აშშ-ში 50-იანი წლების საიდუმლო გამჟღავნდა: როგორ გააბა CIA-ს დავალებით რომანი მეფესთან ჰოლივუდის მსახიობმა, რომელსაც შვილი გაუჩინა

აშშ-ში 50-იანი წლების საიდუმლო გამჟღავნდა: როგორ გააბა CIA-ს დავალებით რომანი მეფესთან ჰოლივუდის მსახიობმა, რომელსაც შვილი გაუჩინა

2017 წლის დეკემბერში აშშ-ში გაასაჯაროეს საიდუმლო ანგარიში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) არქივიდან, რომელიც ჰოლივუდელ მსახიობს სიუზან კებოტს და იორდანიის მეფეს, ჰუსეინს ეხება.

იორდანელი მონარქი 1959 წელს აშშ-ში იმყოფებოდა. ოფიციალური ცნობებით, ახალგაზრდა მეფე ახალ სასიყვარულო თავგადასავლებზე უარს არ ამბობდა.

როგორ დაიწყო რომანი

1959 წლის აპრილში ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ყოფილ აგენტს რობერტ მეჰიუს სთხოვა, შეეკრიბა "ქალების კომპანია" აშშ-ში სტუმრად ჩასული უცხოელი მაღალჩინოსნისთვის. გასაჯაროებულ მასალაში არ არის მითითებული მაღალჩინოსნის სახელი, თუმცა დოკუმენტის თარიღს ემთხვევა აშშ-ში 23 წლის იორდანელი მეფის ვიზიტი. ჰუსეინი ქვეყანას 1952 წლიდან მართავდა. მეფემ ამერიკაში 1 თვე გაატარა - 1959 წლის 17 მარტიდან 17 აპრილამდე.

უცხო ქვეყნის მმართველისთვის "მეგობარი ქალის" პოვნა მეჰიუმ ჰოლივუდში ცნობილი ადვოკატის მეშვეობით შეძლო, ადვოკატის ვინაობა ცნობილი არ არის. მაღალჩინოსანმა მსახიობი წვეულებაზე გაიცნო. დოკუმენტში წაშლილია მსახიობის ვინაობაც, თუმცა დასავლური გამოცემები (მათ შორის, USA Today და The Telegraph) ამტკიცებენ, რომ ეს სიუზენ კებოტი იყო. 1950-1960 წლებში ამერიკული გამოცემები ვარაუდობდნენ, რომ კებოტს რომანი ჰქონდა მეფე ჰუსეინთან, გაზეთი Los Angeles Times კი წერდა, რომ მონარქმა და მსახიობმა ერთმანეთი კალიფორნიელი ნავთობმაგნატის ედვინ პაულის წვეულებაზე გაიცნეს.

სიუზენ კებოტი, რომლის ნამდვილი სახელი ჰარიეტ შაპირო იყო, ბოსტონში, რუსულ-ებრაულ ოჯახში დაიბადა. ჰოლივუდში 1940-იანი წლების ბოლოს მოხვდა, თუმცა, ვერ მოახერხა, ცნობილი მსახიობი გამხდარიყო. სიუზენს, ძირითადად, ვესტერნებში მეორეხარისხოვან როლებში იღებდნენ.

როდესაც ქალს შესთავაზეს, მეფე ჰუსეინი გაეცნო, მიზეზს ვერ მიხვდა. ამის შემდეგ, არქივიდან გასაჯაროებული დოკუმენტის მიხედვით, მას პირდაპირ შესთავაზეს, სექსი ჰქონოდა ჰუსეინთან. კებოტმა, თავდაპირველად, უარი თქვა, შემდეგ კი გადაიფიქრა და ჰუსეინის გაცნობის შემდეგ მონარქს ძალიან მომხიბვლელად მიიჩნევდა.

ჰოლივუდელი მსახიობი მეფესაც მოეწონა, თანაც ისე, რომ გადაწყვიტა, მასთან ერთად წასულიყო ლოს-ანჯელესიდან ნიუ-იორკში, სადაც რამდენიმე დღე გაატარეს. წყვილის შეხვედრისთვის CIA-მ საგანგებოდ იქირავა სახლი ლონგ-ბიჩის პლაჟზე.

სიუზენ კებოტისა და მეფის რომანი იმ დროისთვის ჟურნალისტებისთვის ცნობილი იყო. განსაკუთრებით კი ხაზს უსვამდნენ მსახიობის ებრაულ წარმომავლობას და მიიჩნევდნენ, რომ შესაძლოა, მის წარმოშობას მუსულმანური ქვეყნის მეფისთვის პრობლემები შეექმნა. აჟიოტაჟმა ძალიან იმოქმედა მსახიობზე და ასეთ სტატიებს სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან ერთად განიხილავდა.

"ის, ასევე, საუბრობდა საკუთარ ღრმა გრძნობებზე უცხო ქვეყნის მმართველი პირის მიმართ," - აღნიშნულია დოკუმენტში.

გააგრძელა თუ არა წყვილმა ურთიერთობა მას შემდეგ, რაც ჰუსეინი სამშობლოში დაბრუნდა - ცნობილი არ არის. 1964 წელს კებოტმა შვილი, ტიმოთი გააჩინა, ოთხი წლის შემდეგ კი ცოლად გაჰყვა მაიკლ რომენს. ბავშვს ქმრის გვარი მისცა. 1986 წლის დეკემბერში სიუზენის გვამი ლოს-ანჯელესში, მის სახლში აღმოაჩინეს. გამომძიებლების ინფორმაციით, მას თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყეს ჰანტელი. 22 წლის შვილმა, ტიმოთიმ გამოძიებას უთხრა, რომ დედა უცნობმა მამაკაცმა მოკლა, რომელიც მათ სახლში ნიღბით შეიჭრა.

პოლიციამ ეჭვი ტიმოთიზე აიღო და დააკავეს. ბიჭის ერთ-ერთი ადვოკატი ლეო სმიტი იყო, მას ჰქონდა წვდომა ჰოლივუდელი მსახიობის ანგარიშებთან.

სასამართლო სხდომაზე ტიმოთიმ ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ დედას ფსიქიკასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, გარდაცვალების დღეს კი მისი მდგომარეობა გართულდა, ელაპარაკებოდა საკუთარ თავს და ვერ ცნობდა შვილს. ტიმოთის ვერსიით, როდესაც ექიმის გამოძახება სცადა, დედა მას სკალპელითა და ჰანტელით დაესხა თავს, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი სიუზენი გარდაცვლილი იპოვა. ტიმოთი ამტკიცებდა, რომ არ ახსოვდა, დაესხა თუ არა თავს დედას.

ადვოკატი ლეო სმიტი არ უარყოფდა, რომ კებოტი მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა მოკლა, თუმცა აღნიშნავდა, რომ ბიჭის საქციელი, პირველ რიგში, დედის აგრესიულმა ქმედებამ გამოიწვია, მეორეც - ადვოკატის ინფორმაციით, ტიმოთი იღებდა ექსპერიმენტულ ჰორმონალურ პრეპარატს, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე უარყოფითად მოქმედებდა.

ტიმოთი რომენი დედის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს, თუმცა მიიჩნიეს, რომ მკვლელობა წინასწარ განზრახვით არ იყო ჩადენილი. ბიჭს 3 წლით პირობითი პატიმრობა და ჯარიმა დააკისრეს - 1 000 დოლარის ოდენობით.

ადვოკატმა ლეო სმიტმა სასამართლო სხდომაზე დამსწრეებს უამბო, რომ ცხოვრების ბოლომდე სიუზენ კებოტი ყოველთვიურად იღებდა ათას დოლარს ამანიდან, იორდანიის დედაქალაქიდან.

"მგონია, რომ ამ თანხას შვილის შესანახად უგზავნიდნენ," - აღნიშნა ადვოკატმა.

მისი ვარაუდით, ტიმოთის მამა მეფე ჰუსეინი იყო. მისივე ინფორმაციით, კებოტის ახლობლებმა უამბეს, რომ მეფისა და მსახიობის რომანი რამდენიმე წლის მანძილზე გრძელდებოდა. ჰუსეინი 1999 წელს გარდაიცვალა. ის ოთხჯერ იყო დაქორწინებული და 12 შვილი ჰყავდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"