ვენესუელამ სახმელეთო და საჰაერო ძალების მობილიზაცია დაიწყო, რათა მეზობელ კოლუმბიასთან შესაძლო კონფლიქტს მომზადებული შეხვდეს. ამის შესახებ რესპუბლიკის პრეზიდენტმა უგო ჩავესმა განაცხადა.
”ჩვენ შესაბამის პოზიციებზე განვალაგეთ შეირაღებული ძალები, რათა აგრესიის შემთხვევაში საკუთარი სუვერენიტეტი დავიცვათ”, - განაცხადა ჩავესმა ნაციონალურ ტელეარხთან სატელეფონო ინტერვიუში. პრეზიდენტს ჯარების განლაგების ადგილები არ დაუკონკრეტებია.
ვენესუელამ კოლუმბიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც ამ ქვეყნის ხელისუფლებამ ჩავესი კოლუმბიის მემარცხენე ფრთის ბოევიკთათვის (კოლუმბიის რევოლუციური ძალები და ”ეროვნულ-განმათავისუფლებელი არმია”) თავშესაფრის მიცემაში ამხილა.
ამასთან, ვენესუელას ლიდერმა აღნიშნა, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მზადაა, კოლუმბიის ახალი მთავრობის წევრებთან დიალოგი გამართოს, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებაში ოფიციალურად 7 აგვისტოს მოვა.
წინა კვირას კოლუმბიამ ვაშინგტონში გამართულ ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის კრებაზე ვენესუელის ტერიტორიაზე არსებული იმ ბანაკების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალები წარმოადგინა, რომლებშიც თავს აჯანყებული კოლუმბიელები აფარებენ.
მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.