ოპოზიციის არასანქცირებული შეკრების ”აქცია 31”-ის დროს, რომლის მიზანი მოსკოვსა და პეტერბურგში სიტყვის თავისუფლების კონსტიტუციური უფლების დაცვა იყო, ოფიციალური მონაცემებით, სამართალდამცველებმა 160 ადამიანი დააკავეს.
აქციის დამთავრებიდან რამდენიმე საათის შემდეგ მოსკოვის შინაგან საქმეთა მთავარმა სამმართველომ ცნობა გაავრცელა, რომლის თანახმად, ტრიუმფალურ მოედანზე დაკავებულებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო პროტოკოლები შეუდგინეს და შემდეგ გაათავისუფლეს. უახლოეს დღეებში ისინი სასამართლოში უნდა გამოცხადდნენ.
აქციის მსვლელობისას მილიციელებმა ტრიუმფალური მოედანი, მათ შორის - მეტროსადგურ "მაიაკოვსკის" ჩასასვლელი "ცოცხალი კედლით" გადაკეტეს და გასავლელად მხოლოდ ვიწრო კორიდორი - მიწისქვეშა გადასასვლელი დატოვეს. შედეგად ოპოზიციონერები, ადამიანის უფლებათა დამცველები, ჟურნალისტები და რიგითი მოქალაქეები პატარა ტერიტორიაზე მომწყვდეულნი აღმოჩნდნენ. ძალოვანთა ცნობით, აქციაში 400-მდე ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის 300 ჟურნალისტი იყო. სამართალდამცველებმა აქციაზე ოპოზიციის 70 აქტივისტი დააკავეს.
სამშაბათს რუსული ოპოზიციის სოლიდარობის პიკეტები დასავლეთის რამდენიმე ქვეყანაში, რუსეთის საელჩოებთან გაიმართა. ლონდონში გამართულ აქციაში დისიდენტი ვლადიმერ ბუკოვსკი, ოლიგარქი ბორის ბერეზოვსკი და ძებნილი რუსი ბიზნესმენი ევგენი ჩივჩარკინიც მონაწილეობდნენ.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.