აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პირველად აღიარა, რომ ნოემბერში კონგრესის შუალედურ არჩევნებში დემოკრატთა დამარცხებას მოელის. თუკი აქამდე ობამა ყველა გამოსვლაში თავდაჯერებულად აცხადებდა, რომ დემოკრატები რესპუბლიკელებს არჩევნებს მოუგებდნენ, ამჯერად შესაძლო მარცხს ურიგდება.
”ყველა კარგად ამჩნევს, რომ ამჟამინდელი ვითარება გამოსასწორებელია", - განაცხადა ობამამ ტელეკომპანია ABC-სთან ინტერვიუში.
ობამამ იქვე აღნიშნა, რომ მისი ამოცანა ხალხის დარწმუნებაა, რომ ვითარების გასაუმჯობესებლად ალტერნატივა არსებობს.
როგორც ტელეკომპანია ABC-სა და გაზეთ Washington Post-ის ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ამომრჩეველთა 53% ხმას სწორედ რესპუბლიკელ კანდიდატებს მისცემდა.
დემოკრატებისადმი კეთილგანწყობას გამოკითხულთა მხოლოდ 40% ამჟღავნებს. გამოკითხვის ორგანიზატორთა თქმით, პარტიებს შორის ამომრჩეველთა ხმების პროცენტულ გადანაწილებაში ასეთი თვალსაჩინო სხვაობა 1981 წლის შემდეგ არ ყოფილა.
მომზადებულია abc.go.com-ის მიხედვით.