ავღანეთში ნატოს არმიის გენერალი დევიდ პეტრეუსი აცხადებს, რომ ყურანის კოცონზე დაწვის აქცია, რომლის განხორციელებასაც აშშ-ის ერთ-ერთი ქრისტიანული ეკლესია აპირებს, ვითარებას არა მარტო ქაბულში, არამედ მთელ მსოფლიოში კიდევ უფრო დაძაბავს.
ამ კვირაში ფლორიდელი პასტორი ტერი ჯონსი ყურანის რამდენიმე ეგზემპლარისგან კოცონის დანთებას აპირებს, რითაც 2001 წლის 11 სექტემბრის 9 წლისთავს აღნიშნავს. პეტრეუსის თქმით, შესაძლოა ჯონსის ქმედებამ ავღანეთში მომსახურე ამერიკელ ჯარისკაცებს საფრთხე შეუქმნას.
"ეს იმის გამეორებაა, რასაც თალიბები სჩადიან და შესაძლოა ცუდად მოგვიბრუნდეს. ჩვენ მუსულმანურ სამყაროსთან დიალოგს არა მხოლოდ ავღანეთში, არამედ მთელ მსოფლიოში ვახორციელებთ", - განაცხადა მან.
ასობით ავღანელი ქაბულის ქუჩებში პროტესტით უკვე გამოვიდა, რომელთა ლოზუნგები "გაუმარჯოს ისლამს!" და "სიკვდილი ამერიკას" იყო. ამასთან დაკავშირებით ავღანეთში აშშ-ის საელჩომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ყურანის კოცონზე დაწვასთან დაკავშირებით პასტორ ჯონსის გეგმები დაგმო.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.