აშშ-ში შექმნილი ეკონომიკური სიტუაციის გამო ამომრჩევლის უკმაყოფილებით რესპუბლიკელებმა ისარგებლეს და კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე ორი თვით ადრე მეტოქე დემოკრატებთან შედარებით პოზიციები მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს.
როგორც ტელეკომპანია ABC-სა და გაზეთ Washington Post-ის გამოკითხვამ აჩვენა, არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ამომრჩეველთა 53% ხმას სწორედ რესპუბლიკელ კანდიდატებს მიაკუთვნებდა. დემოკრატებისადმი კეთილგანწყობას მხოლოდ 40% ამჟღავნებს. გამოკითხვის ორგანიზატორთა თქმით, პარტიებს შორის ამომრჩეველთა ხმების პროცენტულ გადანაწილებაში ასეთი თვალსაჩინო განსხვავება 1981 წლის შემდეგ არ ყოფილა.
დაახლოებით ამდაგვარი განსხვავება აჩვენა (48% და 36%) გამოკითხვამ, რომელიც კვლევითმა სამსახურმა Rasmussen Reports-მა წინა კვირას გამოაქვეყნა. მიმომხილველები ყურადღებას იმაზე ამახვილებენ, რომ რესპუბლიკელები დემოკრატებს მთელი წლის განმავლობაში სტაბილურად უსწრებენ წინ და მათი უპირატესობა არასდროს ჩამოდის 5%-იან ნიშნულზე დაბლა. არადა, ბარაკ ობამას გაპრეზიდენტების დროს მისი პარტია თავს 7%-იანი უპირატესობით იწონებდა.
დამკვირვებელთა თქმით, ეს გამოკითხვები ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური პრობლემებითა და პრეზიდენტის უუნარობით გამოწვეულ იმედგაცრუებას ასახავს. გამოკითხულთა 78% ღიად აცხადებს, რომ ფედერალური ხელისუფლების მუშაობით უკმაყოფილოა.
ობამას მხარს ძველებურად აღარ უჭერენ თვით მის მშობლიურ ილინოისის შტატშიც კი, სადაც თავის დროზე მას მხარი მოსახლეობის 62%-მა დაუჭირა. ახლა ამ შტატში დემოკრატებს მხოლოდ 51% ემხრობა.
2 ნოემბერს ამერიკელებს წარმომადგენლობით პალატის ყველა წევრის (435), 100-იდან 37 სენატორისა და 50-იდან 37 შტატის გუბერნატორის გადარჩევა უწევთ. ამჟამად დემოკრატები წარმომადგენლობით პალატაში უმრავლესობას შეადგენენ (77), სენატში კი 18 ადგილს ფლობენ.
მომზადებულია itar-tass.com-ის მიხედვით.