პოლონეთის პროკურატურა შარშან თებერვალში დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს ბრალს შპიონაჟში დებს. ვარშავის მთავარი პროკურორის თქმით, ეჭვმიტანილი, რომლის ვინაობაც გასაიდუმლოებულია და მხოლოდ ინიციალებით T.J. მოიხსენიებენ, სამხედრო სფეროში დაზვერვით სამუშაოებს პოლონეთის წინააღმდეგ მრავალი წლის განმავლობაში ახორციელებდა.
გავლენიანი პოლონური გამოცემა Gazeta Wyborcza იუწყება, რომ ეჭვმიტანილს ტადეუში ჰქვია და თუკი მას დანაშაული დაუმტკიცდა, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
"ტადეუში" პოლონეთის უშიშროების სააგენტოს წარმომადგენლებმა წელიწადნახევრის წინ დააკავეს, თუმცა ინფორმაცია პრესით მხოლოდ 2010 წლის იანვარში გაცხადდა. სპეცსამსახურების თანამშრომლები, რომლებიც სავარაუდო ჯაშუშზე მუშაობდნენ, თავის დროზე პოლონეთის აწგარდაცვლილმა პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ სახელმწიფო ჯილდოებით პირადად დააჯილდოვა.
გაზეთ Dziennik Gazeta Prawna-ის ცნობით, ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსი პოლონეთში 10 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, თავისუფლად საუბრობდა პოლონურად და სანადირო თოფების სამიზნეებით ვაჭრობდა. გამოცემის თანახმად, ის რუსეთის ГРУ-ის აგენტი იყო და მოსკოველ კურატორს, რუსეთის საელჩოს გვერდის ავლით, პირდაპირ უკავშირდებოდა. დაკავებისას მას კავშირის სპეციალური აპარატურაც აღმოუჩინეს.
გაზეთი მიიჩნევს, რომ პოლონეთში რუსის ჯაშუშის "ჩავარდნა" 2009 წლის აპრილში რუსეთის ГРУ-ს ხელმძღვანელის თანამდებობიდან არმიის გენერლის ვალენტინ კორაბელნიკოვის გათავისუფლების მიზეზი გახდა.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.