გოგოები ჰიჯაბების გარეშე და ათასობით ადამიანი ქუჩებში - რა ხდება ირანში

გოგოები ჰიჯაბების გარეშე და ათასობით ადამიანი ქუჩებში - რა ხდება ირანში

ირანელი გოგო ჰიჯაბის გარეშე - ფოტო ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების სიმბოლოდ იქცა. დემონსტრაციის მონაწილემ თავსაბურავი მოიხსნა და ჰიჯაბის ტარების ვალდებულება გააპროტესტა.

ირანში ხელისუფლების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები გრძელდება, რომელშიც, ქვეყნის მასშტაბით, ათასობით ადამიანი მონაწილეობს. 2009 წლის შემდეგ ეს ყველაზე დიდი საპროტესტო აქციაა, თუმცა ბევრად განსხვავებული, ვიდრე 8 წლის წინ. 2009 წელს დემონსტრაცია იმართებოდა თეირანში და რამდენიმე მსხვილ ქალაქში, მონაწილეები კი მეტ პოლიტიკურ თავისუფლებას ითხოვდნენ. ამჯერად საპროტესტო აქციები უფრო პატარა, ღარიბ ქალაქებშიც მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: ეს გოგონა ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების სიმბოლოდ იქცა

დემონსტრაციები პრეზიდენტ ჰასან რუჰანის და მისი ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ დაიწყო. ხალხი ინფლაციას, უმუშევრობის მაღალ მაჩვენებელს და კორუფციას აპროტესტებდა, თუმცა მოთხოვნები მალე ბევრად დიდი და მნიშვნელოვანი გახდა - დემონსტრაციის მონაწილეები ირანის ყველაზე გავლენიანი ადამიანის, უზენაესი ხელისუფლის - ალი ხამენეის გადადგომას ითხოვენ. მათ, ასევე სურთ, ირანი აღარ მონაწილეობდეს სირიასა და ლიბანში მიმდინარე პროცესებში.

სოციალურ ქსელებში შეიქმნა გვერდები, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები რელიგიური ლიდერების მიერ ქვეყნის მართვასაც აპროტესტებენ. 

"ქუჩაში შეკრებილები ბევრად მეტს ითხოვენ, ვიდრე საჭმელი და ფულია," - განაცხადა ხამენეიმ პროტესტის პასუხად.

ხელისუფლების თქმით, მხარს უჭერენ საზოგადოების მიერ პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვას, თუმცა აქციებზე უამრავი დაპირისპირება მოხდა, რასაც ადამიანების სიცოცხლეც შეეწირა. ალი ხამენეის თქმით, ყველაფერში დამნაშავე ქვეყნის მტრები არიან და საპროტესტო აქციებიც სხვა ქვეყნებიდან იმართება.

რა მოხდება ქვეყანაში და რის მიღწევას შეძლებენ დემონსტრაციის მონაწილეები, ექსპერტებისთვის რთულად სათქმელია, თუმცა ერთი რამ ცხადია - ეს ირანის ხელისუფლებისთვის უკანასკნელი ათწლეულის ყველაზე დიდი გამოწვევაა. თანაც, ამჯერად ისლამური სახელმწიფოს მმართველები ბევრად მძიმე პოზიციაში არიან, რადგან აშშ-მა, ისრაელმა და საუდის არაბეთმა საკმაოდ ძლიერი ანტიირანული ალიანსი შექმნეს.

BBC-ს პოლიტიკური მიმომხილველის აზრით, ძალის ზედმეტმა გამოყენებამ, შესაძლოა, სირიის სცენარის გამეორება გამოიწვიოს, რომელშიც სხვა ქვეყნებიც აქტიურად ჩაებნენ. იმ შემთხვევაში კი, თუ ძალას არ გამოიყენებენ, უფრო მეტი ადამიანი გაბედავს საპროტესტო აქციებს შეუერთდეს.

წყარო BBC

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"