ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ НТВ-ის ეთერში გასულ ფილმ "ნათლიმამაზე", რომელშიც ის ფსიქიკურად ავადმყოფ და ავტორიტარულ მმართველად არის წარმოჩენილი, პირველი კომენტარი გააკეთა.
"რუსეთსა და ბელორუსს შორის კონფლიქტი არ არსებობს. ისევე, როგორც არ შეიძლება კონფლიქტი არსებობდეს რუს და ბელორუს ხალხებს შორის. ის, რაც ხდება, მხოლოდ სუბიექტური, პირადი უთანხმოებაა და ასეთადვე უნდა აღიქვათ", - განაცხადა ლუკაშენკომ მინსკში კურსკის ოლქის რუს გუბერნატორთან ალექსანდრ მიხაილოვთან შეხვედრისას.
"ცდილობენ, როგორმე რეაგირება მოვახდინო იმ სიბინძურეზე, რომელიც ჩემსა და ბელორუსის წინააღმდეგ ვრცელდება, მაგრამ ამ ყველაფერს უპასუხოდ ვტოვებ", - განაცხადა ლუკაშენკომ. ბელორუსმა ლიდერმა რუსულ ტელეარხებზე გასულ ფილმ "ნათლიმამაზეც" ისაუბრა: "ის, რაც ნახეთ, ბელორუსსა და ბელორუსის პრეზიდენტს არ ეხება. ეს ფილმი მათზეა, ვისაც სურს ყველა მათნაირი იყოს. ამიტომ, რამდენი ფილმიც არ უნდა გადაიღონ, ბელორუსში ამ სიბინძურეზე რეაქციას ჩვენ არ დავუშვებთ".
ლუკაშენკოს თქმით, მიუხედავად პოლიტიკოსების სურვილისა, ბელორუსი და რუსი ხალხების ძმობისა და მეგობრობის გაწყვეტა შეუძლებელია.
ბელორუსის პრეზიდენტმა რუსეთთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა და იქვე დასძინა, რომ ორ ქვეყანას შორის "ურთიერთობები სამართლიანი უნდა იყოს და არავითარ შემთხვევაში - დისკრიმინაციული".
მომზადებულია interfax.ru-ს მიხედვით.