ირანისთვის სანქციების დაწესების პრაქტიკა რუსეთისთვის მიუღებელია. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ განაცხადა.
”ჩვენ უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ცალმხრივი თუ კოლექტიური ზომების გამოყენების პრაქტიკა ირანის მისამართით ჩვენთვის მიუღებელია. სანქციების პაკეტი კი, რომელსაც ევროკავშირი დათანხმდა, ბირთვული გაუვრცელებლობის საკითხს არათუ მოაგვარებს, არამედ პირიქით, ამ პრობლემის სწრაფი პოლიტიკურ-დიპლომატიური გადაწყვეტა შეუძლებელი გახდება. ეს ჩვენთვის ნათელია”, - განაცხადა ნესტერენკომ.
ირანისათვის ეკონომიკური სანქციების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გუშინ მიიღეს. აკრძალვა ირანის ნავთობისა და გაზის სექტორებსაც ეხება.