ახმედ ზაკაევი პოლონეთიდან გაემგზავრა, თუმცა დაბრუნების პირობა დადო

ახმედ ზაკაევი პოლონეთიდან გაემგზავრა, თუმცა დაბრუნების პირობა დადო

ახმედ ზაკაევმა პოლონეთი 20 სექტემბერს დატოვა, მაგრამ უკან დაბრუნების პირობა დადო. მისი წარმომადგენლის თქმით, ზაკაევი ლონდონში პოლონური ვიზის გასაახლებლად გაემგზავრა. პოლონეთში ის, შესაძლოა, 21 სექტემბერს დაბრუნდეს, იტყობინება ИТАР-ТАСС-ი.

2003 წლიდან ზაკაევი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს, სადაც მან პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. ზაკაევი ვარშავაში ჩეჩნების კონგრეზე ჩავიდა, სადაც ის პოლონურმა პოლიციამ დააკავა.

ვარშავის საოლქო პროკურატურამ გადაწყვიტა, სასამართლოსთვის ზაკაევის 40 დღით დაპატიმრების თხოვნით მიემართა. დაცვის მხარე იმედოვნებდა, რომ სასამართლო იმ დღესვე გაიმართებოდა და ახმედ ზაკაევს გირაოთი გაათავისუფლებდნენ.

თუმცა, გირაო საჭირო არ გახდა. სასამართლომ გადაწყვეტილების არგუმენტად ის ფაქტი მოიყვანა, რომ ზაკაევს დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური თავშესაფარი აქვს, რაც მთელი ევროკავშირის ტერიტორიაზე ვრცელდება. ამდენად, სასამართლოს არანაირი პრევენციული ზომა - თავდები ან გირაო არ მოუთხოვია.

ახმედ ზაკაევი პოლონურმა პოლიციამ ვარშავაში 17 სექტემბერს იმ დროს დააკავა, როდესაც პროკურატურაში მიდიოდა. პოლონურმა მხარემ მანამდე გაავრცელა ცნობა, რომ ზაკაევის ძებნასა და დაკავებაზე ორდერია გაცემული. როგორც ზაკაევმა დაკავების დროს აღნიშნა, პროკურატურაში "ვითარების გასარკვევად" მიდიოდა.

ზაკაევის დაკავების შემდეგ, რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ექსტრადიციისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება და პოლონურ ენაზე თარგმნა დაიწყო. პროცესს თვალ-ყურს ადევნებდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

პოლონეთის პრემიერმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ზაკაევის საქმესთან დაკავშირებით პოლონეთი საკუთარი სახელმწიფო ინტერესებისა და სამართლიანობის პრინციპების შესაბამისად იმოქმედებდა და რუსეთის დაკვეთებს არ შეასრულებდა.

მომზადებულია itar-tass.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა