რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი აზერბაიჯანში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება, სადაც ორმხრივი თანამშრომლობისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხები, მათ შორის მთიანი ყარაბახის პრობლემა განიხილება. სავარაუდოდ, ბაქოში პრეზიდენტების საუბრის ერთ-ერთი თემა ირანის ბირთვული პროგრამაც იქნება.
შეხვედრის დროს სახელმწიფო საზღვარსა და მასზე გამავალ მდინარე სამურის წყლის რესურსების დაცვა-გამოყენებაზე სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებები გაფორმდება. ამრიგად, რუსეთი პირველი ქვეყანა გახდება, რომელთანაც აზერბაიჯანს სახელმწიფო საზღვარზე შეთანხმება გაფორმებული ექნება.
მედვედევის ვიზიტისას ასევე ორ ქვეყანას შორის ბუნებრივი რესურსების, ეკოლოგიის, საზღვრისპირა რეგიონალური თანამშრომლობისა და საინვესტიციო საკითხების განხილვა იგეგმება.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხსაც. კრემლში არ გამორიცხავენ, რომ ბაქოში განხილვის თემად, ამ ქვეყნის მეზობელი ირანის გარშემო შექმნილი ვითარებაც გახდეს.
დაზუსტებით იმის თქმა შეიძლება, რომ მედვედევი თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან სომხეთის ქალაქ გიუმრიში რუსული სამხედრო ბაზის არსებობის ვადების გახანგრძლივებაზე საუბარს არ აპირებს.
მომზადებულია vzgliad.ru-ს მიხედვით.