ეგვიპტის, იორდანიის, ისრაელისა და პალესტინის ავტონომიის ლიდერები აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას მიწვევით თეთრ სახლში ერთმანეთს ოფიციალურ სადილზე შეხვდნენ, იტყობინება BBC. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი პირისპირ ერთმანეთს პირველად ხვდებოდნენ. დღეს ისინი აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან ერთად მოლაპარაკებათა მაგიდას მიუსხდებიან. შეხვედრას ეგვიპტის პრეზიდენტი ხოსნი მუბარაქი და იორდანიის მეფე აბდალა მეორე დაესწრებიან.
თეთრი სახლის ჩრდილოეთ დარბაზში გამართულ ოფიციალურ სადილს "ახლოაღმოსავლეთის კვარტეტის" სპეციალური წარმომადგენელი ტონი ბლერი და ისრაელის, პალესტინის, ეგვიპტისა და იორდანიის დელეგაციის წევრებიც ესწრებოდნენ. მოვლენას უამრავი ჟურნალისტი აშუქებდა.
დარბაზში სამიტის ხუთი მონაწილის შესვლის შემდეგ აბასმა მაგიდასთან მჯდომ ნეთანიაჰუს პირველად გაუწოდა ხელი. ისრაელის ლიდერს ამ დროს არც ისე კეთილგანწყობილი გამომეტყველება ჰქონდა. თუმცა შემდეგ ის მაინც წამოდგა ფეხზე, რათა პალესტინის ლიდერს მისალმებოდა და ობამასთვის ხელი ჩამოერთვა.
როგორც ბარაკ ობამამ განაცხადა, მოლაპარაკებთა მიზანი, რომელიც 7 სექტემბერს უნდა დაიწყოს, ნათელია და პროცესის ყველა მონაწილესთვის საერთოა. ეს არის პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა, რომელიც მეზობელ ისრაელთან მშვიდობიან თანაარსებობას შეძლებს.
ეგვიპტის, იორდანიის, ისრაელისა და პალესტინის ლიდერებმაც ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის აუცილებლობის შესახებ ისაუბრეს, თუმცა ყოველმა მათგანმა ისეთ საკამათო საკითხებზე, როგორიცაა ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამშენებლო პროცესის გაყინვა, საუბარს თავი აარიდა.
მომზადებულია BBC-ის მიხედვით.