ნობელის პრემიის ლაურეატმა ელი ვიზელმა ხოდორკოვსკის გათავისუფლებისთვის გლობალური კამპანია დაიწყო

ნობელის პრემიის ლაურეატმა ელი ვიზელმა ხოდორკოვსკის გათავისუფლებისთვის გლობალური კამპანია დაიწყო

1986 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა ელი ვიზელმა მიხეილ ხოდორკოვსკის გათავისუფლებისთვის გლობალური კამპანია დაიწყო.

საინფორმაციო საგენტო ”ასოშეიტედ პრესის” ინფორმაციით, 24 ივნისს ელი ვიზელმა თავის მეუღლესთან ერთად ვაშინგტონში 30-მდე გავლენიანი ამერიკელი, რუსეთისა და საერთაშორისო საკითხებში ექსპერტები, ასევე, აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში ორი ექსმრჩეველი მოიწვია და მათთან სანავთობო კომპანია ”იუკოსის” ექსხელმძღვანელის ხოდორკოვსკის გათავისუფლებისთვის პრეზიდენტ მედვედევზე და პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინზე ზემოქმედების შესაძლებლობები განიხილა.

ბუხენვალდის ყოფილი პატიმრისა და ჰოლოკოსტის შესახებ მრავალი ნაწარმოების ავტორი ელი ვიზელი მიიჩნევს, რომ ხოდორკოვსკი პოლიტიკურ მოტივთა გამოა პატიმარი. მისივე აზრით, ხოდორკოვსკის გათავისუფლებისთვის მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ექსპერტების ძალისხმევა იქნება საჭირო.

რუსეთის სამართალდამცავებმა ხოდორკოვსკი 2003 წელს თაღლითობის ბრალდებით დააპატიმრეს. მისი დაპატიმრების შემდეგ კომპანიის ანგარიშებს ყადაღა დაადეს და მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2006 წელს კომპანია ”იუკოსი” გაკოტრებულად გამოაცხადეს და მისი აქტივები სახელმწიფო კომპანია ”როსტნეფტს” გადასცეს.

კომპანიის ადვოკატებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. მათი ვერსიით, პუტინის ადმინისტრაციამ ნავთობკომპანია ”იუკოსი” შეგნებულად გააკოტრა, რომ შემდეგ ნავთობზე კონტროლი სახელმწიფოს კონტროლქვეშ დაბრუნებულიყო. დაცვის მტკიცებით, ხოდორკოვსი არაკანონიერად იქნა მსჯავრდებული, რეალურად იგი არჩევნებში კომპარტიისა და პარტია ”იაბლოკოს” დაფინანსების გამო დააპატიმრეს.

ბიზნესმენის ციხეში ყოფნის ვადა 2012 წელს იწურება, თუმცა, მისთვის წაყენებული ახალი ბრალდებებით მას შესაძლოა ციხეში ყოფნის ვადა 22 წლით გაეზარდოს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა