ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელისუფლების მუშაობა გააკრიტიკა და მას გადაყენებით დაემუქრა. პრეზიდენტის განსაკუთრებული უკმაყოფილების მიზეზი პრემიერი სერგეი სიდორსკი აღმოჩნდა - ლუკაშენკო პრემიერს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს.
პრემიერის გადაყენებას შესაძლოა პოლიტიკური ქვეტექსტი ჰქონდეს - ოპოზიციურმა ძალებმა სიდორსკის მხარდაჭერისთვის მზადყოფნა უკვე გამოთქვეს, თუკი ეს უკანასკნელი 2011 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს.
ბელორუსის მთავრობის სხდომაზე, სადაც მომავალი წლის ბიუჯეტი და ფულად-საკრედიტო საკითხები განიხილებოდა, ლუკაშენკოს გაცხარება სიდორსკის წინადადებამ გამოიწვია, რომელიც ”ავტოპრომის” დაწესებულებებისთვის კრედიტის დაფარვის გადავადებას ეხებოდა.
"მე ვარ პოლიტიკოსი და ხალხზე მე უნდა ვიფიქრო, ხოლო თქვენ - ეკონომიკაზე და ფინანსებზე. ეს თქვენ, ფინანსთა მინისტრთან ერთად უნდა მოდიოდეთ ჩემთან და იბრძოდეთ თითოეული რუბლისთვის, თითოეული კაპიკისთვის, ხოლო ხალხის ბედზე მე უნდა ვზრუნავდე. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება, რომელიც დღეს წინადადებებით მომმართავს, 1 იანვრიდან მუშაობას აღარ ფიქრობს", - განაცხადა ლუკაშენკომ.
ექსპერტთა აზრით, ლუკაშენკო არჩევნების წინ გუნდის გადახალისებას აპირებს, რისი მიზეზიც კრემლისგან მომდინარე საფრთხეა. ამის ფონზე ბელორუს ლიდერს განსაკუთრებით სიდორსკი აშფოთებს, რომელსაც, ზოგიერთი ცნობით, მოსკოვი ლუკაშენკოს შემცვლელად მოიაზრებს.
მომზადებულია "Независимая газета"-ს მიხედვით.