვე გამოეხმაურნენ რუსეთის პირველი პირები. მათი შეფასებით, ტრამპის ანგარიში აგრესიულ ხასიათს ატარებს და მთელი მსოფლიოსთვის საფრთხის შემცველია.

საერთაშორისო კომიტეტის საკითხებში, ფედერაციის კომიტეტის საბჭოს წევრი, კონსტანტინ კოსაჩევი აცხადებს, რომ დოკუმენტის ტონი არ ტოვებს ისეთ განწყობას, რომ ამერიკა, ბოლო წლებში მსოფლიოში ახალი წესრიგის დამყარებას არ აპირებდეს...

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის დმიტრი პესკოვის თქმით, ამერიკის ახალი სტრატეგია იმპერიულ ხასიათს ატარებს.

ტერმინი - "ეროვნული უსაფრთხოება", ამერიკაში პირველად 1904 წელს პრეზიდენტმა თეოდორ რუზველტმა კორნგრესზე გამოიყენა. მაშინ, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესში პანამის არხი მოჰყვა. 1947 წლიდან ამერიკაში ეს ტერმინი ქვეყნის პოლიტიკაში უკვე ფართოდ გამოიყენება, თუმცა, როგორც ასეთი, ყოველწლიური ანგარიშის სახით კონკრესზე წარდგენის ტრადიციას საფუძველი, 1950 წელს, ამერიკის პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა ჩაუყარა, მაშინ შეერთებული შტატები განსაკუთრებულ ყურადღებას საბჭოთა კავშირს უთმობდა და ანგარიშგასაწევ საფრთხედ აღიქვამდა.

დოკუმენტის განახლება ყოველწლიურად ხდება, თუმცა, პრაქტიკაში მისი გადახედვა და განახლება წელიწადში რამდენჯერმეც ხდებოდა, იმის მიხედვით, თუ რა მთავარი საფრთხე და პრიორიტეტი ჰქონდა ქვეყანას. 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ, ამერიკის მთავარი აქცენტი, ტერორიზმთან ბრძოლა გახდა.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"