რუსეთის ეკონომიურად აქტიური მოსახლეობის 70%-ზე მეტი მზადაა, უყოყმანოდ დატოვოს სამშობლო, თუკი სხვა ქვეყანაში ცხოვრებისა და მუშაობის საშუალება ექნება. ასეთი შედეგი აჩვენა გამოკითხვამ, რომელიც გაზეთმა "Ведомости"მ ჩაატარა.
გამოკითხვაში მოსახლეობის ეკონომიურად აქტიური ნაწილის 1000 წარმომადგენელი მონაწილეობდა. კითხვაზე – "მეორე სამშობლოს" რანგში რომელი სახელმწიფოა მათთვის მისაღები, რესპონდენტთა დიდი ნაწილის (73%) პასუხში, მკვლევართა თქმით, "არაპატრიოტული განწყობა" გამოიკვეთა.
როგორც ჩანს, ყველაზე მეტად რუსეთის მოქალაქეებს ავსტრალიაში ცხოვრების პერსპექტივა ხიბლავთ. რესპონდენტთა 7%-მა ის ყველაზე "ლამაზ, თბილ, მდიდარ და წყნარ" სახელმწიფოდ მოიხსენია. საშუალება რომ ჰქონდეს, რუსების 6% საცხოვრებლად გერმანიაში გადაბარგდებოდა, სადაც ადამიანები, მათი თქმით, "სოციალურად ყველაზე დაცულნი" არიან. ამდენივე პროცენტი ერგო იტალიას.
აშშ-ში ცხოვრება გამოკითხულთა 5%-მა ისურვა. 4-4 პროცენტი ხვდათ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, კანადა და შვეიცარია. აღსანიშნავია, რომ გამოკითხული რუსების ერთმა ნაწილმა, იამაიკის, არაბეთის ემირატების, ისლანდიისა და სხვა ეგზოტიკური ქვეყნების გვერდით, საცხოვრებლად მისაღებ სახელმწიფოდ საქართველო დაასახელა.
გამოკითხვის თანახმად, რუსების მხოლოდ 23%-ს არ სურს საზღვარგარეთ ცხოვრება და მიუხედავად უამრავი პრობლემისა, სამშობლოში დარჩენა ურჩევნია.
ამ შედეგებს რუსეთში მრავალი ეჭვის თვალით უყურებს, რადგან ის მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა მსგავსი საზოგადოებრივი კვლევების შედეგებისგან.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.