რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის გააქტიურებამ კრემლს პიარ-ტაქტიკის შეცვლა აიძულა, რათა პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი სახელისუფლებო ტანდემის მეორეხარისხოვან ფიგურად არ გამოჩნდეს. სახელმწიფოს მეთაური ყურადღებას ახლა ხმამაღალი სისტემური ინიციატივებით იპყრობს. ექსპერტები კი პუტინისა და მედვედევის ბოლოდროინდელ ქმედებებს წინასაარჩევნო კამპანიის ეტაპად განიხილავენ.
ბოლო დროს პუტინი ექსტრავაგანტულობით გამოირჩა, რითაც ქარიზმატული ავტორიტარული ლიდერის იმიჯს იქმნის. ამ კამპანიის დასაწყისად სახანძრო თვითმფრინავ-ამფიბიის Бе-200-ის მეორე პილოტის რანგში პრემიერის გამოჩენა სახელდება, როდესაც ის ხანძრებს აქრობდა. ამით პუტინმა გმირის მანტია მოირგო.
მისი მომდევნო გმირობა ზღვაში ვეშაპთან "შერკინებაა", როცა ის კვლევებისთვის ცხოველის კანის ნიმუშის მოპოვებას ცდილობდა. ბოლოს სამამულო Lada Kalina-ზე "ამხედრებულმა" პრემიერმა საზოგადოების ყურადღება ოთხდღიანი ავტორბოლით მიიპყრო, რომლის დროსაც რეკორდული რაოდენობის ინტერვიუების დარიგებაც მოასწრო.
მიიჩნევა, რომ პრემიერი ამ ნაბიჯებით ცდილობს, ყველას დაუმტკიცოს, რომ სწორედ იგი ფლობს იმ საჭირო თვისებებს, რაც რუსეთზე, მის ხალხსა და ბუნებაზე ზრუნვას სჭირდება. რაც ყველაზე მთავარია, ამ სტრატეგიას წარმატება მოაქვს. რუსეთის გამაჩანაგებელი ხანძრების შემდეგ პრემიერმა არათუ არ დაკარგა ამომრჩეველთა მხარდაჭერა, არამედ განიმტკიცა კიდეც ის. კომპანია Gallup-ის მონაცემებით, თუ ივნისში პუტინის რეიტინგი 74%-ს შეადგენდა, აგვისტოში ის 78%-მდე გაიზარდა. გამოკითხვების თანახმად, მედვედევისადმი კეთილგანწყობას რუს ამომრჩეველთა 73% გამოხატავს.
ამრიგად, ნათელი ხდება, რომ პრეზიდენტს გაპიარება სასწრაფოდ სჭირდება, თუმცა ამის გაკეთება ისეთივე გამომწვევი მეთოდებით, როგორიც მაგალითად, მოტოციკლისტთა კოლონის სათავეში ტრაიკით ჩადგომაა, მედვედევს არ მოუხდება. მის იმიჯმეიკერებს მოსახლეობის საამებლად განსხვავებული, რუტინული სისტემური სამუშაოების ჩატარება მოუწევთ.
კრემლის განსხვავებული სტრატეგია მყვირალა სისტემური ინიციატივებით უკვე დღეიდან გამოსვლას გულისხმობს. არჩევნების წინ მედვედევის მთავარი დაპირება, მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში სწორედ მათი რეალიზება იქნება.
"საჭორია სწორად დაიგეგმოს ამ ინიციატივების საზოგადოებისთვის ლამაზად მიწოდების საშუალებები", - აცხადებს კრემლის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც მიიჩნევს, რომ არჩევნებში წარმატების საიდუმლო სწორედ ამაშია.
ამ პიარ-ხაზის განხორციელება უკვე დაწყებულია. როგორც კი პრემიერის გააქტიურების ფონზე პრეზიდენტის რეიტინგმა კლება იწყო, მედვედევი მაშინვე მილიციისთვის სახელის შეცვლის და "პოლიციის" დარქმევის ინიციატივით გამოვიდა. პრეზიდენტის მეორე მსგავსი ინიციატივა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა იყო, რომელიც პუტინის ავტორბოლის საპასუხო ნაბიჯია.
არადა, 2009 წელს პუტინმა განაცხადა, რომ ის და მედვედევი 2012 წლის არჩევნებისთვის მოქმედებების გეგმებს შეათანხმებენ...
მომზადებულია ng.ru-ს მიხედვით.